„კობერიძის წუხილი კარგად მესმის" - აცხადებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია. იგი ლევან კობერიძის შეხედულებას იზიარებს და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მთელ უმრავლესობასთან თუ არა, შესაბამის კომიტეტთან მაინც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.
„ეს უშუალოდ პრემიერის პრევოგატივაა, თუმცა თუ საუბარია ერთ გუნდზე, უპრიანი იყო, რომ გარკვეულ კონსულტაციებში მონაწილეობა უმრავლესობის იმ ნაწილს მაინც მიეღო, რომელიც შესაბამის კომიტეტში იმყოფება," - ამბობს ქანთარია.
მისი განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები საჭიროა იმისათვის, მმართველი გუნდისთვის „ახალი ეტაპი დაიწყოს."
„ვერ ვიზიარებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც გუნდის წევრი და მინისტრია, შემდეგ ეს მინისტრი ქრება და ის სხვა შესაბამის ადგილას გადანაცვლდება, ან საერთოდ აღარ ვიცით მისი ასავალ-დასავალი, ეს არ არის კარგი, მაგრამ ახალი ეტაპის დაწყება საჭიროა, როგორც პარლამენტში, ისე პარტიაში და აღმასრულებელშიც.
„თუკი გვინდა საზოგადოებას იმედი გაუჩნდეს და „ქართული ოცნების" მიმართ შემოტრიალდეს, მასაც ჰქონდეს ენთუზიაზმი იმისა, რომ რაღაცა მნიშვნელოვან გარღვევებს ექნება ადგილი და იმისათვის, რომ 2020 წლისთვის წელგამართული მივიდეთ, ეს ეტაპები გასავლელია. ეს ეხება ყველა იმ სფეროს, სადაც „ქართული ოცნების" კვალი უნდა გამოჩნდეს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ლევან კობერიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტში დეპუტატებს ინფორმაცია არ ჰქონიათ.
„შეფასებას გავაკეთებ თვითონ ამ ფაქტთან, ჟრიამულით ატეხილ გაუგებრობასთან დაკავშირებით -მოხსნეს თუ დანიშნეს. ეკონომიკის კომიტეტში ვარ და კომიტეტში არაფერი გვსმენია საერთოდ ვინმეს თუ ხსნიდნენ ან ნიშნავდნენ. ეს ჩვენი მინუსი თუ არის, არ ვიცი, მაგრამ მგონი ვცდილობთ კარგად ვიმუშაოთ.
„მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა და წარმოუდგენელია, რომ მოხსნა და დანიშვნაც საპარლამენტო რესპუბლიკში შიდა გუნდურ განხილვას მაინც არ ექვემდებარებოდეს - ეს კითხვა მექნებოდა პრემიერ-მინისტრთან.
„რაც შეეხება იმას, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია გვქონდა ეკონომიკის კომიტეტს ყოფილ მინისტრთან - ეს შემიძლია დავადასტურო, თუმცა რა იყო მისი წასვლის მიზეზი, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს," - ამის შესახებ ლევან კობერიძემ განაცხადა.
ამავე დროს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ქობულიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა თავად ქობულიასთან, ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან.
შეგახსენებთ, გიორგი ქობულიამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე ნათია თურნავა დაინიშნა.