რვა წლის შემდეგ სრულიად სხვაგვარად დანახული გირგვლიანის საქმე და ადვოკატ შალვა შავგულიძისკენ ხელის გაშვერა - სულ უფრო აქტიური ხდება კითხვა იმაზე - რა შეეძლო გაეკეთებინა ამ საქმეში ადვოკატ შავგულიძეს და რა არ გააკეთა. რა შეეძლო მოსამართლე ლევან მურუსიძეს და რა არ გააკეთა.
ამ თემაზე დისკუსია და ურთიერთბრალდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდების მთავარი ადრესატი გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე გახდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იგი გირგვლიანების წინააღმდეგ მოქმედებასა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა.
9 აპრილის სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილმა გაიმეორა იმხანად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძის არგუმენტი, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შავგულიძემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოს ნაცვლად, უზენაესში გაასაჩივრა და ამით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა მოსპო.
"მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს," - განაცხადა ივანიშვილმა.
რატომ არ გაასაჩივრა ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში, ამის შესახებ დეტალურად შალვა შავგულიძე განმარტავს.
ადვოკატი ამბობს, რომ, 2006 წელს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო, მოეთხოვა მსჯავრდებულის ქმედებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება დანაშაულში სხვა პირთა სამხილებლად. გირგვლიანების ოჯახს გამოძიების არაობიექტურად წარმართვაზე ჰქონდა პრეტენზია და ამტკიცებდა, რომ დანაშაულის სრული სურათი არ იყო აღდგენილი.
ამიტომაც მათ მხოლოდ ის შეეძლოთ, რომ მსჯავრდებულთათვის, არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტათი მძიმე სასჯელის დაკისრება მოეთხოვათ. ასეთ შემთხვევაში კი არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო მათ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და არც საკასაციო ინსტანციისა და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება აღარ ექნებოდათ.
"დაზარალებული ოჯახის ინტერესი იყო ყოველმხრივი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის სწორი კვალიფიკაციით ჩატარება, ასევე, იმ პირთა გამოვლენა, ვის მიმართაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა. ჩვენ ამ საქმის ჩიხში შეყვანის საშიშროება ავირიდეთ თავიდან.
"ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში არ გავასაჩივრებდით, მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი არსებობდა.
"თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა პროკურორი ან რომელიმე მსჯავრდებული, ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი - სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტანციაში (უზენაესი სასამართლო) - ბოლო ინსტანციაში ქვეყნის შიგნით გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასეც განვითარდა," - ამბობს შავგულიძე.
იმ შემთხვევაში, თუ არც პროკურორი და არც რომელიმე მსჯავრდებული არ გაასაჩივრებდა განაჩენს, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, თუმცა, როგორც შავგულიძე განმარტავს, დაზარალებულს მაინც რჩებოდა შესაძლებლობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ევროპული კონვენციის მე-13, მე-6 და მე-2 მუხლების (უფლება ეფექტურ ზომაზე, სამართლიანი სასამართლოსა და სიცოცხლის უფლება) დარღვევასთან დაკავშირებით მიემართა.
გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულებს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს - 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ოჯახმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. გირგვლიანის ოჯახი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვდა. ლევან მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინა და მათი არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა.
"მსხვერპლია სანდრო გირგვლიანი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ," - თქვა გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში და არც ის დაუმალავს, რომ დაინახა ხარვეზები სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომ ირღვეოდა მოკლული ახალგაზრდის ოჯახის უფლებები, თუმცა მიიჩნევს, რომ, კანონით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
"კი, ბატონო, მე არ მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა ან არ უნდა ჩამედინა. ეს საკამათო თემაა. მაგრამ ერთადერთი, რაშიც ვარ დარწმუნებული, ისაა, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო საქმე უზენაეს სასამართლოში ამოსული, პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომელიც მივიღე.
"სხვათა შორის, სამი წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, რომ ჩადგნენ ლევან მურუსიძის მდგომარეობაში და, შესაბამისად, დაწერონ გადაწყვეტილება და შევაფასოთ მერე."
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ის არავითარი მსხვერპლი არ არის:
"რეალურად, მე მოვხვდი ცუდ ადგილას ცუდ დროს. მერჩივნა, რომ ეს საქმე არ განმეხილა, მაგრამ მომიწია განხილვა, რის გამოც წლების განმავლობაში მიდის ჩემზე აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკა."
"რუსთავი 2"-ის წამყვანის - გიორგი გაბუნიას კითხვას, - სანდრო გირგვლიანის მსგავსი საქმის განხილვამ რომ მოუწიოს ახლა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მურუსიძემ უპასუხა, რომ იმავე გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს.
იურისტები აღნიშნავენ, რომ შავგულიძის ქმედება სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი იყო, ივანიშვილის განცხადება კი - რეალობის არასწორი ინტერპრეტაცია. მათი აზრით, ამ სტრატეგიამ გაამართლა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაც კარგად გამოჩნდა.
გირგვლიანის საქმის ადვოკატი სტარსბურგის სასამართლოში დავით ჯანდიერი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ შალვა შავგულიძის დისკრედიტაციის მცდელობაა.
"ლევან მურუსიძის როლიდან გამომდინარე ამ საქმეში და იქიდან გამომდინარე, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა და უნდა გაეკეთებინა, კანონის მიხედვით, კონსტიტუციის მიხედვით და არ გააკეთა, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საუბარი მის სიკეთეებზე და შალვა შავგულიძის დემონიზირება. გასაჩივრების საკითხის წამოწევა სპეკულაციაა. ამ საქმეს შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი არ დაჰკლებია და მივიღეთ ის შედეგი, რა შედეგსაც ველოდით თავიდანვე," - აცხადებს ჯანდიერი.