ეკატერინე ბასილაია
19.04.2019

 სისხლიანი გარჩევა „ოცნების" აქტივისტებს შორის - დაპირისპირება ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში მმართველი პარტიის შტაბში ხუთშაბათს გვიან ღამით მოხდა. „ოცნების" აქტივისტი ალიკა ლაგვილავა მძიმედ დაჭრა ბეჟან გვაზავამ, რომელიც ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელია, შემდეგ კი მიიმალა. გვაზავას პოლიცია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ეძებს.

28 წლის ალიკა ლაგვილავას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, გულის და მუცლის არეში. ის ზუგდიდის საავადმყოფში უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას თირკმელი ამოაჭრეს, დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ლაგვილავასა და გვაზავას შორის დაპირისპირება ადრეც არსებობდა, ისინი მეზობლები არიან და მიწის ნაკვეთის გამო დავობდნენ, თუმცა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამჯერად კონფლიქტი არჩევნებს და პარტიაში გავლენების გადანაწილებას ეხება. თავად „ოცნების" ადგილობრივი ლიდერები კი აცხადებენ, რომ კონფლიქტი სწორედ ყოფით ნიადაგზე მოხდა, მიწის ნაკვეთის გამო და პოლიტიკა არაფერ შუაშია.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

"ვიმედოვნებ, რომ უახლოეს საათებში და დღეებში მოხდება მისი დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ, მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით სიტუაციაში. არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს" თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ „ოცნების" შტაბში დაპირისპირება გვიან ღამით დაიწყო, ჯერ სიტყვიერად, რასაც შემდეგ შტაბშივე მოჰყვა პირველი გასროლა. ამის შემდეგ დაპირისპირებული ადამიანები გარეთ გამოვიდნენ და სავარაუდო დამნაშავემ, ბეჟან გვაზავამ ორჯერ ესროლა ალიკა ლაგვილავას შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაპირისპირების მიზეზი ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის. საუბარია, რომ სავარაუდო დამნაშავე ბეჟან გვაზავა გრიგოლიშის „ოცნების" შტაბის უფროსად დაინიშნა. მას უნდა ეკონტროლებინა პარტიის ყველა აქტივისტი, მათ შორის დაჭრილი ალიკა ლაგვილავაც, რის გამოც მოხდა სისხლიანი გარჩევაც. თანაც, ლაგვილავას და გვაზავას შორის ცუდი ურთიერთობა მიწის ნაკვეთის გამო ადრეც არსებობდა.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გვაზავა სოფელში ცეცხლსასროლი იარაღით მუდმივად გადაადგილდებოდა და ამის შესახებ ყველამ იცოდა.

„ნიუპოსტის" ცნობით, კონფლიქტი არსებული შტაბის შესაძლო დახურვას ეხებოდა. სააგენტო ესაუბრა იმ სახლის მფლობელს, რომელსაც კერძო საკუთრება პოლიტიკურ პარტიაზე ჰქონდა მიქირავებული, მისი თქმით გვაზავა და ლაგვილავას კონფლიქტი გზის რეაბილიტაციასა და აღნიშნულ მისამართზე შტაბის შესაძლო დახურვას მოჰყვა. დაპირისპირება ქუჩაში გადაიზარდა, სადაც მოხდა დაჭრა.

იმავეს ჰყვებიან სხვა მედიასაშუალებებთან სხვა თვითმხილველებიც, რომ ჩხუბი და კამათი შტაბზე საუბარს მოჰყვა, რადგან გვაზავამ განაცხადა, რომ არსებული შტაბის დაშლას და სხვაგან გადატანას გეგმავდა.

„გავაუქმებ, დავშლი ამ შტაბსო. შენ რა უფლებით შლი, ჩვენ არ ვართო? ამაზე წაკინკლავდნენ და ამას მოჰყვა ყველაფერი. ესროლა ორჯერ, ჩემს თვალწინ. ერთხელ და მეორეჯერაც, მუცელში. შეიარაღებული ყოფილა თურმე. პისტოლეტი იყო პატარა, შავი ფერის. ერთ გასროლა შტაბში ყოფილა ადრე, ეს მე არ გამიგონია და ორი კი ესროლა ჩემს შვილს მუცლის არეში," - ამბობს დაჭრილის დედა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×