"ჩვენ 13 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ საქმეზე, პროკურატურა კი რატომღაც მაშინ დაინტერესდა, როდესაც მე და ჩემი მეგობრები უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებით გამოვედით.
"სწორედ მაშინ გახდა აქტიური და საინტერესო დამნაშავე გიორგი ცააძის ახირება. იგი ერთ-ერთია, რომელიც ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს," - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომელიც 17 აპრილს თბილისის პროკურატურაში ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაიკითხა.
ჯაბა ჯიშკარიანი დაკითხვაზე დაიბარეს სატელევიზიო ეთერში მისი განცხადების გამო - "ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელი გიგი დალაქიშვილი 2013 წელს შს ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა."
ჯაბა ჯიშკარიანი: 11 აპრილს, როდესაც ტელეკომპანია "პირველზე" გადაცემა "რეაქციაში" ქალბატონ ინგა გრიგოლიასთან ვიყავი, დალაქიშვილთან დაკავშირებით განვაცხადე, რომ გიგი დალაქიშვილი ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე და მკვლელი იყო, რომლის დანიშვნა და დაწინაურება ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსად 2013 წელს მოხდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ.
რაც შეეხება პროკურატურის კითხვებს, პირველი კითხვა იყო, რამდენი წელია, ვიცნობ იური ვაზაგაშვილს, რამდენად კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, სად გავიცანი - დეტალები აინტერესებდათ.
შემდეგი კითხვა იყო, საიდან მქონდა მე ეს ინფორმაცია კონკრეტულად გიგი დალაქიშვილთან დაკავშირებით. მათ ურჩევნიათ, ის ათასობით საქმე, რომელიც თაროებზე აქვთ შემოდებული, გამოიძიონ და გახსნან.
ეს არის მათი მხრიდან ჩვეულებრივი გზავნილი, გაწერილი სცენარი, რაც მათ დღეს ამ შემთხვევაში აქვთ. ეს პირდაპირი გამოწვევაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მივიღებ და შემდგომ განცხადებებში ვიქნები უფრო მომთხოვნი და რადიკალური.
ისინი ყოველდღიურად აღვიძებენ არა მარტო ჯაბა ჯიშკარიანში, არამედ ნებისმიერ ჩვენგანში, იმ პროტესტს, რომელიც წლების განმავლობაში სუფევდა. ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ, წაშალონ ის ისტორია, რომელიც არის ჩვენი ცხოვრება და თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია; რასაც ერქვა ქართველი ხალხის უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმის წარმომადგენლები კი დღესაც არიან ამ სისტემაში თუ ამ ხელისუფლებაში ნარჩენებად.
"რეზონანსი": გამოძიებასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
ჯ.ჯ: ველოდებით, რომ ისინი ამ საქმეებს ყურადღებით მოეკიდებიან და ყველა საქმეს აუცილებლად დაასრულებენ. ჩვენ ვრჩებით იმ რელსებზე, რა რელსებზც ვიდექით. თუ ჰგონიათ, რომ ვიღაცა მივატოვეთ ან დავტოვეთ, ძალიან ცდებიან. ეს ჩვენი ბრძოლა იყო, რომელიც ჩვენ დავიწყეთ; ამ პროცესს შემოუერთდა მთელი "ქართული ოცნება" თავისი ახალი თუ ძველი სახეებით. ჩვენ ვრჩებით ამ რელსებზე, ვიღაცებმა ამ რელსებიდან გადაუხვიეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებას მინდა შევეხო; კითხვაზე - სად იყო ის და რატომ არ ჰქონდა პოზიცია სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით, პასუხისას ეს მან ახსნა იმით, რომ მაშინ არ იყო ცნობადი სახე. არავინ არ ვყოფილვართ ცნობადი სახეები, თუმცა ყველამ მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადეთ, გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი.
მამუკა მდინარაძე კი არა, მთელი სამოქალაქო საზოგადოება რომ დაგვიპირისპირდეს, სიმართლე არის ერთი. გასაგებია, რომ მდინარაძე და "ქართული ოცნება" ცდილობენ, ეს ისტორია წაშალონ და ახლებურად, არარეალობით დაწერონ, მკითხველი, მსმენელი თუ მაყურებელი შეიყვანოს შეცდომაში. ყველამ ვიცით, ეს რასაც ემსახურება.
ისტორიის წაშლის მცდელობა, ვიცით, როგორც მთავრება - კრახით. "ქართული ოცნება" დროულად თუ არ მოეგება გონს, თავის მმართველობას ისიც კრახით დაასრულებს.