მარი გოცირიძე
17.04.2019

 "საქართველოს ბანკმა", ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები - ვებ-პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომლებსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე უკვე დაიწყო განაცხადების მიღება ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა SOCIALL IMPACT AWARD  2019-ზე. პროექტი "საქართველოს ბანკის", IMPACT HUB TBILISI-სა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. კონკურსი ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი იდეების განსახორციელებლად.

პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების სამთვიან ინკუბაციასა და social impact award-ის საერთაშორისო სამიტზე დასწრებას. ყველა, ვისაც აქვს სურვილი, მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, შეიმუშაოს და განახორციელოს იდეა, დაესწროს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვორქშოფებს, უნდა ეწვიოს პლატფორმას https://boe.ge/project/ spcialibpactaward შეავსოს მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და გახდეს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამის მონაწილე.

"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორ ხათუნა კაკაბაძის შეფასებით, პროექტი არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, დაისახონ მიზნები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და საბოლოოდ ბანკის დაფინანსებით განახორციელონ პროექტები.

"საქართველოს ბანკი", როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს განათლებას, აფინანსებს სამაგისტრო სტიპენდიებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, აფინანსებს ასევე მნიშვნელოვან პროექტებს განათლების მიმართულებით და თავადაც ქნის მათ. სრულიად ახალ ვებპლატფორმაზე კი, როგორც განათლების ბანკი, თავი მოვუყარეთ ყველა საჭირო ინფორმაციას მათთვის, ვისაც სურს განათლების მიღება და განვითარება.

მოხარული ვართ, რომ სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით ახალგაზრდები, ვისაც აქვთ იდეები და სურთ მათი განხორციელება, შეძლებენ განაცხადების შევსებას. ბანკი უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს და აფინანსებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც social impact-ია, რადგან ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისათვის, დაისახონ მიზნები, იდეები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განახორციელონ პროექტები", - განაცხადა ხათუნა კაკაბაძემ.

Impact hub Tbilisi-ის დამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემის საინტერესო გადაჭრის გზებს.

"Impact hub Tbilisi, "საქართველოს ბანკთან" ერთად მესამე წელია, მასპინძლობს social impact award-ს, მიზნად ისახავს ჩვენს საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემის საინტერესო გადაჭრის გზებს. ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მსხვილი სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის კუთხით. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებას სწორედ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს 18-დან 30 წლამდე. სასურველია, მათ სოციალური მეწარმეობის კუთხით კონკრეტული იდეები ჰქონდეთ.

პროგრამაში 3 წლის განმავლობაში ჩაერთო 500-მდე სტუდენტი, რაც, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია. მათგან გვყავდა 6 ფინალისტი გუნდი და ამდენივე საინტერესო სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემის საინტერესო გადაჭრის გზებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე.

გასულ წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა - ვუმასპინძლეთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვია 150-ზე მეტი ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით. გვინდა ვასწავლოთ სტუდენტებს, როგორ არის შესაძლებელი ბიზნესით გადაჭრა საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებს. გვინდა ახალგაზრდების გააქტიურება, რომ ისინი თავად ჩაერთონ სოციალური პრობლემების გადაჭრაში", - განაცხადა ქეთი ებანოიძემ.

პროექტ "გამო" აპლიკაციის თანაავტორი, სტარტაპერი კონსტანტინე ცაავა social impact award 2018-ის გამარჯვებულია.

"გამო" არის მობილური დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, იმგზავრონ როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, წინასწარ დაგეგმონ თავიანთი მგზავრობა და მინიმალური ინტერაქციით გადარიცხონ საწვავის ხარჯი.

"ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების მწვავე პრობლემა დგას. საცობები უკვე ყოველდღიური პრობლემა გახდა. იმ ფაქტმა, რომ მძღოლების უმეტესობა მარტო მგზავრობს თავისი მანქანით, გაგვიჩინა იდეა. ავტომანქანაში არსებული თავისუფალი ადგილები ზუსტად ის გამოუყენებელი რესურსია, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ამ პრობლემის ნაწილობრივ გადასაჭრელად. ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც მოგვცა მოტივაცია, დაგვეწყო მუშაობა "გამო"-ზე.

მომხმარებლები მინიმალური ინტერაქციით აფიქსირებენ მათთვის სასურველ მარშრუტებს, ჩვენი ალგორითმი კი პოულობს საუკეთესო თანხვედრებს, წინასწარ აწვდის ინფორმაციას თანამგზავრის, დაზოგილი თანხისა და მგავრობის სხვა დეტალების შესახებ. მომხმარებლები გადაწყვეტილებას შეთავაზებული ვარიანტებიდან იღებენ", - ამბობს კონსტანტინე ცაავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×