რუსეთის გენპროკურატურის, ფე-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურული შეხვედრა გამართეს რუსული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან და იურისტებთან, სადაც სცადეს, აეხსნათ, როგორ გამოიყენებენ ახალ კანონს, რომლითაც ისჯება "ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა".
კანონი ერთი თვის წინ შევიდა ძალაში და თუმცა მის ავტორებს საჯაროდ ჯერ კიდევ არ აუხსნიათ, როგორ უნდა განისაზღვროს ინფორმაციის „ნამდვილობა" და კონკრეტულად რა უნდა ჩაითვალოს „ხელისუფლების, სახელმწიფო სიმბოლოების და საზოგადოების უპატივცემულობაში".
ინფორმაციას რუსული „ბი-ბი-სი" ავრცელებს, რომელსაც ამ დახურული შეხვედრის შესახებ ხუთი მონაწილე უყვება, ანონიმურობის დაცვის პირობით.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, საჯარო მოხელეები ცდილობდნენ რედაქტორების დარწმუნებას, რომ კანონს გონივრულად გამოიყენონ. ითქვა, რომ არის თუ არა სტატია შეურაცხმყოფელი, ამას გენპროკურატურა გადაწყვეტს, შემდეგ რუსეთის ფედერალური სამსახური, „როსკომნადზორი" წაშლის ინფორმაციას და პირველ ჯერზე მედიას მხოლოდ გაფრთხილებენ, მეორე შემთხვევისას კი - საიტს მთლიანად დაბლოკავენ და ჯარიმასაც დაუწესებენ.
მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა მაგალითად, რეპორტაჟში მოყვანილი იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებული ფრაზა, რომ მმართველი პარტია „ედინაია როსია" ქურდების და თაღლითების პარტიაა.
მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ასევე, დაინტერესდნენ შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები - „პუტინი - ქურდია".
„როსკომნადზორის" დირექტორის მოადგილე ვადიმ სუბოტინმა თქვა, რომ დიახ, ის მიიჩნევს, რომ ეს ფრაზები შეურაცხმყოფელია ხელისუფლებისთვის. თუმცა იქვე თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეფასება ჯერ პროკურატურამ უნდა მისცეს.
„ბი-ბი-სი"-ის ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება - ცალკეული დეპუტატების. რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ერთადაა ადამიანიც და ხელისუფლების ორგანოც და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში მარტის ბოლოს მიიღეს კანონი, რომელიც მედიას ცენზურას უწესებს. იკრძალება ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა.
კანონის ერთი ნაწილი კრძალავს ინტერნეტით დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოქალაქეს დაუწესდება - 100 000 რუბლის ჯარიმა, ოფიციალურ პირს - 200 000 რუბლის, იურიდიულ პირს - ნახევარი მილიონი რუბლის ჯარიმა.
ასევე იკრძალება ხელისუფლებასა და სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფა და აქ უკვე სასჯელი უფრო მკაცრია. მოქალაქეს ემუქრება 100 000 რუბლის ჯარიმა, ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში სასჯელი ორმაგდება.
ახალი კანონის მსხვერპლი რამდენიმე საიტი უკვე გახდა. აპრილის დასაწყისში იაროსლავის რამდენიმე მედია იძულებული გახდა წაეშალა ამბები და ფოტოები შს სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის კედლებზე არსებული გრაფიტების შესახებ, სადაც გამოსახული იყო თვითმკვლელობა და გრაფიტის ავტორად მიწერილი იყო - პუტინი, ამიტომაც ეს ფოტოები რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფად ჩაითვალა. გამოცემებმა ინფორმაცია „როსკომნადზორის" მითითებით წაშალეს.
იაროსლავის ორმა გამოცემამ, 76.ru და „იარკუბმა", არ წაშალეს ეს პუბლიკაციები, რის შემდეგაც ორივე საიტი დაიბლოკა. დაბლოკვის მიზეზი იყო გრაფიტი, სადაც აღწერდნენ თვითმკვლელობის ჩადენის მეთოდს და ავტორად მიწერილი იყო პუტინი. ვებგვერდი 2 კვირაში აღდგა და ამბავი საიტიდან წაშლილია. ამასთან, მათ გაფრთხილება მიეცათ, რომ თუ მსგავსი რამ ისევ განმეორდება, საიტები სამუდამოდ დაიბლოკება.