"ეს კანონი ხელ-ფეხს ვერ შეუკრავს ჩინჩალაძის კლანს და ვერ უზრუნველყოფს, რომ ამ კლანის კანდიდატები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. კანონი არსებითად შედეგს არ ცვლის. იმიტომ გვინდოდა რეგულაციები, რომ გარედან შემოგვეყვანა კარგი ხალხი. ისევ ჩინჩალაძის ხალხი თუ შემოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს, რეგულაციებით მოხდება ეს, თუ რეგულაციების არარსებობის ფარგლებში?!" - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების გამწესების კანონპროექტთან დაკავშირებით.
"რეზონანსი": "ოცნება" ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტურ უმეტესობას ითვალისწინებს, თუმცა ვიცით, რომ მხოლოდ 2 რეკომენდაციაა ჩაწერილი კანონპროექტში. თქვენ როგორ აფასებთ, რას აკეთებს "ოცნება" და რა კანონს ვიღებთ?
ნაზი ჯანეზაშვილი: ხელისუფლება აპირებს 2 რეკომენდაციის გათვალისწინებას და არ ვიცით, რას გულისხმობს უმრავლესობის გათვალისწინებაში, არ ვიცით, საბოლოოდ რა პროექტი იქნება. მთავარია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაცია, რომ თვითონ არ შეარჩიოს ყველა მოსამართლე. წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში 21 ვაკანსია გვექნება და აუცილებელია, 21-ივეს შერჩევა ახლა არ მოხდეს, სხვა მოწვევის პარლამენტსაც დარჩეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური რეკომენდაციაა. კი ბატონო, იყოს პოლიტიკური, მაგრამ ამ რეკომენდაციით ჩანს, რომ ვენეციის კომისია ამ პარლამენტს არ ენდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ტიპის რეკომენდაციას არ გასცემდა. მით უმეტეს, რომ ევროპის საბჭომ ძალიან კარგად იცის, საქართველოში საქმეთა გაჭიანურება დიდი პრობლემაა და ეს ინფორმაცია ვენეციის კომისიასაც ექნებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეების სიმცირეა ამ ქვეყანაში, მაინც გარისკა და გასცა იმ ტიპის რეკომენდაცია, რომელსაც შესაძლოა, საპირისპირო დამოკიდებულება ექნებოდა. როგორც ჩანს, კომისიას გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, იყოს ერთგვარი არაფორმალური შეთანხმება პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის და გარიგების საფუძველზე რომ არ დაინიშნონ მოსამართლეები, სწორედ ამიტომ მიიჩნია, ეს რეკომენდაცია გაეწია ჩვენი ქვეყნისთვის.
"რ": ირაკლი კობახიძემ ეს რეკომენდაცია იმით ახსნა, რომ არასამთავრობოებმა და "ნაციონალებმა" მიაწოდეს კომისიას არასწორი ინფორმაცია კლანის არსებობაზეო. ანუ გვითხრა, რომ ვენეციის კომისია შეიყვანეს შეცდომაში?
მ.ჯ: ვენეციის კომისია ძალიან სერიოზული ორგანიზაციაა და არ მგონია, ამის მტკიცება სჭირდებოდეს, რომ შეცდომაში შეიყვანა ვიღაცამ. ვენეციის კომისია ინფორმაციას სხვადასხვა აქტორისგან იღებს, მათ შორს ხელისუფლებიდანაც და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უჭირთ ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მაგრამ რა უნდა მოეწოდებინათ, რა უნდა ეთქვათ?
"რ": იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ კომისიის რეკომენდაციების ნაწილი არაკონსტიტუციური და პოლიტიზებულიაო. ეს რას ნიშნავს, რამდენად ადეკვატურია ასეთი შეფასება?
