„ანრი ოხანაშვილის კომენტარებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეს და კობახიძე ერთამენთს აგულიანებენ. ესენი ხალხს იმასაც ეუბნებიან, „არ გიჭირთ, ბედნიერები ხართო". რა გიკვირთ ახლა ოხანაშვილი რომ სხვანაირად ხედავს, ვიდრე ჩვენი საზოგადოება თუ ვენეციის კომისია.
„ეს არაა ახალი. ეტყობა გამრუდებულ სარკეებში იყურებიან და ისე უყურებენ ცხოვრებას," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომელიც მან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას გააკეთა.
ჭიჭინაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკნა მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:
„ერთი რამ ვიცი, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ყველა მოსამართლე არ უნდა აირჩიოს და მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც დავინახე, არის ის, რომ ადამიანი, რომელსაც მოსამართლეობა სურს, არ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი - მას საკუთარ თავთან მიმართებაში შეუძლია ხმა არ მისცეს, მაგრამ რეალურად შეუძლია ნებისმიერი თავისი კონკურენტის დაბლოკვა. ამიტომაც, ეს ორი შენიშვნა საკმაოდ სერიოზულია, რაც უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს.
„ზოგადად, ისეთი რიტორიკა აქვთ, თითქოს მხოლოდ თვითონ საუბრობენ დედამიწის ჭეშმარიტებას, დანარჩენი ყველა რაღაცას იგონებს. ამათ ცხოვრება დაანახებს, რომ სხვაგან არის ჭეშმარიტება. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ამ ადამიანებისთვის ადგილი ნამდვილად არ იქნება," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისათვის, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა, რაზეც კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დასკვნა იმ მოლოდინს ასახავს, რაც „ქართულ ოცნებას" ჰქონდა.
„ოპოზიციას ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ მათ მოუწევთ ვენეციის კომისიის დასკვნას თვალი გაუსწორონ. ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა ძირითადი საკითხი დადებითად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გვაქვს რესეურსი ვიზრუნოთ თითოეულ მათგანზე," - განაცხადა ოხანაშვილმა.