მარი ჩიტაია
19.04.2019

 ახალმა საარსებო მინიმუმმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი გაზაფხულია, რაც კი ბოლო წლებში ყოფილა. მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა კონკრეტულად როგორი უნდა იყოს სქემა, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, მასში სურსათის წილი დაახლოებით 20%-ით შემცირდეს და არასასურსათო ხარჯთან მიმართებით 50/50-ზე პროპორციით განისაზღვროს.

"საქსტატის" ინფორმაციით, მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. ახლა შრომისუნარიანი ასაკის კაცის მინიმუმი 181.2 ლარს შეადგენს. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. თებერვალთან შედარებით, 1.80 ლარით გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც, რომელმაც 160.5 ლარი შეადგინა.

მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეთოდიკა მრავალწლიან პრაქტიკას ეყრდნობა. რამდენად რელევანტურად ასახავს ის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით შექმნილ რეალობას, ამაზე სერგეენკოს პასუხის გაცემა მაინც უჭირს:

"საქსტატი" გათვლებს საარსებო მინიმუმზე აკეთებს იმ დამტკიცებული ნორმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია. არსებობს დათვლის რამდენიმე ათეული მეთოდოლოგია. მსჯელობა იმაზე, რომ შესაძლებელია, ჩვენთან არსებული შეიცვალოს, ნამდვილად იყო, თუმცა მე გამიჭირდება, გითხრათ, რა გადაწყვეტილება იქნება ამ მხრივ მიღებული," - განაცხადა სერგეენკომ.

აშკარაა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიცია გაურკვეველია. სამაგიეროდ, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მყარი, არგუმენტირებული მოსაზრება აქვთ. მათ მიერ შემოთავაზებულ მოდელს იცნობენ ხელისუფლებაშიც. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, რამდენად მისაღებია მათი პოზიცია და გაითვალისწინებენ თუ არა ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებისას, როცა ეს საკითხი ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დადგება.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ საარსებო კალათაში სურსათის წილი, არასაყოფაცხოვრებო და სხვა არასასურსათო ხარჯთან მიმართებით, შესამცირებელია. მეტიც, მისი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სურსათის წილი 20%-ს არ აჭარბებს, საქართველოში კი სტატისტიკა ამ მაჩვენებელს ბევრად არ უნდა აღემატებოდეს.

"დღევანდელი მეთოდიკა დაახლოებით 2003 წელს არის შედგენილი. არსებული მექანიზმით, სურსათის წილი 70%-ით განისაზღვრა, ხოლო დანარჩენ 30%-ს საყოფაცხოვრებო და სხვა არასასურსათო ხარჯი შეადგენს. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან ასეთ მეთოდიკას კაცობრიობა არ იცნობს. ადამიანს სჭირდება ბევრი რამ, საკვების გარდა, ამიტომ სინამდვილეში პირიქითაა, 30%-ია ხარჯი სურსათისთვის სამომხმარებლო კალათაში.

განვითარებულ სამყაროში არ იციან ცნება მინიმუმი, იზომება მხოლოდ და მხოლოდ სურსათთან მიმართებით ფიზიოლოგიური და რაციონალური ნორმები. სხვაობა მათ შორის მხოლოდ ფასშია, პროდუქციის ღირებულებაში, რომელსაც ადამიანი მოიხმარს. არ შეიძლება ადამიანმა საკვების ის რაოდენობა მოიხმაროს, რაც იქნება გაცილებით ნაკლები იმაზე, რასაც მისი ფიზიოლოგია, ზრდა-განვითარება ითვალისწინებს. ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები უნდა იყოს ზუსტად ადამიანისთვის საჭირო სურსათის რაოდენობაში.

საერთოდ, განვითარებულ ქვეყნებში სურსათის ხარჯი 15-დან 20%-მდეა, ჩვენთან კი 70%-ს უტოლდება, რაც წარმოუდგენელია და ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საბოლოო ჯამში, მეთოდიკა ალბათ მივა ზუსტად ისეთ მეთოდზე, რომელიც არის თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში, ანუ სურსათის ხარჯი სამომხმარებლო კალათაში 30%-ით განისაზღვრება, ხოლო 70% არასასურსათო ხარჯებს დაეთმობა. აქეთკენ უნდა წავიდეთ, რისთვისაც საჭიროა ეკონომიკური პრიორიტეტების დადგენა და განვითარება, დასაქმება და სხვა. ეს უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, სხვანაირად პრობლემა ვერ გადაწყდება," - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა კოღუაშვილმა.

აკადემიკოსის გათვლით, საქართველოს სინამდვილეში მისაღებია მოდელი - 50/50-ზე, როგორი სქემითაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობა სარგებლობს.

"ჩვენ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2005 წელს შევთავაზეთ, რომ სამომხმარებლო კალათაში სურსათის ხარჯი შეგვემცირებინა. ეს სქემა პირობითად ასეთია: ავიღოთ სურსათის ხარჯი და დავუმატოთ მეორე, იგივე ღირებულების არასასურსათო ხარჯი, ეს არის პრინციპი 50/50-ზე, ამ მექანიზმით თავიდანვე რომ გვეხელმძღვანელა, დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარება გვექნებოდა.

დღეს საარსებო მინიმუმს უკვე კალორიების მიხედვით არსად ანგარიშობენ, დაცული უნდა იყოს მოხმარებული სურსათის მრავალფეროვნება და ენერგეტიკული უზრუნველყოფა. ძველი გაანგარიშებით, 3000 კილოკალორია შეიძლება მიგვეღო 1 აგურა შავი პურის შეჭმით, ასეთი რამ არ შეიძლება. სამომხმარებლო კალათაში თუ 40 დასახელების პროდუქტი შედის, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული ცილის, ანუ ხორცის წილი, რასაც მოიხმარს ადამიანი. როცა იგულისხმება, რომ 200 გრამი არის ხორცი, არ ნიშნავს, რომ ძვალი იყოს, არამედ სუფთა ხორცი, სუფთა ხაჭო და სხვა, ამ ჰარმონიის გარეშე ადამიანი ვერ ვითარდება და წარმოიქმნება სერიოზული გონივრული და ფიზიკური ჩამორჩენილობა. ჩვენთან 1 მამაკაცზე პურის ნორმა გათვალსიწინებულია 250 გრამი, რაც მისაღებია, მაგრამ ადამიანები მოიხმარენ 400 გრამამდე. ეს არის უბედურება.

როცა ამბობენ, რომ ასეთია მეთოდიკა, ტყუილია. ძალიან ღარიბებისთვის, მსოფლიოს ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის ამას ანგარიშობენ 2 დოლარამდე, ეკვივალენტური თანხა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში გადაჰყავთ. ჩვენ, საქართველო, სწორედ ამ კატეგორიის ქვეყნებს მივეკუთვნებით და დღიური მოხმარება უნდა იყოს 6,25 ლარი, რომელსაც 30 დღეზე თუ გავამრავლებთ, ზუსტად 202,5 ლარია. მსგავსი სასურსათო საარსებო კალათის ღირებულებაა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თორემ, მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 2100 ევროა, აშშ-ში - 900 დოლარი და ა.შ. მთავარია, შენი ხალხი გიყვარდეს და პატივს სცემდე. ეს უნდა იყოს ასახული იმ პენსიასა და კომპენსაციაში, რასაც მთავრობები მოსახლეობას აძლევენ," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა კოღუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×