თამარ შუკვანი
19.04.2019

 „საკმაოდ საშიში ფრაზა იყო, რომ კრიტიკული შეფასებების შესწავლა სჭირდებათ არა იმიტომ, რომ რეკომენდაციები მიიღონ, არამედ სამომავლოდ კრიტიკის შეზღუდვას შეეცადონ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას. ის ამბობს, რომ უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.

გამზარდია ამას ცენზურის შემოღების, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს. მისი განცხადებით, კანონის დონეზე ამის განხილვა, სასიკეთო არავისთვის იქნება.

როგორც ფიქრობს, ასეთი სამუშაო ჯგუფი არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად რომ შეექმნათ, იმის განსასაზღვრად, სად უშვებენ შეცდომებს, რათა მერე ისინი გამოესწორებინათ, მაშინ ეს გონივრული იქნებოდა. თუმცა, გამზარდიას აზრით, ახლა სულ სხვა პროცესი მიდის - ცენზურის შემოღების მცდელობა.

„ეს არც საზოგადოებისთვის, არც მედიისათვის და არც ეკლესიისთვის არ არის კარგი. კრიტიკის მთავარი ფუნქცია და მათ შორის აგრესიული კრიტიკისაც, რომელზედაც შეიძლება სხვა ტიპის, ცენზურის გარეშე, რაღაცნაირი ზემოქმედება, ისევ საკუთარი სისუსტეების აღმოჩენა იყოს, რაც შემდეგ შეიძლება გამოადგეთ," - აღნიშნავს ის.

გამზარდია თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი სარეკომენდაციო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას შეისწავლიდა და საპატრიარქო ამის მიხედვით წაიყვანდა პროცესს.

„შეუძლიათ, სამომავლო ცენზურის წინაპირობების შემქმნელი რაღაც გუნდის ნაცვლად სარეკომენდაციო ჯგუფი თავად საპატრიარქოსათვის შექმნან, რომელიც საზოგადოებრივ უკმაყოფილებებს შეისწავლიდა და ეცდებოდნენ ამ რეკომენდაციით საკუთარი პროცესების წარმართვას. ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ასეთი ჯგუფები უნდა შექმნან საკუთარი გაუმჯობესებისათვის და არა საზოგადოებრივი ხმის ჩასახშობად," - განაცხადა არჩილ გამაზრდიამ.

ცნობისათვის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.

„საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.

„ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს," - განაცხადა მან.

შეკითხვაზე, მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც კანონის დონეზე, დეკანოზმა უპასუხა, რომ „თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ," - დასძინა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სასულიერო პირების, დეპუტატებისა და მეცნიერების შეკრება გაიმართა, სადაც ბილწისტყვაობის შეზღუდვასა და რეგულაციების დაწესებაზე იყო საუბარი. შეკრებილები პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობის აკრძალვას მოითხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×