"საქართველოს ბანკის", ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.
"გალთ ენდ თაგარტმა" იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. სწორედ შედეგების პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც განიხილავდნენ კვლევაში ასახულ პრობლემატიკასა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ რეფორმებს.
"გვსურდა, ღიად გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებები, მათი მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, როგორია განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის, მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ "საქართველოს ბანკი" გასცემს 15-წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, შეღავათიანი პირობებით (მშენებლობის პერიოდს პლუს 6 თვე). ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელს არ სთხოვს ელ. ენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას," - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
როგორც "გალთ ენდ თაგარტის" უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახნაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არის განხილული დარგის საკვანძო საკითხები - ელექტროენერგიის მოხმარებისა და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში, ასევე, განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
"კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ყველა მნიშვნელოვანმა პირმა, ვინც ჩართულია ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაში. საინტერესო დისკუსია გაიმართა ეკონომიკის სამინისტროს, სემეკის, გენერაციის ობიექტებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტური შეფასება, თუ რას მოგვიტანს რეფორმა, რაზეც ბევრი სხვადასხვა ვერსია გამოიკვეთა. რაც მთავარია, პლატფორმა შეიკრა, ღიაობა გვაქვს და ყველა კითხვას პასუხი გაეცა. "გალტ ენდ თაგარტმა" წარმოადგინა პროგნოზი, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი. მთავარი აქცენტი სწორედ ბაზრის რეფორმაზე დაისვა. გაიშალა დაფინანსების საკითხები, რეფორმის წახალისების მექანიზმები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ სწორი ენერგეტიკული პოლიტიკით, თუ მოვლენები დადებითად განვითარდება, ჩვენ შეგვიძლია, დღევანდელი დადგმული სიმძლავრე გავასამმაგოთ. არის რისკები, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ტარიფები იქნება ბაზარზე და რა რეალობა გვექნება, ანუ ეკონომიკურად რა სიტუაციას შევთავაზებთ ბაზარს," - განაცხადა მარიამ ჩახნაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, როდესაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე მოუწევს.
"დერეგულირება ეტაპობრივად მოხდება, რაც ბაზრის მოთამაშეებს სიახლეებისადმი შეგუებისა და ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დავეხმარებით ყველა მომხმარებელს, რათა მათ გადალახონ პირველ ეტაპზე წარმოქმნილი გამოწვევები. ეს მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში, ინვესტიცია განახორციელონ. ცხადია, მნიშვნელოვანი სტიმულია იგი კერძო ინვესტორებისთვის, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის მეტი მოცულობის გაყიდვის იმედად ინვესტირება განახორციელონ საქართველოს გენერაციის ობიექტებში და საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროების განვითარებით ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გვაქვს ახალი მიდგომა და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არც ერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენ შორის დიალოგი მუდმივად იქნება," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ელექტროენერგეტიკის ბაზრის ახალ მოდელსა და მარეგულირებელი ინსტიტუტის როლზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ისაუბრა. კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების შესაბამისად დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის მასშტაბური ცვლილება.
"დღესდღეობით საქართველოში 80-ზე მეტი გენერაციის ობიექტია, აქედან ძველი რეგულირებული ჰესებია ენგური, ვარდნილჰესი, ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2, ვარციხე, ჟინვალი და "ენერგო-პრო ჯორჯიას" 5 ჰესი. ჯამში, 11 საშუალო და დიდი ჰესია მოქცეული რეგულირებაში, რაც ნიშნავს, რომ მათ ტარიფს მარეგულირებელი კომისია უდგენს. დერეგულირებაზე როცა ვსაუბრობთ, ითვალისწინებს ბაზრის გახსნას ანუ დიდი მომხმარებლები საბითუმო ბაზარზე უნდა გავიდნენ. თავისთავად ცხადია, ეს პროცესი ჰესების დერეგულირების პროცესსაც გამოიწვევს, რაც ხელს შეუწყობს საბითუმო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას. ეს არის კონფერენციის მიზანიც. ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად, ერთბაშად ბაზრის გახსნა არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და ამ მხრივ ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. პერსპექტივაში კომერციული მომხმარებლები იქნება შემდეგ ის ტალღა, რომელიც ბაზარზე გავა. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, როცა მარეგულირებელი კომისია არ დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფს და ფასს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება განსაზღვრავს. ეს მოდელი სატარიფო პოლიტიკას არსებითად შეცვლის. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია განვითარდეს ელექტროენერგიის როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზარზე. ერთი დღით ადრე ბაზრის დანერგვა მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ელექტროენერგიის მიწოდების, მოთხოვნის მაჩვენებლები ერთი დღით ადრე დააკორექტირონ და სპეციალური პლატფორმის საშუალებით ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, მომდევნო დღის საჭიროების შესაბამისად შეისყიდონ. შემდგომ ეტაპზე, ასევე, შესაძლებელია, განვითარდეს ე.წ. საათით ადრე ბაზარი და დაინერგოს საათობრივი ვაჭრობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ფინანსურ რისკებს," - აღნიშნა ირინა მილორავამ.
აღსანიშნავია, რომ, "გალტ ენდ თაგარტის" კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. როგორც კვლევაშია მითითებული, საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროდუქტების განხორციელებით საქართველო შეძლებს არამარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.
(ბიზნესპრესი)