ელზა პაპოშვილი
19.04.2019

  ბანკების დაყაჩარების სერია გრძელდეება. თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პოლიცია ეძებს. ბანკზე თავდასხმა დილის 11 საათზე მოხდა და ძარცვის დროს ორი ქალბატონი დაშავდა.  თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავდამსხმელები ბანკში შეიარაღებულები შეცვივდნენ.  

სამი მამაკაცი, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ, ბანკში  შევარდნენ და თანხა მოითხოვეს. სავარაუდოდ, დაშავებულმა ქალბატონებმა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა საცადეს, რა დროსაც დაშავდნენ.  ერთ-ერთი დაშავებული ბანკის დამლაგებელია, მეორე ქალბატონი კი კლიენტი. მათ ბლაგვი საგნით თავის და კეფის არეში დაზიანებები აქვთ მიყენებული. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ,  თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და თავდაცვის მიზნით ცეცხლიც გახსნეს, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ.  გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკში ხელნაკეთი ე.წ დიმავუშკა შეაგდეს.

ჯერჯერობით  უცნობია შეძლეს თუ არა დამნაშავეებმა თანხის წაღება. დაშავებული ქალბატონები „ანტონ ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილები. სამართალდამცველები დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ და ადგილობრივების გამოკითხვას აწარმოებენ. პოლიციამ მიმდებარე მაღაზიიდან და სილამაზის სალონიდან კამერის ჩანაწერები ამოიღეს, სადაც თავდამსხმელები ჩანან. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ, რომლებიც ანაბეჭდებს ეძებდნენ.  

ყაჩაღებმა ტერიტორია ეზოს უკანა მხრიდან, სავარაუდოდ, ავტომობილით დატოვეს. 

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ დამნაშავეების დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს და პირობას დებს, რომ ისინი დანაშაულის შესაბამისად ადეკვატურ პასუხს აგებენ. 

„დილით უთვალთვალიათ და როგორც კი ბანკი გაიხსნა მაშინვე შევარდნენ. სამნი ყოფილან და სამივეს სახე ნიღბებით ჰქონდა დაფარული. ამბობენ, რომ გასროლის ხმაც გაიგონეს. ორი ქალი იყო შიგნით. ერთი  ბანკის  კლიენტი და დამლაგებელი, რომლებმაც წაინააღმდეგობა გაუწიეს.   ორივეს თავში ბლაგვი საგანი აქვთ  ჩარტყმული. ორივე  სასწრაფოთი წაიყვანეს. სავარუდოდ, თანხის წაღება მოახერხეს. ზუსტად დეტალები არ ვიცით. მანქანის ხმაც გაიგონა ხალხმა, რომ დიდი სისწრაფით  გარბოდნენ.ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ადგილობრივები პოლიციის მოსვლის შემდეგ გამოვედით“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

ექიმი ბესიკ წივწივაძე კი აცხადებს, რომ ორი დაშავებული ქალბატონს თავის ტვინის შერყევა აქვს და ორივე მათგანს დაზიანება კეფის მიდამოში აქვს მიყენებული. დაშავებულები  24 საათიანი დაკვირბვების ქვეშ იმყოფებიან და ისინი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან. 

„დაშავებული ქალბატონები ამბობენ, რომ მათ მძარცველებმა ბანკში უკნიდან ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ერთი ქალბატონი დაეცა და სხეულის ტრამვა მიიღო. ორივესთან თავის ტვინის შერყევა იკვეთება. საოპერაციო დაზიანებები არა აქვთ. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ისინი საავადმყოფოში 24 საათი დარჩებიან“, - აცხადებს ექიმი.  

ბანკის დაყაჩაღების ფაქტის ეს პირველი შემთხვევა რა არის და ამ წელს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 

თბილისი, 16 აპრილს  სამართალდამცველებმა  ქურდობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს. ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დაიჭირეს, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.   ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაჩაღური თავდასხმა თბილისში 19 მარტს საბურთალოზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  “გირო კრედიტის” ფილიალზე მოხდა.   შეიარაღებული პირები “გირო კრედიტის” ოფისში, 11:00 საათზე შეიჭრნენ.

შსს-ს ცნობით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვეს. დამნაშავეებმა ერთხელ გაისროლეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მამა-შვილი დააკავა.  

8 მარტს გლდანში, საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული ავტომობილით მივიდა. მათ თან მძევალიც ჰყავდათ, რომლის მეშვეობითაც, დაცვის პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ტერიტორია დატოვეს და მიიმალნენ.

თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ბანკის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მათ მძევლად აყვანილი გოგონა და ბიჭი  ქუჩაში ჩამოსვეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოასწრეს. დამნაშავე პირები პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა. 

2 მარტს , ზუგდიდში “ლიბერთი ბანკი” საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს, რა დროსაც ინკასატორი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. 

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის და ცოტნე დადიანის გამზირებზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტები ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. 28 თებერვალს, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ფილიალში ბოროტმოქმედები გვიან ღამით, იარაღის მუქარით შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს, მეორე ფილიალი კი დღისით  დააყაჩაღეს. 

26 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. წაღებულია თანხა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×