ბაგრატიონების ორი შტოს, გრუზინსკებსა და მუხრანელებს შორის დაპირისპირებაში ახალ-ახალი ბრალდებები ჩნდება. ჯერ დავა არარსებული სამეფო ტიტულების ვერ გაყოფაზე დაიწყო, რომელიც ახლა ცემისა და კადრებით შანტაჟის ბრალდებებში გადაიზარდა.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება, - აცხადებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
საპასუხოდ დავით მუხრანელის ადვოკატი ამბობს, რომ ეს მუქარა არ არის, ეს ბრალდებები და დამატებითი მტიცებულებებია.
ორივე მხარის ადვოკატებმა პრესკონფერენცია ხუთშაბათს დილით გამართეს, სადაც ახალი ურთიერთბრალდებები გაისმა.
ანა გრუზინსკის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ დავით მუხრანელი ბოლო ორი კვირაა ითხოვს მისმა ყოფილმა ცოლმა, ანა გრუზინსკიმ დავა შეწყვიტოს, უარის მიღების შემდეგ კი მუქარაზე გადავიდა.
„თუ ერთი კვირის განმავლობაში არ შევწყვეტდით ყველა დავას, გაასაჯაროვებდა კომპრომატს ანას წინააღმდეგ. დავით ბაგრატიონის თქმით, მას აქვს მტკიცებულება ანას მიერ შვილის, გიორგის ცემის. მსგავსი რამ რეალურად არ არსებობს და ეს არის სიცრუე," - აცხადებს ადვოკატი.
საქმე ეხება ანა გრუზინსკის ორ სარჩელს. პირველ სარჩელში ანა გრუზინსკი ითხოვს, რომ მის ყოფილ ქმარს, დავით მუხრანელს ბაგრატიონების სამეფო სახლის სახელით „ტიტულების" და „სიგელების" გაცემის უფლება ჩამოერთვას. ამ სარჩელის განხილვაზე გრუზინსკების ოჯახს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მეფის წოდება და სამეფო ტახტი საქართველოში არ არსებობს და შესაბამისად დავა იურიდიულად ვერ განიხილება. თუმცა ოჯახი საქმის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ამას გარდა, ანა გრუზინსკის სასამართლოში შეტანილი აქვს მეორე სარჩელიც, რომ მასზე დავით მუხრანელმა 4 წლის წინ საგურამოში ფიზიკურად იძალადა და ამ ძალადობის მოწმეებიც ჰყავს და ექსპერტიზის დასკვნაც გააჩნია, რაზეც სს გამოძიება 1-ელ აპრილს დაიწყო.
გრუზინსკების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ მათზე მუქარა არ ჭრის და არანაირი დავის შეწყვეტას არ აპირებენ.
„დავით მუხრანელის მხრიდან პირველი მისი მცდელობა იყო თავის შეცოდების სტრატეგია. დაურეკა ანას ტირილით და სთხოვა, შეეწყვიტა სასამართლო დავა. დაინახა, რომ ამან არ იმუშავა. შემდეგი მცდელობა იყო თანხის შემოთავაზება, 90 00 ლარზე მეტს სთავაზობდა, რომ არ გაგვესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ასევე შეგვეწყვიტა სს დავაც. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, შემოგვითვალა მუქარა, თითქოს აქვს რაღაც მტკიცებულება ანას მიერ პატარა გიორგიზე ძალადობაზე, რაც არის ტყუილი... ჩვენ შევთავაზეთ, მომავალში მაინც შეეწყვიტა სამეფო ოჯახის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპაში, რაც გახდებოდა მიზეზი იმისა, რომ დავა დაგვესრულებინა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ის თანხმობას არ აცხადებს", - ამბობს ადვოკატი გორელაშვილი.
მისივე თქმით, მუქარის აუდიო ჩანაწერი არსებობს კანონიერი გზით მოპოვებული და აუცილებლობის შემთხვევაში მას გაასაჯაროვებენ.
„ჩანაწერში ვსაუბრობთ ორი ადვოკატი და დავით ბაგრატიონის ადვოკატი საუბრობდა სწორედ მისი სახელით", - ამბობს გორელაშვილი.
საპასუხოდ დავით მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ მისი კლიენტის დანაბარები გადასცა, რაც იყო არა მუქარა, არამედ ბრალდებების და არგუმენტების დაპირისპირება.
„ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება და გადავეცი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს. ვადასტურებ, რომ ჩვენ გადავიდოდით ბრალდების რეჟიმში, თუ მორიგება არ მოხდებოდა. არ არის სწორი, რომ ადვოკატებმა ერთმანეთის საუბრები ჩავწეროთ. ეს ჩრდილს აყენებს მოლაპარაკებებს. ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენი მხარე გამოიყენებს მტკიცებულებებს, რაც გვაქვს. დავით ბაგრატიონმა დამაბარა, რომ არსებობს ამდაგვარი ვიდეოჩანაწერი, ასევე არსებობს სხვა ბრალდებები და შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა. მე არც ჩანაწერი მინახავს და არც დავით ბაგრატიონს დაუზუსტებია, რომელი ბავშვის ცემაზეა საუბარი", - აცხადებს ჩხეიძე.
ლევან ჩხეიძის თქმით, ისინი მზად არიან მორიგდნენ ყველა სადავო საკითხზე, გარდა ერთისა, რაც საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებას ეხება.
„ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. საქართველოს სამეფო სახლის სახელით ის მეოთხე თაობაა სარგებლობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ აგვეკრძალოს ამ სახელის გამოყენება", -აცხადებს ადვოკატი.
ჩხეიძე ამბობს, რომ მხარეებმა ერთმანეთს ბევრი ტალახი ესროლეს, ორივე მხარის იმიჯი ძალიან დაზარალდა და ამიტომ მორატორიუმს აცხადებს და აგრესიულ რიტორიკას წყვეტს.
„ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ. ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიულ რიტორიკას, მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს ვუწვდით არა იმის გამო, რომ გვეშინია, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას ვკარგავთ ორივე მხარე", - აცხადებს ჩხეიძე.