197 დაჯარიმებული სამედიცინო დაწესებულება და, ჯამში, 56-მილიონიანი ჯარიმა. ეს შედეგი გამოავლინა კლინიკების შემოწმებამ. წესების დამრღვევთა შორის ისეთი დიდი სამედიცინო ცენტრებიც არიან, როგორიცაა "ევექსი", "ჯეოჰოსპიტალსი" და სხვა. "რეზონანსის" ცნობით, დაჯარიმებულები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. სამედიცინო სეფროში კი ასეთი პრობლემები არ აღმოიფხვრება, სანამ არაერთგზის დაპირებული ელექტრონული სისტემა არ ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკები 56 მილიონი ლარით დააჯარიმა. საუბარია 197 სამედიცინო დაწესებულებაზე საქართველოს მასშტაბით. დარღვევები უწყებამ 2016-2018 წლებში აღმოაჩინა. დაჯარიმებულთა შორის მოხვდნენ ყველაზე მსხვილი ქსელური სამედიცინო დაწესებულებები: "მედალფა", "მედკაპიტალი", "ჯეოჰოსპიტალსი", "ევექსი" და ა.შ.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მთავარია სისტემის მოწესრიგება და მხოლოდ დაჯარიმებით ეს პრობლემები ვერ მოგვარდება:
"ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის ბრალია ეს ყველაფერი, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ვლაპარაკობ. აქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი წინა წლებშიც. აბსოლუტურად მორღვეულია მონიტორინგის მექანიზმი, შიდა მენეჯმენტი, ურთიერთთანამშრომლობა. მეტიც, სამინისტრო ახალისებს კიდეც კლინიკას, როდესაც წლები ასე მუშაობ და იღებ ამ სამუშაოში ანაზღაურებას, ესე იგი თვალს ხუჭავ.
როდესაც კლინიკა 4-5 წელი ერთი სქემით მუშაობს, მათ ხშირ შემთხვევაში ჰგონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რთულია კლინიკისთვისაც ერთბაშად ათეული მილიონის გადახდა, თუმცა ახლა რა ინფორმაციც მე მაქვს, ზოგიერთი მათგანი აპირებს, რომ სასამართლო წესით გაასაჩივროს ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროსთან. იქ არის სადავო საკითხები. სამინისტროსაც აქვს უზარმაზარრი დავალიანება, რომელიც 200-300 მილიონამდეა და ახლა ცდილობს, მათზე გადატეხოს ჯოხი.
ზოგიერთი ნამდვილად დასაჯარიმებელია, მაგრამ სისტემას აქვს ხარვეზები და ეს ყველაფერი დაუსრულებელი ჯაჭვი იქნება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ელექტრონული მმართველობის სისტემა. ხარჯი, წამლები და რეცეპტები უნდა გაკონტროლდეს ელექტრონულად, რაც უამრავ პრობლემას აგვარიდებს და ნელ-ნელა მოწესრიგდება ყველაფერი," - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ეს არასწორად მიღებული თანხაა ბიუჯეტიდან, რაც კლინიკებმა უკან უნდა დააბრუნონ. ამ კონტექსტში დავით სერგეენკომ ყალბი დოკუმენტაციაც ახსენა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აღნიშნეს, რომ კლინიკებში დარღვევები ძირითადად პაციენტების რეგისტრაციას ეხებოდა, როდესაც დოკუმენტაციას არ ერთვოდა პირადობის მოწმობის ასლი, ხელმოწერა და მსგავსი საბუთები.
"სოფლად მცხოვრები მოსახლეობა დარეგისტრირებული ჰყავდათ, როგორც ქალაქელი. რამდენადაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვა გათვალისწინებული იყო ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად, მათი მოსახლეობის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი თანხები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 86 თეთრით ნაკლებია. ამდენად, არასწორი რეგისტრაციის შედეგად მიმწოდებლები ზედმეტად დაფინანსებას ითხოვდნენ," - განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია შავშიშვილმა.
ჯარიმების ამოღება სამინისტრომ დაკავების გზით დაიწყო, ანუ თანხას, რომლიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებს ერიცხებოდათ, აკლდებოდა 50% და სამედიცინო დაწესებულებებს ნახევარი ერიცხებოდათ, რაც კლინიკებმა გააპროტესტეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთ პირობებში საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ.
სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ბიზნესომბუდსმენი, სამედიცინო დაწესებულებებს კი სანქციების ნაწილი ჩამოეწერა. შედეგად, დღეს კლინიკების დავალიანება 13.5 მილიონი ლარია, სოციალური მომსახურების სააგენტომ კი დარჩენილი თანხის გადახდის სხვა მექანიზმი შეიმუშავა.