ნ.ჯ: არაკონსტიტუციური რამ რეკომენდაციებში მე არ დამინახავს და, საერთოდ, ამაზე საუბარი არაადეკვატურია. როცა უნდათ, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და დასკვნებს იშველიებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თურმე მაღალი ნდობა აქვს სასამართლო სისტემას, დემოკრატია ყვავის და თურმე რაღა გვიჭირს. გვრიტიშვილს რომ ჰკითხოთ, ასეა, ხოლო როცა არ მოსწონთ შეფასებები, მაშინ თურმე პოლიტიზებული და არაკონსტიტუციურია.
"რ": იმედი გაქვთ, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონი გააუმჯობესებს სასამართლო სისტემას, თუ ეთანხმებით ოპოზიციას, რომ მავნებლური კანონი გვექნება?
ნ.ჯ: მავნებლურ კანონს ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ რაღაცები მაინც რეგულირდება. ეს ობიექტურად უნდა ვთქვათ და არა ხისტად, რომ თითქოს არაფერი არ გამოდის ამით. მაგალითად, კონკურსი ცხადდება და სავალდებულო არ იქნება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რაც კარგია. კონკურენციის პირობები იქმნება, გამოცდილ იურისტებს შეეძლებათ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვინაიდან გადაწყვეტილებას მაინც იუსტიციის საბჭოს 2/3 იღებს, ბუნებრივია, შედეგი არსებითად არ შეიცვლება იმიტომ, რომ საბჭოში 2/3 სწორედ ის კლანია, ვინც სისტემას მართავს.
"რ": ამბობთ, რომ კონკურენცია იქმნება, თუმცა თუ შედეგს ვერ ცვლის, რა აზრი აქვს ასეთ კონკურენციას? შედეგს შეცვლიდა, თუ კენჭისყრა იქნებოდა ღია, უარის თქმისას დასაბუთების ვალდებულება შემოვიდოდა და კანდიდატს გასაჩივრების უფლება მიეცემოდა, რაც იყო რეკომენდაციებში, მაგრამ "ოცნება" არ ითვალისწინებს.
ნ.ზ: პირველ-მეორე ინსტანციაში დანიშვნასაც აქვს ეს ხარვეზი. გასაჩივრება პრინციპულად მნიშვნელოვანი მექანიზმია. თუ ადამიანი იღებს უარს, ეს დასაბუთებული უნდა იყოს. ამიტომ პრინციპულად არასწორია, რომ საბჭო არ ასაბუთებს უარს. ვიღებთ, რომ კლანი აარჩევს იმას, ვინც უნდა. ერთადერთი ის იქნება, რომ თუ განაცხადი შეიტანა ძალიან მაგარმა, გამოცდილმა იურისტმა, პროფესორმა და მას კონკურენტად დაუდგა, მაგალითად, გვრიტიშვილი და ვერაფრით აჯობა, ვერც ღირსებით და ვერც გამოცდილებით, რადგან მას კარგი პროფესიული ბიოგრაფია ნამდვილად არა აქვს, ამ შემთხვევაში აშკარა იქნება, რომ კლანმა გაიყვანა თავისი ხალხი.
"რ": გამოდის, რომ ეს კანონი საფრთხეს არ უქმნის მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და, პირიქით, ხელს აძლევს?
ნ.ზ: უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ არსებული რეგულაციები ხელს აძლევს კლანს. კლანი არის გაძლიერებული და მას ხელში აქვს ყველაფერი. ეს კანონი თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ისეთია, რომ ხელ-ფეხს ვერ შეუკრავს ჩინჩალაძის კლანს და ვერ უზრუნველყოფს, რომ ამ კლანის კანდიდატები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. კანონი არსებითად შედეგს არ ცვლის. იმიტომ გვინდოდა რეგულაციები, რომ გარედან შემოგვეყვანა კარგი ხალხი. ისევ ჩინჩალაძის ხალხი თუ შემოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს, რეგულაციებით მოხდება ეს თუ რეგულაციების არარსებობის ფარგლებში.