"ოცნება" უკან დახევას არ აპირებს და ფორსირებულად გეგმავს ყველასთვის სადავო კანონპროექტის მიღებას
ეკატერინე ბასილაია
18.04.2019

 მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტის განხილვაზე დიდი დაპირისპირება პიკს ხუთშაბათსა და პარასკევს მიაღწევს. ეს უკვე გარდაუვალია, რადგან "ოცნება" უკან დახევას არ აპირებს, ხუთშაბათ-პარასკევს ფორსირებულად გეგმავს ყველასთვის სადავო კანონპროექტის მეორე-მესამე მოსმენით მიღებას და არ აპირებს, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა კანონპროექტის განხილვის 2 კვირით გადადების თაობაზე, რათა ყველას ჰქონდეს საშუალება, შესწორებული ვარიანტი გააანალიზოს.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი გეგმავდნენ, ოთხშაბათს სასწრაფო წესით განეხილათ კანონპროექტი მეორე მოსმენით ისე, რომ შეცვლილი სახით წერილობითი ფორმით მზად არ იყო და არც ერთმა დეპუტატმა, მათ შორის არც "ოცნების" დეპუტატებმა, არ იცოდა მისი ჩასწორებული ვარიანტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რის გაზიარებს აპირებდა "ოცნება" და რისას - არა.

ირაკლი კობახიძემ სესიაზე დეპუტატებს უთხრა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სიტყვასიტყვით მოჰყვებოდა ჩასწორებული მუხლების შესახებ, რამაც უკმაყოფილება და მწვავე განცხადებები გამოიწვია არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ "ოცნების" ორმა დეპუტატმაც გამოთქვა მორიდებული შენიშვნა, რომ წაუკითხავი დოკუმენტის განხილვა არასწორი იყო და უმრავლესობას ცალკე უნდა ემსჯელა.

"ელემენტარულ რაღაცას გეუბნებით, რომ დაწერილი მინდა ვნახო დოკუმენტი, სანამ განვიხილავ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ, იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში. რას ნიშნავს, არ გადავდებთ. მეუბნებით, რომ მოვუსმინო ანრი ოხანაშვილის რაღაც მონათხრობს?!

"პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულ ადგილზე ჯდომას, რაღაც ინსტრუქციების მიღებას და აქ გატარებას. დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი," - ირაკლი კობახიძეს მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

განხილვის გადადება მოითხოვეს "ოცნების" დეპუტატებმაც, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნუკრი ქანთარიამ.

"ვინც იურისტები არ ვართ, ძნელია, სიტყვიერად მოვისმინოთ და გავიგოთ, იმ რეკომენდაციების შინაარსი რამდენად აისახა თუ არ აისახა კანონპროექტში. მე კენჭისყრამდე მინდა მქონდეს გარკვეული აღქმის საშუალება, განხილვის დროს მქონდეს სრული შესაძლებლობა, ვიცოდე, რა ფორმულირებით, როგორ შედის თითოეული რეკომენდაცია კანონში და შემდეგ დავიწყოთ განხილვა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ნუკრი ქანთარიამ კი უმრავლესობის ერთსაათიანი სხდომის ჩატარება ითხოვა.

"ყველას გვაქვს რაღაც კითხვები. ხომ არ სჯობს, 1 საათით გამოცხადდეს შესვენება და უმრავლესობის სხდომა ჩავატაროთ, სადაც თქვენს პოზიციას გვეტყვით," - თქვა ქანთარიამ.

გამოცხადდა შესვენება, ჩატარდა უმრავლესობის დახურული შეკრება, სადაც გადაწყდა, რომ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, ყველა დეპუტატს დაურიგდება ჩასწორებული კანონპროექტი და 2 საათი ექნებათ მის წასაკითხად, 12 საათიდან კი დაიწყება სესიაზე მისი განხილვა, ხოლო პარასკევს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ კიდეც.

ასევე, დაანონსდა, რომ მოსამართლეების კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, "ოცნების" ოფისში ისევ შეიკრიბება და ამ შეკრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 "ოცნების" ლიდერების განცხადებით, ისინი ითვალისწინებენ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ წერილობით იყოს წარმოდგენილი კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება ასახული, მაგრამ არ ითვალისწინებენ მეორე მოთხოვნას - განხილვის 2 კვირით გადადებას.

"ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გაითვალისწინებენ მხოლოდ 2-ს: მოსამართლეობის მსურველებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას და, ასევე, იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, თუკი ის მოსამართლეობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, ხმის მიცემაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რათა ამით ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს.

ამას გარდა, "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ისინი არ გაითვალისწინებენ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა მოსამართლეების მხოლოდ ნაწილი დააკომპლექტოს, მეორე ნაწილი კი მომდევნო პარლამენტმა დანიშნოს, რაც, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა უმეტესობის აზრით, მთავარი რეკომენდაციაა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია და არასამთავრობოები დაადანაშაულა ვენეციის კომისიისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელსაც მფარველობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საპარლამენტო უმრავლესობა, რამაც განაპირობა პოლიტიკური რეკომენდაცია, რომ იქნებ მომავალმა პარლამენტმა დაამტკიცოს მოსამართლეების ნაწილი და რადგან ეს პოლიტიკური ნაწილია, ამიტომ არ გაითვალისწინებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სრულად დაიმორჩილოს უზენაესი სასამართლო და ამიტომ კობახიძეს აქვს დავალებული, რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანოს პროცესი ბოლომდე. ოპოზიციას არა აქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" მთავარ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. მათი აზრით, მხოლოდ ფორმალური ცვლილება იქნება და არა - ძირეული.

"ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის მითითებას. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილების გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერავინ ამ ხელისუფლებაში," - განაცხდა "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მთავარი სურვილია, ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული მართლმსაჯულება და ოთხშაბათს სწორედ ამის დემონსტრირებას ახდენდა ირაკლი კობახიძე, როდესაც პროცედურების დარღვევით ცდილობდა მეორე მოსმენით დაუწერელი კანონპროექტის განხილვას, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია.

საბოლოდ, კანონპროექტის განხილვა განახლდება ხუთშაბათს 12 საათიდან. სესიაზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოუსმენენ სახალხო დამცველს. ოპოზიცია უკვე ემზადება მწვავე გამოსვლებისთვის.

ხუთშაბათს, 3 საათზე, მოსამართლეების კანონპროექტის წინააღმდეგ, ასევე, დაგეგმილია აქცია-მსვლელობა უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე, ინიციატორი "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკია. ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ "ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სრულად გაიზიაროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×