საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობა სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების მომლოდინეა. მარტო მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა. თუკი დავეყრდნობით ინფორმაციას, რომ საქართველოში ერთ ოჯახში, საშუალოდ, 3,5 სული ცხოვრობს, გასაშუალებული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ თითქმის ყველა ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათგან 0,5 მლნ-მდე ადამიანი სოციალური შემწეობის მიმღებია.
სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე რომ არაფერი ვთქვათ, ყოველდღიურად ასობით ადამიანი სხვადასხვა სახის შემწეობას ითხოვს. როგორც ჩანს, მოსახლეობას სახელმწიფოს იმედად ყოფნა უკვე ჩვევაში გადაეზარდა, რასაც, ნებით თუ უნებლიეთ, ხელისუფლებაც ხელს უწყობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4 982 ადამიანით გაიზარდა. მარტში სახელმწიფოსგან შემწეობას 451 132 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 12,1%-ს შეადგენს. თებერვალში კი ფულადი დახმარების მიმღებთა რიცხვი 446 150-ს შეადგენდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რიცხვი თბილისშია, დედაქალაქში ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან 99 959 ადამიანი იღებს. მეორე ადგილზეა იმერეთი - 62 990 ადამიანი; ღარიბი მოსახლეობით სამეულში შედის სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც საარსებო შემწეობას 54 307 ადამიანი იღებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა კი 2019 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 6 424 ადამიანით გაიზარდა. თებერვალში ბაზაში რეგისტრირებული იყო 953 772 ადამიანი, მარტში კი - 960 196.
ეკონომისტი გივი მომცელიძე არ გამორიცხავს, რომ მარტში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა მოქალაქეების გულის მოსაგებად მიღებული გადაწყვეტილება იყოს. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახთა მდგომარეობა სათანადოდ უნდა გადამოწმდეს და გაიმიჯნოს, რეალურად, ვის ეკუთვის დახმარება და ვის - არა.
"დღეს ხალხი ითხოვს ყველაფერს, რისი დაფინანსებაც შესაძლებელია, წამლების თანხით დაწყებული, ყოველდღიური ხარჯის ჩათვლით, ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილებაც კი მოქალაქეებს დამოუკიდებლად უჭირთ. მთავრობაც სხვა ქვეყნების ხელის შემყურეა და საგარეო ვალებში ეფლობა. ამ პროცესის პარალელურად, ეკონომიკა ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიდის, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება.
გარდა ამისა, დასაფიქრებელია, სპეციალურად ხომ არ იზრდება ეს რიცხვი, რადგან არჩევნები ახლოვდება? პოლიტიკოსებისთვის სოციალური შემწეობა ხშირად პოპულისტური თემაა და არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე იყოს, თუმცა გადაჭრით ამ პრობლემის ვინმეზე დაბრალება უხერხულია.
ამ ადამიანების შეურაცხყოფად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ხალხი ცდილობს, რომ მუდმივად სახელმწიფოს ხელის შემყურე იყოს. ასე არ გამოვა, მთავრობა უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება. ამისთვის შეიძლება დამატებით გამოიყოს სოციალური აგენტები და ოჯახების მდგომარეობა სწორად აღიწეროს. არ მესმის, ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ 1 თვეში 5 ათასი ლარით გაზრდილიყო სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი.
პრობლემას მე უფრო მენტალიტეტში ვხედავ. როგორც წესი, საარჩევნო კამპანიებიც მუდმივად ამ ტიპის დაპირებებზეა ორიენტირებული. რატომღაც ხალხს ყველა ჰპირდება, რომ პენსია მოიმატებს, სოციალური დახმარება გადაიხედება, მეტ ადამიანს დაეხმარებიან და შემდეგ, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ადამიანები ამ პირობების შესრულებას ითხოვენ. მდგომარეობა წლიდან წლამდე მხოლოდ უარესობისკენ მიდის," - ამბობს "რეზონანსთან" მომცელიძე.
დახმარების მომლოდინე მოქალაქეების რაოდენობის ზრდის მიზეზად, გაჭირვებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ მომენტს მიიჩნევს ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე. ის ფიქრობს, რომ ხალხი სახელმწიფოს მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა და ეს განწყობა, ტრადიციულად, შემწეობის მიღების სურვილს უკავშირდება.
"საბჭოთა ეპოქაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაასაქმოს ადამიანი, მისცეს სამუშაო ადგილი, დაუწესოს გეგმა და სხვა. ახლაც სახელმწიფოს მოვალეობის არასწორად გაგებაშია პრობლემა. სხვადასხვა მთავრობის ბრალია, რომ გარკვეულწილად შეაჩვია ხალხი სოციალურ დახმარებებს, რაც უამრავ ადამიანს "დათვურ სამსახურს" უწევს. უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევა და საბოლოოდ განისაზღვროს, ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება, რა კრიტერიუმია ამისთვის საჭირო (ქულების მინიჭებას ეფექტი არა აქვს, რასაც ყველა ამჩნევს).
ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქე უარს ამბობს შეთავაზებულ დასაქმებაზე იმის შიშით, რომ სოციალური დახმარება მოეხსნება. ურჩევნიათ, სახელმწიფოს ხელის შემყურე იყვნენ და არ იმუშაონ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი გაუჩნდებათ. ეს არის ე.წ. მენტალობიდან გამომდინარე, მარტო გაჭირვებას არ უნდა დავაბრალოთ. ყველაფერს ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოს, იდეალურისგან შორს ვართ, ჰორიზონტზეც არ ჩანს ასეთი სიტუაცია, მაგრამ ადამიანებსაც მეტის გაკეთება შეუძლიათ, თუკი მოინდომებენ," - აცხადებს აროშიძე.
მისი თქმით, დღეს სოფლის მოსახლეობაც კი სოციალური შეწეობის იმედადაა, როცა ადამიანს სხვა თუ არაფერი, საკვების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
სჯობს, სხვა რამ მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან: გარანტირებული შრომის გარემოს შექმნა, ობიექტური სასამართლო სტრუქტურა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. სხვამხრივ თავად უნდა მიხედონ თავს. ბათუმი ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი "ოცნების ქალაქად" იწოდება, უამრავი ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობს და თავზე ჭერი ენგრევა. მათგან ბევრს სახლი აქვს სოფელში, მაგრამ შეგნებულად არ მიდის იქ და ხელგაშვერილი დახმარებას ითხოვს სახელმწიფოსგან. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს," - ამბობს პაატა აროშიძე.