„რეკომენდაცია, კარგი გაგებით, პოლიტიკურია და რადგან პოლიტიკურია, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ასახული, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს... მისი არგაზიარება ხელისუფლებისთვის მარცხიანი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ბოლო ხანებში ხელისუფლება ძალიან თამამად დგამს ხოლმე მარცხიან ნაბიჯებს, ვაჟკაცური გამომეტყველებით...
„ვშიშობ, რომ ამ კლანის გაძლიერებას „ოცნებისთვის“ აზრი აღარ ექნება, იმიტომ, რომ შეიძლება 2020 წელს „ოცნებამ“ ამ სიჯიუტის გამო ვერ მიიღოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც მათ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს და ჰქონდეთ მერე ეს გაძლიერებული კლანი,“ - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„რეზონანსი“: ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ უზენაეს სასამართლოში 28-ვე მოსამართლის დანიშვნა არ მოხდეს ამ მოწვევის პარლამენტში და მომდევნო მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია და ამიტომ კანონში ამას ვერ გაითვალისწინებენ. თუმცა თქვა, რომ დანარჩენი შენიშვნების უდიდეს ნაწილს გაიზიარებენ. „უდიდესის“ გათვალისწინება მოხსნის პოლარიზებას, რაც ამ კანონპროექტის გამო საზოგადოებაში არსებობს?
რამაზ საყვარელიძე: მაგალითად, ადამიანის სხეული მთლიანობაში ერთი მთელია, მაგრამ როცა ადამიანს იხსენებ, სახე გახსენდება, იმიტომ, რომ ადამიანში სახეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევეა ამ კანონპროექტშიც, სადაც პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რომ ინტერესთა კონფლიქტი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და მაგიტომ შეიტანა ვენეციის კომისიამაც ეს პუნქტი, რომ ის პარლამენტი, ვინც ამ კანონის შექმნითაა დაკავებული, იყოს სხვა და ვინც დანიშნავს მოსამართლეებს - იყოს სხვა, ვინც შემდეგ მოვა.
ამ საპარლამენტო უმრავლესობას ეკამათებიან იმაზე, თქვენ მფარველობით ამ მოსამართლეთა ჯგუფს და მისი შენარჩუნება-გაძლიერებისთვის გინდათ ეს კანონიო და თუ ისევ ეს უმრავლესობა დანიშნავს ამ მოსამართლეებს, მათდამი მიუღებლობა ხომ ისევ ძალაში დარჩება?! უმრავლესობის მიუღებლობა, უფრო თუ განვაზოგადებთ - „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკის მუხტი, არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად პოლიტიზირებული ეს საკითხია. ყველაზე მეტი ბრალდება ამ საკითხშია, რომ „ოცნების“ ეს წამყვანი ჯგუფი მფარველობს ამ თემას და თუ ეს დარჩება. „ქართული ოცნება“ ისევ მინუსებს დაიწერს ამ ნაბიჯით.
„რ“: ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პოლიტიკურ რეკომენდაციას ვერ გავითვალისწინებთო და ეს არგუმენტი მისაღებია?
რ.ს.: რა თქმა უნდა, რეკომენდაცია პოლიტიკურია და რადგან პოლიტიკურია, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ასახული, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს. სწორედ ვნებათაღელვის გამო არის სახიფათო მისი დატოვება. კარგი გაგებით პოლიტიკურია, გამართული პოლიტიკური სისტემისთვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„რ“: ამბობთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილში ისევ დარჩება განცდა და პროტესტი, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის შენარჩუნებას არ თმობს მმართველი ძალა. თავად თქვენთვისაც რჩება ეს განცდა და ეს კითხვები?
რ.ს.: თუ სხვა პუნქტები იქნება გათვალისწინებული, კანდიდატების შერჩევა იქნება გამჭირვალე და იქნება მსჯელობა, თითქოს რბილდება ეს მომენტი, მაგრამ არ იხსნება. საკვანძო მნიშვნელობისაა ეს პუნქტი, რომ პარლამენტის შემადგენლობა, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეების დანიშვნაზე, არ იყოს იგივე, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კანონზე. მეც რომ ასე არ მივიჩნევდე, ვერც შევამჩნევდი ვენეციის კომიიის რეკომენდაციების ან ნაწილს.
„რ“: ამ განცდას აძლიერებს თუ არა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას ინტერვიუში ძალიან დიდ დრო დაუთმო ჩვენთვის იმის ახსნას, რომ მურუსიძე სულაც არ არის ანტიგმირი...
რ.ს.: ჩემის აზრით, ძნელი წარმოსადგენია უფრო წამგებიანი სვლა, ვიდრე ეს ინტერვიუ იყო, იმ მდგომარეობაში მყოფი პარტიისთვის, როგორშიც ახლა „ქართული ოცნებაა“. წამგებიანობის ერთ-ერთი მომენტი გახლდათ მოსამართლეების და კონკრეტულად მურუსიძის თემა. მიჭირს იმის კომენტირება, რითი ხელმძღვანელობდა ამ შემთხვევაში ივანიშვილი, რა პოლიტიკური მოსაზრება იყო მისთვის ამ ინტერვიუში წამყვანი.
„რ“: მოსამართლეების დანიშვნის გადავადებაზე უარი და კლანის გაძლიერებაზე ასე ზრუნვა რას მოუტანს „ოცნებას“?
რ.ს.: კანონპროექტში პოლიტიკური რეკომენდაციის არგაზიარება ხელისუფლებისთვის მარცხიანი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ბოლო ხანებში ხელისუფლება ძალიან თამამად დგამს ხოლმე მარცხიან ნაბიჯებს, ვაჟკაცური გამომეტყველებით.
ვშიშობ, რომ ამ კლანის გაძლიერებას „ოცნებისთვის“ აზრი აღარ ექნება, იმიტომ, რომ შეიძლება 2020 წელს „ოცნებამ“ ამ სიჯიუტის გამო ვერ მიიღოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც მათ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს და ჰქონდეთ მერე ეს გაძლიერებული კლანი. მერე კლანი თვითონ „ქართულ ოცნებას“ ჩააგდებს ძალიან ცუდ დღეში. დიდი მორალური ღირებულებებით ეს კლანი, მოგეხსენებათ, არ გამორჩევა.