ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება. ამჯერად მწვავე კამათი პლენარულ სხდომაზე მოხდა, სადაც კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო „შენობით" მიმართვის გამო და უთხრა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით მიმართავდა. ამის შემდეგ კი ბესელია დაიმუქრა, რომ თუ კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან არ ჩამოაშორებენ, ის მისი პასუხისმგებლობის და გადაყენების საკითხს აუცილებლად დააყენებს.
„ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორემ შინაარსობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა,"- სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა ბესელიამ.
ბესელიამ კობახიძის შესაძლო გადაყენებაზე საუბარი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" რიგები დატოვა. მაშინ ბესელიამ განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა".
„მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. თუ დავიწყებ, ბოლომდეც მივიყვან. რასაც ვიწყებ, ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ,"- განაცხადა თებერვალში ბესელიამ.
ამჯერად კი ბესელიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე რეგლამენტს მუდმივად არღვევს და ის ამ დარღვევების საფუძველზე დააყენებს მისი გადაყენების საკითხს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციის ყველაზე მძიმე დარღვევაა, როცა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევ.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება. ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი. კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება,"- განაცხადა ბესელიამ.
ამჯერად ბესელიას გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია იმან, რომ კობახიძემ მას სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი გაუთიშა.
ბესელია ითხოვდა, რომ განსახილველად დაებრუნებითან მისი და კიდევ 12 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოსამართლეების არჩევის წესის შესახებ, რომელიც ორი კვირის წინ ჩააგდო „ოცნებამ" და ამ განცხადებისას კობახიძეს შენობით მიმართა.
„ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ცოტა ახლოს მოვიდე", - მიმართა ბესელიამ კობახიძეს.
ბესელიას განცხადების შემდეგ, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა და დეპუტატს მიმართა: „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას".
მიკროფონის გამორთვის შემდეგ ბესელია ავიდა ტრიბუნაზე, საიდანაც კობახიძეს სხდომა მიჰყავდა, იქაც მცირე პოლემიკა გაიმართა. ბესელია-კობახიძის დაპირისპირებიდან მალევე პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
შესაძლებელია თუ არა, ბესელიამ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს და კობახიძე პარლამენტის სპიკერობიდან გადააყენოს - კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე აცხადებს, რომ საკმარის 76 ხმის მოგროვებას ბესელია ვერ შეძლებს.
„ბესელიამ პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დასვას და არგუმენტად მოიყვანოს რეგლამენტის დარღვევის რაღაც ფაქტები, მაგრამ საკითხის დასმა არაფერს არ ნიშნავს, მას სჭირდება 76 დეპუტატის მხარდაჭერა, ვინც ჩათვლის, რომ დიახ, კობახიძემ დაარღვია რეგლამენტი და უნდა გადადგეს. ექნება კი მას მხარდაჭერა? ამაშია საქმე. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება კენჭისყრაზე უნდა დადგეს და მან რომ რაღაც დაარღვია, პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, სხვა ვერ დაადასტურებს,"- ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რაც ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რომ კობახიძე კონსტიტუციას არღვევს, ეს გამორიცხულია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე იმპიჩმენტს საერთოდ არ ექვემდებარება. მისი მხოლოდ გადარჩევაა შესაძლებელი, რასაც წყვეტს პარლამენტის 76 დეპუტატი.
მისივე თქმით, ბევრჯერ თქმულა, რომ კობახიძე „ოცნებაში" დარჩენილ დეპუტატების ნაწილსაც დიდად არ მოსწონს და ალბათ, დიდი სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს მის გადარჩევას, მაგრამ ამას მაინც ვერავინ გაბედავს, რადგან ეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა იქნება.
„ივანიშვილს მოსწონს? არ მგონია, რომ ივანიშვილი კობახიძეს დაუპირისპირდეს, ამ ეტაპზე მაინც არ სჭირდება ეს არაფერში და რატომ უნდა დაუპირისპირდეს? დღეს ეს არ მოხდება. ამიტომაც გამორიცხულია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ „ოცნების" ის დეპუტატები, ვისაც კობახიძე არ მოწონს და მის გადარჩევას დაუჭირონ მხარი. თუ ივანიშვილს მოუნდება, მაშინ, კი ბატონო, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ დღეს ეს ვერ მოხდება,"- ამბობს ძაბირაძე.