თბილისში თავისუფალი სივრცეები სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ის ევროპული სტანდარტითაა დადგენილი. დედაქალაქში ეს კოეფიციენტი 4,7-5 კვ/მ-ია, ხოლო დასავლეთში - 15 კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე. მერია ნებისმიერი ფინანსური ტვირთისათვის მზადაა, რათა თავისუფალი სივრცეები გადაარჩინოს, ურბანისტები კი ამბობენ, რომ ევროპულ სტანდარტთან მიახლოება ქაოსური განაშენიანების გამო უკვე შეუძლებელია.
თბილისს 2007 წელს ტერიტორიები, მათ შორის გარშემო არსებული ტყე-პარკები შემოუერთეს. შედეგად გაიზარდა მწვანე და თავისუფალი ზონების კოეფიციენტი, თუმცა არ შეცვლილა მძიმე ვითარება, რომელიც მჭიდროდ ნაშენ უბნებში, ქალაქის ცენტრშია. გენგეგმის დამტკიცების შემდეგ კი, უკვე პრივატიზებულ ტერიტორებსაც თავისუფალი ზონის კოეფიციენტი შეეხო.
მიწის ზოგიერთ მესაკუთრეს, რომელიც თბილისში ფლობს ნაკვეთს, პრობლემები მას შემდეგ წარმოეშვა, რაც დედაქალაქის მერიამ და საკრებულომ, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, თბილისის გენერალური გეგმა დაამტკიცა.
მერია აპირებს, კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს და ე.წ. მიწის ბანკი შექმნას კონკრეტული პროექტებით, რომელსაც ადგილმონაცვლეობისათვის კერძო პირებსა თუ ბიზნესებს შესთავაზებს.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ურბანული სიკეთე, რაც დაგვრჩა და იმავდროულად დავიცვათ მესაკუთრეების ინტერესი. არ უნდა ავყვეთ იმ პროცესს, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა - "რადგანაც პრივატიზებულია მიწის ნაკვეთი, მაშინ ააშენონ" - ეს პრინციპი არ არის სწორი და ამით დავაზარალებთ ქალაქის ინტერესებს.
ჩვენ ვთქვით, რომ რა ფინანსური ტვირთიც არ უნდა იყოს თავისუფალი სივრცეების გადარჩენა, მუნიციპალიტეტი მზადაა, გაიღოს ეს ხარჯები მიწისა თუ ფულის სახით", - აცხადებს ვიცე-მერი.
ურბანისტები ამბობენ, რომ მთავარია, იმის გადარჩენა მოხერხდეს, რაც ჯერ კიდევ არ განაშენიანებულია. ლადო ვარდოსანიძის თქმით, სიტუაციის გამოსწორება და სტანდარტებთან მიახლოებაც კი უკვე შეუძლებელია.
"რასაკვირველია, ქალაქს აკლია თავისუფალი სივრცეები, მაგრამ არის სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსი. მთელ თბილისს თუ ავიღებთ, დღევანდელი ადმინისტრაციული საზღვრებით, რომელიც 2007 წელს გაფართოვდა, მდგომარეობა გვაქვს არაჩვეულებრივი, ლამის სტოკჰოლმს ვჯობნით. ეს იყო უდიდესი შეცდომა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გენგეგმის განვითარების შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს იმ მიმართულებით, რომ ქალაქის არა ზოგადად, არამედ განაშენიანებულ ნაწილში იყოს თავისუფალი ტერიტორიები. სწორედ იქ უნდა გაითვალოს საბალანსო მონაცემები.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კარგია, რომ ჩვენი მოსახლეობა ურბანულად სულ უფრო კვალიფიციური ხდება და ხშირად ქალაქის ხელმძღვანელობას ასწრებს ამ კუთხით.
საერთოდ, სტატისტიკა ისეთი რამ გახლავთ, ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამ. ფაქტია, მდგომარეობაა მძიმე. პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გამოსწორება, რაც თბილისს სხვადასხვა მთავრობამ დამართა.
წარმოუდგენელია საჭირო რაოდენობის თავისუფალი და დამატებითი სარეკრეაციო სივრცეების გაჩენა, თუმცა რისი გადარჩენაც შეიძლება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რაც გვაქვს ამ მოცემულობაში, საუკეთესო ვარიანტი რომ გამოდნეს", - აცხადებს "რეზონანსთან" ვარდოსანიძე.
ახალი გენერალური გეგმით ზოგიერთ ადგილს დედაქალაქში ზონირება შეეცვალა, შესაბამისად, იქ, სადაც მშენებლობა დაშვებული იყო, გენგეგმამ აკრძალა და პირიქით - სარეკრეაციო სივრცე სამშენებლოდ იქცა. აქედან გამომდინარე, გამოჩდნენ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორ მერაბ ბოლქვაძის თქმით, თბილისში ევროპულ სტანდართან შედარებით თავისუფალი სივრცის ოდენობა სამჯერ ნაკლებია.
"თავისუფალი სივრცე - აქ უპირველასად იგულისხმება განაშენიანებისაგან თავისუფალი ტერიტორიები და სარეკრეაციო ზონები. თუკი ქალაქის ცენტრს ავიღებთ, იქ თავისუფალი ტერიტორიების კოეფიციენტი ძალიან დაბალია - 4.7-დან 5-მდეა კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე მაშინ, როცა ევროპული სტანდატით 15 კვ/მ-ია.
დეტალურად არ ვიცი, როგორ მიდის გამოსყიდვის პროცესი, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ მერიამ უკვე დაიწყო. ეს მოხდა როგორც კუს ტბის ასახვევის, სასტუმრო "ბუდაპეშტის" და კუს ტბის ასახვევის ტერიტორიებზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ეს არის აუცილებელი, რადგან აკლია თბილისს საჯარო რეკრეაციული არეალები. უბნების მიხედვით გამიჭირდება საუბარი, თუმცა ზოგადი მაჩვენებელი ძალიან ცუდია, ევროპული სტანდარტის მესამედი.
მიწათსარგებლობის გეგმის ფარგლებში ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია ე.წ. ბრაუნფილდების - გაჩერებული საწარმოების ადგილზე საჯარო რეკრეაციული ტერიტორიების განვითარების თაობაზე, რისი რესურსიც ნამდვილად არსებობს.
ასეთი პრეცედენტები არსებობს ევროპაშიც, მაგალითად, ლისაბონში. ის, რაშიც ქალაქი იხდის ფულს, რეალურად მოსახლეობის თანხაა. მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს გამოსყიდვის ადგილები და ისინი არსებობდეს მჭიდროდ განაშენიანებულ არეალებთან ახლოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გენგემის ჯგუფის ხელმძღვანელმა