ხატია წილოსანი: "მწარმოებლები ვადის გადაწევას ითხოვენ, რაც ამ ეტაპზე სრულიად მიუღებელია"
მარი ჩიტაია
17.04.2019

 პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები არ გადავადდება, თუმცა ადგილობრივ მწარმოებლებს მთავრობა პროდუქციის ექსპორტში დაეხმარება. პარლამენტში უკვე აღიარეს, რომ რეგულაციები ნაჩქარევად არის მიიღებული და გადაწყვეტილება შეიძლება, გადაიხედოს. მიუხედავად ამისა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება და აქტიურად მიდის მუშაობა, რომ მწარმოებლებმა პროდუქციის რეალიზება ქვეყნის გარეთ შეძლონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანის განცხადებით, არ არის გამორიცხული, დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ იგი რეგულაციის გადავადებას არ შეეხება.

"პარლამენტში გაიმართა საკომიტეტო მოსმენა, რომელშიც მწარმოებლებთან ერთად ჩვენი სამინისტრო მონაწილეობდა. კონკრეტულ ცვლილებებსა და გადავადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მწარმოებლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ისინი არ არიან მზად, ვერ ასწრებენ, რომ რეგულაციების შესაბამისად გადაეწყონ, ამიტომ ვადის გადაწევა ითხოვეს, რაც ამ ეტაპზე სრულიად მიუღებელია. ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტით მოქმედი კანონის გადავადება არ ხდება. მაშინ უნდა განიხილებოდეს სხვა მექანიზმები, რაც უკავშირდება მოქმედი კანონმდებლობის შეჩერებას და შემდეგ უკვე ცვლილებების ასახვას, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას.

ჩვენი სამინისტრო საპარლამენტო კომიტეტებსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რათა მწარმოებლებმა შეძლონ საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკების ექსპორტზე გატანა, ადგილზე კი მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების მოხმარება არის დაშვებული და ეს მიდგომა არ შეიცვლება", - განუცხადა "რეზონანსს" წილოსანმა.

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, მისივე შეფასებით, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ამ პროცესში სხვადასხვა სტრუქტურა მონაწილეობს.

"წარმოების შემთხვევაში, მონიტორინგის განხორციელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური პასუხისმგებელია, რომ შემოვიდეს ქვეყანაში იმ სტანდარტის პარკი, რაც ტექნიკური რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

თბილისის მერია და ზედამხედველობის სამსახური მონიტორინგს რეალიზაციაზე უშუალოდ სავაჭრო ობიექტებში ახორციელებენ. ერთობლივად საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, რომ კომპეტენციებში მოხდეს კარგად გამიჯვნა, კონკრეტულად რომელი უწყება რა მიმართულებით განახორციელებს კონტროლს და ამაზეც გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

რეგულაციით გათვალისწინებულ პარკებს რამდენიმე კომპანია ადგილზეც აწარმოებს საცდელად, მაგრამ, ძირითადად, სტანდარტის შესაბამისი პარკი, რომელიც სარეალიზაციო ობიექტებში იყიდება, იმპორტულია", - ამბობს წილოსანი.

რაც შეეხება ლაბორატორიას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ის, იტალიის მთავრობის გრანტით, საქართველოში მაისის ბოლოს ამოქმედდება.

"ლაბორატორიული აღჭურვილობა გვექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია იმ მეთოდების აკრედიტაცია, რომლებითაც შემოწმება ხდება. შესაბამისად, ამას სჭირდება გარკვეული დრო. ვფიქრობთ, უმოკლეს ვადებში აკრედიტაციის გასვლასაც შევძლებთ, მაგრამ ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აქვს შესაძლებლობა, დაადგინოს, არის თუ არა პარკი პლასტიკის შემცველი, რადგან ბიოდეგრედირებადი და კომპოსტირებადი მთლიანად გამორიცხავს პლასტიკის შემადგენლობას.

თუკი გაჩნდება გონივრული ეჭვი და გამოვლინდება დარღვევა, პარტნიორ ქვეყნებთან გვაქვს შესაძლებლობა, გავაგზავნოთ ნიმუშები და მივიღოთ მათგან პასუხები, სანამ საქართველოში ლაბორატორია სრულად ამუშავდება", - განუცხადა "რეზონანსს" წილოსანმა.

როგორც ჩანს, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტს განსხვავებული პოზიცია აქვს. როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა კუჭავა აცხადებს, ცვლილებები მთავრობის დადგენილებით იქნა მიღებული და პარლამენტი თავის დროზე პროცესში არ იყო ჩართული.

"ჩვენ მოვუსმინეთ მწარმოებლებს და ასევე გვექნება შეხვედრები როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, იქნება ეს მთავრობის მისამართით თუ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

მე არ მინდა, დაუფიქრებლად და დაჩქარებულად მოხდეს კონკრეტული ინიციატივის შემოღება, მით უმეტეს, როცა მთავარია ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების მოძლიერება. არ უნდა მივიღოთ მოკლე დროში გაწერილი ისეთი გადაწყვეტილება, რომ მათ ხელი შეეშალოთ თავიანთ საქმიანობაში. თუ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გადაიარაღებისათვის საჭიროა დამატებითი ვადა, ჩემი აზრით, გონივრული იქნება, მათ გვერდში დავუდგეთ", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

კანონმდებლობის სისუსტეზე საუბრობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ბიოდეგრადირებული პარკები მასობრივად ფასიანია.

"პირველი აპრილიდან აიკრძალა პოლიეთილენის პარკების გამოყენება, რაც ბიოდეგრადირებადმა მასალამ ჩაანაცვლა. ეს არის სპეციალური მინარევი, რომელიც ერევა თვითონ პლასტმასის მასაში, საიდანაც ცელოფანი წარმოებს. ცხადია, ეს ასეთი სტანდარტით დამზადებული პარკი იქნება ფასიანი, რადგან თვითონ მინარევი საკმაოდ ძვირი ღირს. წესით, პირველი აპრილიდან უნდა მომხდარიყო პოლიეთილენის სრული ამოღება, მაგრამ კანონს ამოქმედება ცოტა უჭირს", - განაცხადა ჩხობაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×