თამარ შუკვანი
18.04.2019

 „დღეს მმართველმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებიდან რაღაც ორი პუნქტი გაითვალისწინონ, რაც არ არის საკმარისი. მმართველი გუნდი საკუთარ მოსამართლეებს ნიშნავს და ის გადაწყვეტილება მოჰყავს სისრულეში, რომელიც ამ ქვეყანში ყველას წინააღმდეგაა მიმართული," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი და ყოფილი პარლამენტარი ანი მიროტაძე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

ანი მიროტაძე: ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჯალათი მოსამართლეების გვერდით დარჩნენ. უარი უთხრა სამართლიანობას, განვითარებას, პროგრესს, ჩვენ ქვეყანაში კანონის უზენაესობას და განგვიცხადეს, რომ „ჩვენ გვჭირდება ისეთი მოსამართლეები, ვინც კარგი შემსრულებლები არიან" - ვინც განაჩენს გამოიტანს ისე, როგორც დასჭირდება იმ კონკრეტულ მოცემულობაში ამა თუ იმ ხელისუფლებას და უსიტყოდ შეასრულებენ მათ ბრძანებას.

ხელისუფლებას მთლიანად გაკონტროლებული სასამართლო სჭირდება, მათ შორის პოლიტიკური ნიშნითაც. პოლიტიკური განაჩენი გამოყენებული იქნება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნება" ძალიან დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას" ყველა მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობა გირგვლიანის საქმემ გადაიყოლა. აუცილებლად გადაიყოლებს გირგვლიანის საქმე ამ ხელისუფლებასაც და ეს ზღვარი ძალიან ახლოსაა. არ შეიძლება ადამიანებს უთხრა, რომ „ქვეყანას როგორც მინდა ისე ვმართავ და სამართლას როგორც მე გთავაზობ, ისეთი უნდა მიიღო." გამორიცხულია, ამ ქვეყანაში არ შეეგუებიან მურუსიძეების ხელით დაწერილ კანონებსა და სამართალს, რაც ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა ბიძინა ივანიშვილმა. მეტსაც გეტყვით, რომ იგი შეეცადა, რომ ჩვენგან დაეცვა მურუსიძე. ქართული საზოგადოების წინაშე იგი კოლექტიურ მურუსიძეებს იცავს.

ეს არის დანაშაული და განაჩენი, რომელსაც ეს გუნდი თავის ხელით წერს. ადამიანები, რომლებიც გადაეფარებიან უსამართლობას და რეჟიმის შემქნელ მოსამართლეებს, უნდა იყვნენ იმისთვის მზად, რომ მათ საზოგადოება ეტყვის უარს მკაფიოდ და მკაცრად. ეს დღეს მოხდება თუ ხვალ, დიდი დღე არ უწერია.

დაამტკიცებენ მურუსიძის, ჩინჩალაძის, ზარდიაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების მიერ წარდგენილ მოსამართლეებს. ეს ადამიანები როგორი რეპუტაციით სარგებლობენ, ყველამ კარგად ვიცით.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, დღეს მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნებისთვის" როგორ ასახვას ჰპოვებს 2020 წლის საპარალემენტო არჩევნებზე?

ა.მ: ეს ნამდვილად ბოლო ამბავია „ქართული ოცნების", რითაც საკუთარ მოსახლეობას უგზავნის შემდეგ მესიჯს, რომ მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი. ვნახოთ, 2020 წელი მოდის, ვის რა უნდა, გამოჩნდება არჩევნებში. არა მგონია, ხალხს უნდოდეს და მიიღოს მკვლელების მფარველები. ძალიან მძიმე განაჩენი არის ეს მათი მხრიდან საკუთარი თავის წინაშე გამოტანილი. უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ პოლიტიკურ გუნდს.

„რ": ისევ უნდა ველოდოთ თუ არა, „ქართული ოცნების" რიგების დატოვებას დეპუტატების მხრიდან?

ა.მ: მოსამართლეების ამ ფორმით დამტკიცებაზე ზნეობრივი ზღვარი უკვე დარღვეულია. თუ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება მისაღები ჰქონდა. ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა გქონდეს - როდესაც ვერ ეგუები უსამართლობას და ზუსტად ამ ნიშნით მოდიხარ ხელისუფლებაში, დღეს კი ეს გავიწყდება და იმ ადამიანების გვერდით დგომა არ გეუხერხულება?!

არ ვიცი, როდისღა უნდა გამოვიდნენ. ალბათ მაშინ, როდესაც საკუთარ ადგილს ვეღარ დაინახავენ 2020 წლის სიაში. მაშინ კი ძალიან დაგვიანებული იქნება. ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში იდეალებისთვის კი არა, საკუთარი კეთილდღეობის მოწყობისთვის მოდიან. ეს არჩევნებიდან არჩევნებამდე არის განსაზღვრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×