ელზა პაპოშვილი
16.04.2019

 მორიგი უბედური შემთხვევა სამშნებლო ნორმების დარღვევის გამო - ამჯერად შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, პანორამა თბილისის მშენებლობაზე მოხდა. სამი ახალგაზრდა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ორ ყრუ კედელს შორის ნახევარმეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ. უბედური შემთხვევის მიზეზი თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ნორმების დარღვევაა, რადგანაც მუშებს დამცავი და უსაფრთხოების ეკიპირება არ ჰქონდათ. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მუშების ასაკი 19-21 წელია.  ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი - ამტელში გადაიყვანეს. მათი მკურნალი ექიმის  ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ და მათ სხეულზე ვარდნის შედეგად დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ხოლო მესამე ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი. 

პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გოჩა გობაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შრომითი უსაფხოების წესები დაცული არ არის და ყველას, ვინც ამ მშენებლობაზე მუშაობს, სერიოზული საფთხე ემუქრება. გობაძე ამბობს, რომ დაშავებულები მეცხრე სართულის ფასადზე მუშაობდნენ და იქიდან გადმოვარდნენ. 

„მე „მალიარკის“ გაკეთებაზე შიგნით ვმუშაობ. არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. არც ეკიპირება გვაქვს და არც ჩაფხუტები, მკვლელები არიან, პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვეულებრივი  მკვლელები. 

„იძულებული ვართ, რომ მსგავს პირობებზე მუშაობას დავთანხმდეთ. ამ ქვეყანაში სამუშაო არსად არაა. დედა მყავს ინსულტით დაავადებული. წამლების ფულისთვის ვმუშაობ, სხვაგვარად დედა მომიკვდება“, - აცხადებს გოჩა გობაძე 

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ მათ ხმაურის და ნგრევის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კი სამი ახალგაზრდა მამაკაცი მიწაზე მშენებლობებს შორის ჩავარდნილი დახვდათ. მათი ინფორმაციით, მუშებს სპეციალური აღჭურვილობა არ ჰქონდათ. ეს ფაქტი  ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს, რომელიც „ფეისბუკის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ეტყობოდა კიდეც. დანარჩენ ორ მუშას რა სჭირდათ, არ ვიცით. ერთი თავს იტკიებდა და ამბობდა, რომ თავი ჰქონდა ძლიერად დარტყმული. ადგილზე მისვლას პოლიციაც კი ვერ ახერხებდა. არსებობდა საფრთხე, რომ სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლა მოხდებოდა. 

„დაშავებული მუშები ძლივს გამოიყვანეს. მათ არანაირი სპეცეკიპირება, არც ჩაფხუტები და არც სხვა დამცავი საშუალებები არ ჰქონდათ. ჩვეულებრივად ჩაცმული, ყოველდრიური ტანსაცმლით იყვნენ. ასე 30 წლამდე ახალგაზდებია რიან, რომლებიც ამ ობიექტზე რამდენიმე თვეა რაც მუშაობენ. 

„ერთი დიდი მოზვავების ხმა გავიგონეთ და მერე ვიღაც ყვიროდა - რაღაც ჩამოინგრა და იქ ბიჭები მოყვნენო. რა ვიცით, როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი ფაქტები. აქვე ვცხოვრობ და რამდენიმე თვეა სულ ასე უსაფრთხოების ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი. 

თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი რამდენიმე კვირის წინაც მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე 31 მარტს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს. 

„პირველადი დათვალიერებით, ზოგადად ობიექტზე ფიქსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა“, - ამის შესახებ მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. ჯერჯერობით უცნობია ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს. 

დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ, მართალია, მიღებულია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, სადაც  შრომის ინსპექციას უკვე ევალება შეამოწმოს სამუშაო ადგილზე, მაგრამ ფაქტია, ასეთი შემთხვევები მაინც ხდება. მათი თქმით, არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონში ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რამდენი უნდა იყოს კომპენსაცია უბედური შემთხვევის შემდეგ უკვე დაზარალებული ადამიანისთვის ან გარდაცვლილის ოჯახისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შრომის უფლებების შემოწმების მანდატიც დაემატოს შრომის ინსპექციას, გაიწეროს კომპენსაციების თემა და ყურადღება მიექცეს ნებართვების გაცემებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავის უბედური შემთხვევები მუდმივად გვექნება. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  2019 იანვარი-მარტის პერიოდში მშენებლობაზე 11 მუშა გარდაიცვალა და 3 დაშავდა. 

2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 40 ადამიანი, აქედან 16 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე  დაშავდა 37 ადამიანი, აქედან 17 იყო მშენებლობაზე. 

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა  გარდაცვალებულთა რიცხვი 2017 წელს 39-ს შეადგენდა, აქედან მშენებლობაზე - 17.  2017 წელს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 22 შემთხვევა მშენებლობაზე მოხდა. 

2016 წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 58 ადამიანი, აქედან 18 მშენებლობაზე, ამავე პერიოდში სამუშაო ადგილზე  დაშავდა 84 ადამიანი, აქედან 23 იყო მშენებლობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×