მარიამ ბოლქვაძე
17.04.2019

 ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის გამო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დავა და ერთგვარი დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ამის ბოლო გამოვლინება იყო 14 აპრილის აქცია კულტურის ყოფილ სამინისტროსთან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა პარაკლისი გადაიხადეს და პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის სახელზე პეტიცია შეადგინეს. ისინი ეროვნული მუზეუმიდან ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას ითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ვინც ანჩისხატის ეკლესიისათვის დაბრუნების ითხოვს, ზაზა ნანობაშვილი აცხადებს, რომ სახელწიფო ამ პროცესს მიზანმიმართულად, ფინანსური მოგების მიღების მიზნით წელავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ეკლესიის რესტავრაცია და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, ხატის ტაძარში გადაბრძანება შეუძლებელი იქნება. შეკითხვაზე, თუ დაახლოებით როდის მორჩება რესტავრაცია, ანთიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. ამაზე "რეზონანსს" მხოლოდ ის განუცხადა, რომ ტაძრის იატაკზე სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

"ჩვენ პეტიცია შევადგინეთ, კულტურის სამინისტროს მოვუწოდეთ, რომ ეს პროექტი დაწყებულია, თანხის ნახევარი დახარჯულია, სახატე ვიტრინა გერმანიაში მზადდება, მათივე რეკომენდაციით, ტაძარში სიგნალიზაცია დავაყენეთ", - განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამ საკითხზე ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.

"ეს კაცი ყოველ შეხვედრაზე გვპირდებოდა - "ჩვენგან პრობლემა არ არის, მთავარია, ხატის დაცვის პირობები მზად იყოსო". შევთანხმდით, რომ ამ პირობებს ჩვენ საკუთარი სახსრებით შევქმნიდით. გერმანიიდან მზა პროექტი ჩამოვიტანეთ და ამ ყველაფრის შემდეგ, ბიუროკრატიული წესებით, დროს წელავენ. შეიძლება ფიქრობენ, რომ ასე დამფინანსებლებს დააფრთხობენ და ბოლოს და ბოლოს პროექტი შეჩერდება.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელმა განმიცხადა, სახატის პროექტის სპეციალისტიც კი არ გვყავსო. ვუთხარი, გერმანელ სპეციალისტებს მოვიწვევ და ყველაფერს თავად აგიხსნიან-მეთქი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უმაღლესი დონის სტანდარტების მიხედვით გაკეთდა", - განაცხადა ნანობაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეკლესიაში ამჟამად მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ხატის ეკლესიისათვის გადაცემის გადავადების მიზეზი გახდა, ასევე დარღვევით მიმდინარეობს და თავად კულტურის სამინისტროს ძველ დასკვნას ეწინააღმდეგება.

"მე მათ 2015 წლის ოქმი წარვუდგინე, რომელშიც ნათქვამია, რომ იატაკის გათხრა არ შეიძლება, რადგანაც ეს უკანასკნელი ავთენტიკურია; ისინი საკუთარ დასკვნას ეწინააღმდეგებიან. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხატის დაბრუნება არ სურთ და სხვადასხვა მიზეზს ეძებენ, მაგრამ ჩვენ ეს ტყუილები აღარ გვაინტერესებს.

"სახელმწიფოს ეშინია, რომ მისი დაბრუნების შემდეგ, ეკლესია სხვა ხატსაც მოითხოვს და, შესაბამისად, ფინანსური მოგება, რომელსაც ტურისტებისაგან იღებს, მოაკლდება. კონკორდატის მიხედვით, ანჩისხატის ხელთუქმენილი ხატი ეკლესიას ეკუთვნის", - აცხადებს ნანობაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ხატის გადაბრძანება მხოლოდ ეკლესიის რესტავრაციის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

"დღეს ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგანაც საჭიროა არქეოლოგიური დათვალიერება, კედლის კონსერვაცია. ამის შემდეგ გადავინაცვლებთ იატაკზე. რესტავრაციის სრული დასრულების შემდეგ, ხატის გადაბრძანება შესაძლებელი გახდება. ამისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი, რითიც კეთდება სკანერ-ფასადისა და შიდა ნაწილის კონსერვაცია.

"მომავალ წელს იატაკის შეკეთებას ვგეგმავთ. ეს ყველაფერი ერთიანად ვერ მოხერხდება, ერთმანეთს ხელს შეუშლის. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ აქ რამე ხელოვნურად იწელება. უბრალოდ, დრო და მოცდაა საჭირო", - აცხადებს ანთაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×