თამარ შუკვანი
17.04.2019

 „დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები და უკვე დაწყებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც თანდათანობით კიდევ უფრო ღრმავდება, ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს. ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკური ტურბულენტობა, არამედ გეოპოლიტიკური „შეფერილობაც" არის, - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

ქართული პოლიტიკისთვის პოლარიზაცია ახალ თვისებას არ წარმოადგენს, თუმცა დღევანდელ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობაზე როგორია მისი გავლენა და სად შეიძლება ვეძიოთ გადაჭრის გზები, - ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიას და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

„სახელისუფლო სტრუქტურებში შექმნილმა ძლიერმა განხეთქილებამ, ჯერ ოპოზიციურ ბლოკში, - ყოფილ მმართველ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც ხუთ განშტოებად დაიყო, რაც მოსალოდნელი და პროგნოზირებადიც იყო, თვით „ნაციონალური მოძრაობა" გადახალისდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიის ქვეშ დარჩა. ასევე, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფება -„ევროპული საქართველო," „ახალი საქართველო" გიორგი ვაშაძის სახით და ზურაბ ჯაფარიძეს მეთაურობით „გირჩი" არის წარმოდგენილი.

„მათ განშტოებას უკვე „ქართული ოცნების" კოალიციიდან წასული „რესპუბლიკელები", „თავისუფალი დემოკრატები" და სხვა წვრილ-ფრაქციული სუბიექტები მიემატნენ. ამას მოჰყვა უშუალოდ „ქართული ოცნების" პარტიის დაშლის დაწყება და მას უფრო მეტად იდეოლოგიური შეფერილობა მიენიჭა. შედეგად, დაიწყო სრული ქაოსი.

„როგორც ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ნარჩენები, ასევე მმართველი პარტიის დაშლა, ნაკლებად წარმოდგენილი „პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ასევე პოლიტიკურ რყევებს განიცდის, - ანუ მთლიანად სახელისუფლებო აქტორები, რომლებიც ახლა უკვე ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტში, პარლამენტში არიან, სრულ სტაგნაციაშია და სწორედ ეს იწვევს დიდ პოლარიზაციას ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში," - აღნიშნავს მაისაია.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემაზე საუბრობს, რაც, მისი განცხადებით, ქვეყანაში რეალურად არსებობს.

მისი თქმით, ოპონენტების დამარცხების სურვილს, რასაც დღეს ადგილი აქვს, ხშირად საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები ეწირება.

„ეს პრობლემა საქართველოში მართლაც არსებობს - ეს ნიშნავს პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების მქონე ძალების შეურიგებელ ურთიერთობას, - არაცივილიზებულ, არადემოკრატიულ და არაკორექტულს, როდესაც ოპონენტის დამარცხების მიზანი აბსოლუტშია აყვანილი.

„ამას ხშირად საზოგადოების და სახელმწიფოს ობიექტური ინტერესები ეწირება და ეს მდგომარეობა საქართველოში ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში დაიწყო და მას შემდეგ მსგავსი ატმოსფეროს გარკვეული კონცენტრაცია პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არსებობს," - აცხადებს მენაღარიშვილი.

მაისაია რამდენიმე საკითხს ასახელებს, თუ სად არის გამოკვეთილი ეს პრობლემა და აღნიშნავს, რომ გამოსავალი პოლიტიკური კულტურის ამაღლებას წარმოადგენს.

„ამავე დროს, პოლარიზაცია უკვე მიმდინარეობს უშუალოდ საზოგადოებრივ დონეზეც, - მედიოკრატია და საზოგადოებრივი სექტორი. ამჟამად უკვე გამოიკვეთა იდეოლოგიური პოლარიზაცია, რომელიც პირობითად შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს: ლიბერტალიანული მიმდინარეობა, კონერვატიული მიმდინარეობა, ლიბერალური მიმდინარეობა, სოციალისტური მიმდინარეობა და ულტრა-ნაციონალისტური მიმდინარეობა.

„ასეთი პოლარიზაცია უკვე შეიქმნა მედიოკრატიულ საშუალებებში და გაჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი სეგმენტიზაცია, ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სატელევიზიო მედიაში.

„გამოსავალი არის მხოლოდ სიტუაციის ბუნებრივი ევოლუციურ დალაგებაში და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაში, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მენღარიშვილის აზრით, გამოსავალი პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის დაბალანსებაა. მისი თქმით, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა დღეს საკმაოდ აგრესიულ მეთოდს იყენებს ოპონენტთან მიმართებაში, რაც მიუღებელია.

„ერთადერთი ცივილიზებული გამოსავალი, ეს არის თვითონ საზოგადოებამ და პოლიტიკური ელიტების ხელმძღვანელობამ მოძებნონ გზა მსგავსი დაპირისპირების დაძლევისათვის, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ პოზიციები უნდა დათმოს. პოლიტიკური დისკუსია მწვავე ფორმითაც კი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა გასცილდეს იმ საზღვრებს, რომლის იქით სრული ურთიერთმიუღებლობა ისადგურებს-ხოლმე.

„ამას სჭირდება ავტორიტეტული საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ ინიცირება და როგორც წესი, ეს სწრაფად მოგვარებად პრობლემას არ წარმოადგენს. გადავხედოთ ჩვენ მედიას, - რა ფორმით, რა შინაარსით მიმდინარეობს ქვეყანაში დისკუსია სახელმწიფოს უპრინციპულეს საკითხებზე და დავინახავთ ამ სივრცეში რა ტერმინები, მიმართვის ფორმები და ურთიერთბრალდებები არსებობს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×