საქართველოში ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა კიდევ 3%-ით გაიზარდა. აქამდე ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25% იყო, 18 აპრილიდან კი 28% შეადგინა. განაკვეთი წელს კიდევ ერთხელ გაიზრდება და მაისში 30%-ს მიაღწევს. ემუქრება თუ არა საფრთხე ამ გადაწყვეტილებით ეროვნულ ვალუტას? ბანკებს მოუწევთ დოლარის ბრუნვიდან ამოღება და ბაზარზე დეფიციტი წარმოიქმნება.
ეროვნული ბანკის მიერ 13 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, 18 აპრილიდან კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 3 პროცენტული პუნქტით გაეზრდებათ, რის შედეგადაც, ეს ნორმატივი 28%-ს მიაღწევს. შემდეგ კი უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა ეტაპობრივად 30%-მდე უნდა გაიზარდოს. ეს ნაბიჯი უკვე 16 მაისისთვის არის დაგეგმილი.
ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2016 წლის 16 ივნისს შეცვალა. მაშინ 15%-დან 20%-მდე გაიზარდა უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა, ლარის რესურსზე კი 10%-დან 7%-მდე შემცირდა.
ეროვნული ვალუტით - 1 წელზე მეტი ვადით და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადით ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადით ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 10%-ს.
არ არის გამორიცხული, ამ ცვლილებას უცხოური ვალუტის სესხის გაძვირება მოჰყვეს. მეტიც, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებით, ეს ნაბიჯი სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ მან საკრედიტო ბაზარზე ლარის სესხების შედარებითი მიმზიდველობა გაზარდოს.
შეიძლება ითქვას, ესაა წნეხი კომერციულ ბანკებზე, რომლის მიზანიც ლარიზაციის ზრდაა. ასე აფასებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სარეზერვო თანხების პროცენტის ზრდას პროფესორი ლია ელიავა.
"ეს წმინდად დედოლარიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. სტიმული ბანკებისათვის, რათა ნაკლები დოლარი მოიზიდონ. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, 6-12 თვის შედეგ გაიზრდება ფულის მასა ეკონომიკაში, რაც, ბუნებრივია, დადებითი მომენტია, რადგან იგი განიცდის ლარის მწვავე შიმშილს.
ეს, რეალურად, ერთგვარი წნეხია კომერციული ბანკებისათვის. მათ მოუწევთ დამატებითი სახსრების გადადება ეროვნულ ბანკში და მათი ბრუნვიდან ამოღება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დარეზერვებული სახსრები, რომელიც უცხოურ ვალუტაში დაგროვდება, ამოვარდნილი იქნება ბრუნვიდან. კომერციული ბანკები ამ თანხის ოდენობის სესხებს ვერ გასცემენ და იძულებული იქნებიან, ჩაანაცვლონ ეს თანხები ლარით.
ბიუჯეტს ამ შემთხვევაში არავითარი ტვირთი არა აქვს, პირიქით. ახლა მთავარია, მთავრობას არ მოუნდეს, "კეთილშობილური ჟესტით ზარალი აუნაზღაუროს" ფინანსურ სექტორს, რომელსაც ალბათ ცოტათი დააკლდება მოგება," - განაცხადა "რეზონანსთან" ელიავამ.
ეროვნული ბანკი კი აღნიშნავს, რომ დარეზერვების მოთხოვნის ზრდა ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი რისკების შემცირებას ემსახურება. იმისთვის, რომ ბანკებმა ლიცენზია შეინარჩუნონ, საჭიროა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა, კერძოდ, მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი სებ-ში ჰქონდეთ განთავსებული.
რეგულაციის მიზანი რომ დოლარიზაციის შემცირებაა, ამას ადასტურებს საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილიც. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ეს გაზრდის ეროვნული ვალუტის მასას ქვეყანაში, თუმცა უარყოფითი ეფექტი არ ექნება მოსახლეობის მთავარ ინტერესზე, ლარის კურსზე.
"როცა რეზერვების ნორმა იზრდება, მაშინ ეროვნული ბანკი, როგორც წესი, ზღუდავს ფულის გაცემას ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უცხოურ ვალუტას ეხება. ამ შემთხვევაში მათი სურვილია, გაიზარდოს ლარიზაცია და სესხები გაიცეს ეროვნულ ვალუტაში. სწორედ ამითაა საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული.
გრძელვადიანი ეფექტი, რასაკვირველია, ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. ბანკებს შეეზღუდებათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და სამაგიეროდ გაიზრდება ეკონომიკაზე ლარში გაცემული სესხები. უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობის მთავარ ინტერესზე, გაცვლით კურაზე, ამას არავითარი ეფექტი არ ექნება - არც დადებითი და არც უარყოფითი," - აღნიშნა "რეზონანსთან" თოქმაზიშვილმა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში უცხოური ვალუტის სარეზერვო ნორმის ფარგლებში 3.7 მილიარდი ლარი (დღევანდელი კურსით 1.37 მილიარდი დოლარი) არის განთავსებული, ხოლო ეროვნული ვალუტის რეზერვი 275 მილიონ ლარს შეადგენს.