თამთა ჩაჩანიძე
19.04.2019

 18 აპრილს, ტაქსის მძღოლებმა გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია და განაცხადეს, რომ მერიასთან მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას და ბრძოლას პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე გააგრძელებენ, თუმცა ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აქცია, რომელიც ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებლად გამართა, ჩავარდა, რადგან ტაქსის მძღოლების მოთხოვნების შესრულებისთვის ძალაა საჭირო.

ლაშა ჩხარტიშვილი: ტაქსის მძღოლთა საინიატივო ჯგუფმა განაცხადა იმის თაობაზე. რომ მერიასთან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების დაშვებაზე მიაღწიეს შეთანხმებას და ამის პირობა მერიის მხრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე დაიდო, ეს რა თქმა უნდა არის მიღწევა, მაგრამ არასაკმარისი და ვფიქრობ, რომ ტაქსის მძროლებმა უნდა გააგრძელონ ბრძოლა უფრო აქტიურად იმისათვის, რომ მთავარი მოთხოვნები იქნეს დაკმაყოფილებული, როგორიც არის ფერის შეცვლის ვალდებულების გაუქმება - ეს იქნება შეღებვით თუ ფირით და როგორიცაა B კატეგორიისთვის ტაქსის ნიშნის გამოყენებისა და ქუჩიდან მგზავრების აყვანის შენარჩუნება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხებია.

"რ": პროტესტმა რაიმე შედეგი გამოიღო?

ლ.ჩ: რა თქმაუნდა, ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგად ის, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები დაუშვეს, თუნდაც ერთი წლის ვადით, მაგრამ ეს საკმარისი ნაღდად არ არის, უნდა შეწყდეს ტაქსისტთა დევნა და იმედი მაქვს, რომ მძღოლები კვვლავაც იბრძოლებენ. ჩვენ მზად ვართ მათ გვერდით დავუდგეთ ამ ბრძოლაში, სხვა შემთხვევაში, მათი უმრავლესობა საფრთხის ქვეშაა, რომ ერთადერთი შემოსავლის წყარო დაკარგონ.

"რ": გაქვთ იმედი, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება?

ლ.ჩ: ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში ტაქსის მძღოლების აქტივობის ხარისხზე, და მასშტაბზე - თუ ისინი იქნებიან კვლავ საბრძოლო განწყობით, ისევე როგორც ერთად დავიწყეთ ბრძოლა და ისეთივე მასშტაბით და უფრო მეტი მოცულობის აქციებს გამართავენ, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება დათმოს.

"რ": მძღოლების საინიციატივო ჯგუფი თვლის რომ ბრძოლას გააგრძელებენ მარტო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ ამას?

ლ.ჩ: ამ ეტაპზე ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ 18 აპრილს დაგეგმილი აქცია, რომელიც მათ უნდოდათ მარტო გაემართათ, პრაქტიკულად არ შედგა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ხელისუფლებაზე თუ არ იქნა ზეწოლა, შედეგიც არ იქნება. აქედან გამომდინარე, თუ საინიციატივო ჯგუფის ერთ ნაწილს გააჩნია უნარი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ იმ მასშტაბის ან მსგავსი პროტესტი, როგორიც ერთობლივად გვქონდა, გაგვიხარდება, მაგრამ სამწუხაროდ 18 აპრილის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს ძალიან საეჭვოა.

ჯერჯერობით ჩვენ დავინახეთ, რომ 18 აპრილის აქცია, რომელიც იყო ერთობლივად დაანონსებული და შემდგომ თავიანთ თავზე აიღეს, ჩავარდა. აქედან გამომდინარე, ეჭვი მიჩნდება, რომ მათ დასჭიდებათ მომავალში მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენი და საზოგადოების სხვა ნაწილის და დავამატებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტაქსისტთა გადასარჩენად აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×