თამარ შუკვანი
17.04.2019

 აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ სექტემბერს შესაძლოა პოლონეთში ჩავიდეს და ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე აშშ-ს სამხედრო ბაზების ახალი გაფართოება გამოაცხადოს.

„არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებას ექნება ადგილი, პოლონეთი ამ კონფლიქტისთვის მზად იქნება.

მანამდე კი, ივნისის თვეში, თავად ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას თეთრ სახლში უმასპინძლებს, სადაც საუბრის მთავარი თემა სწორედ პოლონეთში ამერიკული ბაზის გაფართოება იქნება. ამის შესახებ პოლონური Rzeczpospolita წერს.

„ვაშინგტონსა და ვარშავას შორის მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამერიკელებმა პოლონელ პარტნიორებს მიანიშნეს, რომ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში მიწვევას გეგმავს ივნისის შუა რიცხვებში, რათა პოლონეთში ამერიკული ბაზების გაფართოების ბოლო დეტალები გადაწყვიტონ," - აღნიშნავს გამოცემა.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლონური მხარე აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებას დიდი ხანია ითხოვს. მისი თქმით, პოლონეთი შესაძლო რისკებს ხედავს და მიზანს სწორედ ამ რისკების თავიდან არიდება წარმოადგენს.

„ამის სურვილი, პირველ რიგში, პოლონურ მხარეს აქვს, რომელიც ხვდება, რომ თუ სიტუაცია დაიძაბა და რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტი მოუწია, მისი ძალები, სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება.

"ამიტომ, პოლონელები დიდი ხანია ძალიან აქტიურად ითხოვენ, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდეს. საუბარია, რომ შესაძლოა დაახლოებით დივიზიის დონის იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

„დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ის ქვეყნები, ვისაც სურს ამერიკა დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს, კეთილი ინებონ და ამისთვის დაფინანსება გაიღოსო. გასაგებია, რომ ტრამპი ბიზნესმენია, მაგრამ ამერიკელების ინტერესშიც შედის, რომ თავიანთი სამხედრო პარიტეტი გააძლიერონ, იგივე ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვარზე, რომელიც უშუალოდ რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება.

„რეალობამ აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში ნატო-ს ძალიან გაუჭირდება საბრძოლო დანაყოფებისა და ჯავშანტექნიკის ოპერატიულად გადასროლა, თუნდაც გერმანიიდან პოლონეთმდე, მითუმეტეს კი, - ბალტიისპირეთის ალიანსის წევრ ქვეყნებამდე.

"ამიტომაც, მათ ურჩევნიათ, რომ ეს ტექნიკა იყოს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში ან პოლონეთში. ეს შეიძლება არ იყოს კლასიკური სამხედრო ბაზის სახის, მაგრამ სასწარფოდ ტექნიკის გადაზიდვა აღარ იქნება საჭირო," - აცხადებს ის.

ალადაშვილი რუსეთის მოსალოდნელ რეაქციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნატო-ს მხრიდან მსგავსი გააქტიურება პუტინის ქმედებებმა გამოიწვია, რაც ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის მიმართ განახორციელა.

„კალინინგრადის ოლქი, რომელიც რუსეთის ანკლავია, ჩრდილოაღმოსავლეთ ევროპაშია შეჭრილი და ის ისევეა, როგორც ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთს ყველაზე მეტად აქვს მილიტარიზებული, - იგივე ხდება კალინინგრადის ოლქშიც.

„მიძინებული ნატო ისევ პუტინის ქმედებებმა გააღვიძა, რომელიც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი, - უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, თორემ ნატო ასე აქტიური არ იყო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ჯერ კიდევ 2004 წელს ალიანსში წევრებად მიიღეს, მაგრამ აქამდე იქ არ იყო ალიანსის სამხედრო ძალა განთავსებული" - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×