თამარ შუკვანი
20.04.2019

 დღეს საოკუპაციო ხაზიდან მორიგი გატაცება მოხდა - ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გოჩა ფიდიური გაიტაცეს. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ მისი გატაცება ოკუპაციის ხაზთან მდებარე ლომისას სალოცავიდან მოხდა, სადაც, მათი ცნობით, ფიდიაური ხშირად მიდიოდა ხოლმე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წელს ოკუპანტებმა შესაძლოა ლომისობის დღესასწაული ჩაშალონ და მორწმუნეები სალოცავთან არ მიუშვან?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგანაც „მთელს ვერტიკალზე კონტაქტები გამწყდარია და არანაირი ვალდებულბები მხარეებს ერთმანეთთან აღარ აქვთ".

„ძალიან ძნელია ოკუპანტების ლოგიკა განსაზღვრო. ისინი ყოველთვის ისეთ ნაბიჯს დგამენ, რომელიც გონიერებას და საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება. სამწუხაროდ, მათგან ყველაფერი მოსალოდნელია და მოსახლეობა რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იყოს - ხშირად ადამიანები, რომლებიც მათ ჩვეულ ტერიტორიაზე გადასადგილდებიან, უცებ საფრთხეში აღმოჩნდებიან," - განუცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს".

იგი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ:

„სიფრთხილე და მეტი ყურადღებაა საჭირო ადგილობრივ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება პოლიცია, სხვა სტრუქტურები თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რადგან ოკუპანტებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

„არსებობდა გარკვეული პირადი ურთიერთობები; წინასაწარ შეტყობინება და მეტი ყურადღება - როდესაც ყურადღების გამახვილება ხორციელდება და წინასწარ ღებულობ თანხმობას, რომ ყველაფერი წესრიგშია. საჭიროა ოპონენტები მუდმივად კავშირზე გყავდეს და გქონდეს მუდმივი კონტაქტები," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

დღეს გატაცებული მეჯვრისხეველი ახალგაზრდის თანასოფლელები აცხადებენ, რომ გატაცებული სოფლის განაპირას მდებარე ლომისის სალოცავში ხშირად მიდიოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ეს კონკრეტული შემთხვევა რას შეიძლება ნიშნავდეს და რა გავლენას იქონიებს წლევანდელ ლომისობაზე? რამდენად რეალურია, რომ ოკეპანტებმა მორწმუნეებს სალოცავთან მისვლის საშუალება არ მისცენ?

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულად ეს შემთხვევა და მოახლოებული ლომისობის დღესასწაული ერთმანეთთან კავშირში არ არის; იგი მიიჩნევს, რომ დღეს ორ მხარეს შორის კონტაქტები დაკარგულია, რაც, მისი თქმით, კონფლიქტის დროს, აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

„ლომისობა არაფერ შუაშია. კონფლიქტის დროს მხარეებს შორის მუდმივად არის რაღაც საკითხები მოსაგვარებელი სხვადასხვა დონეზე - ჯანდაცვა, ვაჭრობა, გადაადგილება თუ სხვა რამ. მუდმივი, მყარი კონტაქტები ობობას ქსელივითაა - საკმარისია სხვა სფეროში, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ჰქონდეთ, შემდეგ იოლია ლომისობაზე დალაპარაკება. ერთმანეთიდან გამომდინარე ვალდებულებებია. ზოგადად, თუ წყდება კავშირი ერთი მიმართულებით, ჯაჭვური რეაქციით იგი სხვა რაღაცეებზეც გადადის.

„ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ კონტაქტები გაწყდა, თუნდაც გავიხსენოთ გალის რაიონში გადასვენების ამბავი - უპრეცენდენტო რაღაც მოხდა. არა იმიტომ, რომ კონკრეტულ გადასვენებას შეეხებოდა საქმე, არამედ მთელს ვერტიკალზე კონტაქტები გამწყდარია და არანაირი ვალდებულბები მხარეებს ერთმანეთთან აღარ აქვთ," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლომისობა ყოველწლიურად აღდგომის მე-7 კვირას აღინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×