რაც უფრო ახლოვდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და რაც უფრო ცხადად იკვეთება მისი ფავორიტი, დნეპროპეტროვსკელი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება მის მიმართ საგარეო პოლიტიკის კუთხით.
კერძოდ, ბევრი გამოთქვამს ეჭვს მის სიმტკიცეში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გაწევრიანების კუთხით, და მის ადრეულ განცხადებებს იხსენებენ, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფერენდუმს მოაწყობს. ეს, ზელენსკის ოპონენტების აზრით, შეიძლება კრემლის მიმართ გამოხატული ერთგვარი რევერანსი იყოს.
თავად ზელენსკი ამას კატეგორიულად უარყოფს და მეორე ტურის წინ მაინცდამაინც არ ცდილობს რეფერენდუმის საკითხის პედალირებას.
"ცნობილია, რომ ჩვენ ავირჩიეთ ევროპული მიმართულება.და დიახ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა, დიახ ნატო არის უპირობო ლიდერი უსაფრთხოების და სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით და ნათელია, მაგრამ მე დავდივარ ყოველ დღე აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც არ იციან, რა არის ნატო და ვუხსნი, რომ ის არ არის მხეცი და არ შეგჭამთ. ამ მოქმედებით ხალხს ვაფიქრებ და ნატოზე ინფორმაციის შესწავლას ვურჩევ," - აცხადებს ზელენსკი "რბკ უკრაინასთან" საუბრისას.
მან ასევე გაიხსენა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ალიანსში გაწევრიანება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქვეყნების მოსახლეობის 80% დათანხმდა ნატოში შესვლას.
საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ის არ აპირებს საზოგადოება გაყოს საკუთარი ამბიციების გამო და გამარჯვების შემთხვევაში მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში იდეურად გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება იქნება.
ამავე დროს, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებითაც და წინასაარჩევნო გამოკითხვითად დიდი სხვაობით აგებს და უკრაინულ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი თუ რას იზამდა მოქმედი პრეზიდენტი სავარძლის დაკარგვის შემთხვევაში.
როგორც უკრაინის რადას ერთერთმა დეპუტატმა რადიოს ეთერით განაცხადა, გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ მოქმედი პრეზიდენტი პრემიერ მინისტრი გახდება.
როგორც დეპუტატმა გერაშენკომ აღნიშნა, პოროშენკო ხვდება, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებს და ამიტომ ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა.
დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოროშენკოს ასევე სურს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. რადგან სრულიად არ დაკარგოს საპარლამენტო უმრავლესობამ ხალხის მხარდაჭერა.
უკრაინაში 31 მარტს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, პირველი ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50% იანი ბარიერი, ამიტომაც დაინიშნა მეორე ტური, სადაც შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი (30.34%) და მოქმედი პრეზიდენტი პერტო პოროშენკო (15.95%) გავიდნენ.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილსაა ჩანიშნული, დღეს კი სტადიონ "ოლიმპისკიზე", ზელენსკისა და პოროშენკოს წინასაარჩევნო დებატები გაიმართება, რაც ამ უკანასკნელისთვის სიტუაციის გარდატეხვის ბოლო შანსია.
კანდიდატთა დებატები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ბოლო სოციალური კვლევებით, ზელენსკი 73%-ით ლიდერობს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ 27% აქვს.