ელზა პაპოშვილი
18.04.2019

 პროტესტი ქუჩაში და პროტესტი პარლამენტში. ოპოზიცია და მესამე სექტორი მმართველ გუნდს ტყულში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ „ოცნება“ ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა პლაკატი გადმოფინეს წარწერით „კლანი უნდა წავიდეს“. 

ამის პარალელურად კი მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია - მსვლელობა გამართეს. პარლამენტთან კი ბლოკის წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

„ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა და მის ირგვლივ გაერთიანებულმა ადამიანებმა უღალატეს დაპირებას, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იქნებოდა.

მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა, ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ  ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.   

რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს, ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს, "ოცნება" უარს ამბობს გახადოს გამჭვირვალე მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კენჭისყრის შედეგები იყოს ღია. 

მმართველი გუნდი ასევე უარს ამბობს კანდიდატებს, რომლებიც არ დაეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე მიდის.  საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია დათანხმდა ვენეციის კომისიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს აღარ მოუწვეთ ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდა. მეორე, შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ კანდიდატს, რომელსაც  სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

თუმცა, პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ამ მოწვევის პარლამენტს არ დაეკომლექტებინა უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე და ნაწილი დაეტოვებინა სხვა მოწვევის პარლამენტისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენი მოსამართლე სჭირდება უზენაეს სასამართლოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რომლის მიხედვითაც ფარული კენჭისყრის გაუქმება უნდა მომხდარიყო.

ოპოზიცია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდი არ აპირებს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომისიის რეკომენდაციები გაიზიაროს. ოპოზიციის აზრით, „ქართული ოცნება“ დოკუმენტში იმას ჩაწერს, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა საკომიტეტო მოსმენაზე არ არის განხილული. მათი თქმით, სადავო კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება, რაც დაუშვებელია. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის სხდომაზე გარკვეულ დროს ითხოვდნენ, რათა ახალ პროექტს გაცნობოდნენ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ამისთვის მხოლოდ ერთი საათი მისცათ. 

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის არც ერთი რეკომენდაცია კანონპროექტში გათვალისწინებული არ არის. მისი თქმით, რაც შეეხება გამოცდებს, ის სიტყვათ წყობა, რომელიც „ოცნებამ“ შემოგვთავაზეთ  თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია ვიღაცებისთვის გამოიყენონ გამოცდები, ვიღაცებისთვის - არა.

„როგორ უნდა მოახერხონ,  რომ ჩამოიყვანონ  ვენეციის კომისია,  თავზე დაამხოთ  თავიდან ბოლომდე დასკვნა და მაინც არ გაიზიარონ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის ყველა წევრს ეს კითხვა აქვს, როგორ მოვახერხეთ ჩამოვიყვანეთ ვენეციის კომისია, სტანდარტი ავწიეთ და ამ კომისიამ ამოაყირავა მაგიდა, ის მაგიდა, სადაც კლანს ჰქონდა გამზადებული ბენეფიტები“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე კი აცხადებს, რომ  „ოცნება“  სამართალს ძალიან ცუდად ეთამაშება და საზოგადოებასაც ცუდად იწვევენ, რომლებიც უსამართლობას არასდროს ეგუებოდა და არც შეეგუება.  

„მოვუწოდებ „ოცნებას“, შეაჩერეთ  ამ მავნებლური კანონპროექტის განხილვა. მივიღოთ კანონი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მოსამართლეებად განწესდნენ ღირსეული კანდიდატები. საზოგადოება ითხოვს სამართალს და ეს მოთხოვნა არ შეწყდება მანამ, ვიდრე სამართალი არ იქნება", - აცხადებს  შალვა შავგულიძე. 

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კლანი დაიცვას, რადგანაც არაფერში გაუმართლდა გარდა ამ მოსამართლეებისა. მისი აზრით, ივანიშვილს პრემიერებში, პრეზიდენტებში და პარლამენტის ტავმჯდომარეებში შეეშალა, ერთდერთი კი რაშიც გაუვიდა ეს სასამართლო სისტემაა. 

„აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ბიძინას ვინმე  განსაკუთრებით შეუყვარდა, აქ საუბარია იმაზე, რომ ის ამ სისტემით სერიოზულ,  საკუთარი უსაფრთხოების ბასტიონს ააგებს. ეს სისტემა დღეს ერთადერთი ბასტიონია, სადაც ივანიშვილი თავს  კომფორტულად და კარგად გრძნობს. სამწუხაროდ მას ჰგონია, რომ ერთადერთი რაშიც გაუმართლა და წარმატებას მიაღწია, ეს სასამართლო სისტემაა. მას გაკვეთილი რაც უნდა მიეღი, რომ ერთპიროვნული მმართველობა მიუღებელია, პირიქით, ამ ვერტიკალს აძლიერებს.  ვენეციის კომისისსი დასკვნასთან დაკავშირებით, მორიგი სამარცვხინო სიტუაცია მივიღეთ.  

20108 წლის დეკემბრის ბოლო მონაცემებით, მოსამართლეების დანიშვნას რა პროცედურებით  აპირებდნენ? არანაირი. რომ არ ატეხილიყო ხმაური, მოსამართლეების დანიშვნა, გამოცდების და ყველანაირი კრიტერიუმების გარეშე აპირებდნენ. როდესაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბმჭომ კენჭისყრა ღია წესით ჩაატაროს, რატომ ითხოვს ამას, ხალხს  ხომ აინტერესებს.  როდესაც კონკურსია და კრიტერიუმებია დადგენილი, სხვას ეუბნებიან მაგალითად  კი და მე არას.  მე ხომ  უნდა მქონდეს შესაძლებლობა გავეცნო ვინ და რატომ მითხრა უარი და გავასაჩივრო, ვიდაო, რატომ მიტხრეს უარი“, - აცახდებს უსუფაშვილი. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამტკიცებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, სამუშაო დოკუმენტში უკვე აისახა, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს იზიარებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შენიშვნას „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება, მმართველი გუნდი მას მაინც იზიარებს, რადგან ის ვენეციის კომისიის მხრიდან არის შემოთავაზებული. 

მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოებას დაანახონ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი არაფრად ვარგა, რაც კილაძის შეფასებით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ყველა ისეთი შენიშვნა, რასაც ნაწილობრივ, ჩვენ არ ვეთანხმებით, მაინც იმიტომ, რომ ეს არის ვენეციის კომისიის დასკვნა, ვითვალისწინებთ. ოპოზიციის მიზანი არის მაქსიმალურად ამ პროცესის გაწელვა, რომ ქვეყანა იყოს მუდმივი არეულობის რეჟიმში, მუდმივი ვაიუშველებელის რეჟიმში,“- განაცხადა სოფო კილაძემ. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×