ეკატერინე ბასილაია
21.04.2019

 „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაიზრდება, მიტინგებზე ნათქვამ სიტყვას მეტი ძალა მიეცემა. სჭირდება ხელისუფლებას ოპოზიციის სიტყვის ასეთი გაძლიერება? მემგონი ეს წამგებიანია. მაშინ, როდესაც თვითონ „ნაცმოძრაობას“ ჩაქრობისკენ აქვს ტენდენცია, მასთან ბრძოლის გამოცხადება და ამ ბრძოლაში „ნაციონალების“ გმირად გადაქცევა სრულიად გაუგებარი სტრატეგია იქნება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

„რეზონანსი“: პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო მოსამართლეების უვადოდ განწესების შესახებ კანონი და საზოგადოების დიდი ნაწილში განმტკიცდა განცდა, რომ მურუსიძის კლანის შენარჩუნებას არ თმობს „ოცნება“. რა მოიგო ამ კანონის ასე გატანით „ოცნებამ“, თუკი მოიგო და რა წააგო?

რამაზ საყვარელიძე: თქვენ მარტო არ ხართ ამ კითხვაში, ყველა დაახლოებით იგივეს კითხულობს, ჟურნალისტებიდან დაწყებული, იმ მოქალაქეებით დამთავრებული, ვინც პოლიტიკაზე რეაქციას იძლევა. როცა ამ თემაზე საუბარი იწყება, ვერავინ ვერ ამბობს რაიმე ჩამოყალიბებულ პოზიციას. 

ოპონენტები „ოცნებას“ ბრალს დებენ იმაში, რომ ხელისუფლებას სჭირდება მართული სასამართლო. ეს ღიმილს იწვევს. რა გახდა მაინცდაიმაინც ეს 10 კაცი, სხვა მართული 10 კაცი ვერ მოიძებნებოდა საჭიროების შემთხვევაშიო?! ანუ, მართული სასამართლოს თემა ლოგიკურს არ ხდის იმას, რატომაა ასეთი მიჯაჭვულობა ამ წამგებიან სიაზე. 

ფაქტია, რომ შექმნილი პოლიტიკური კლიმატის ფონზე ეს სია ხელისუფლებისთვის სერიოზულად წამგებიანია. აქ არა მარტო ამ კონკრეტული საკითხის გამო შეიძლება გაჩნდეს უკმაყოფილება, არამედ უფრო შორიდან დაიწყოს ის უკმაყოფილება, იქიდან, რომ არ შესრულდა 2012 წელს დადებული პირობები; იქიდან, რომ არ შესრულდა საპრეზიდენტოს არჩევნების შუაში დადებული პირობებიც. ზოგადად, პირობათა შეუსრულებლობის სიმბოლოდ შეიძლება იქცეს მოსამართლეთა თემა და ამ მხრივ კიდევ უფრ მძიმეა ეს ფაქტი „ოცნებისთვის“.

„რ“: არაფერი მოიგო?

რ.ზ.: არ ვიცი. ვერ ვფიქრობ. ხომ გაგიზიარეთ ის ვერსიაც, რომ მართული სასამართლო მოიგო, მაგრამ ეს მოგება არ არის, რადგან, როგორც სააკაშვილმა შექმნა მართული სასამართლო, ასევე ნებისმიერი საწყისი პირობიდან შეიძლებოდა მართული სასამართლო „ოცნებასაც“ შეექმნა, თუკი მოისურვებდა.

„რ“: ახალი მურუსიძე ეპოვა?

რ.ს.: რა პრობლემაა საქართველოში ახალი მურუსიძის პოვნა?! 

„რ“: ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ჩინჩალაძეს და მურუსიძეს გავლენები უკვე ჰქონდათ სასამართლოში, დაკვეთებსაც კარგად ასრულებდნენ და ისინი მარტივად დათანხმდნენ ახალი ხელისუფლების მსახურებასაც, ახალი რატომ უნდა მოეძებნათ?!

რ.ს.: 2012 წელს „ოცნება“ იდგა მძიმე ამოცანის წინაშე სასამართლოსა და პროკურატურის მხრივ. ამ სისტემას ახალი კადრებით უცებ ვერ შეცვლი. ძველი კადრები, თუნდაც ეს საკვანძო, კლანური კადრები რომ შეცვლილიყო, შეიძლება სისტემაში საერთოდ დაკარგულიყო მართვა, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით და ამით შეიძლება გამართლებული იყოს ის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გავლენიანი პირების შენარჩუნება. 

დაახლოებით იგივე ლოგიკა შეიმუშავეს კომუნისტებმა, ქურდებში რომ „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი დასჭირდათ, რათა ქაოსი არ წამოსულიყო ამ სფეროში. იმ მომენტში, ალბათ, ვერ მოძებნიდნენ კადრებს, მაგრამ სხვა საკითხი დგება. თავიანთი კადრები უნდა მიეჩინათ და ნელ-ნელა შეეცვალათ. გარდამავალი ეტაპისთვის ამ ტიპის სტრატეგია, რომ კადრები ვერ გაუშვა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ამავე დროს იგივე კადრები დააწინაურო, ეს არაბუნებრივია.

„რ“: ამ კვირას ტელევიზიების თემაც გააქტიურდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს სამართლიანობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ იყო წართმეული და ის უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. მანამდე ივანიშვილმა თქვა, რომ „რუსთავი 2“ სიცრუეებს ავრცელებს და ეს მიუღებელია. გაჩნდა აღქმა, რომ „ოცნება“ ამ ტელევიზიის წინააღმდეგ რაღაც ახალ შეტევას ამზადებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

რ.ს.: იმ ფონზე, როცა ხელისუფლებამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო არჩევნებსა და მედიასთან დაკავშირებით ბოლო ხანებში, მე მგონი, ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო იქნება ახლა „რუსთავი 2“-ზე შეტევა. დღეს ინფორმაცის გავრცელების უამრავი არხი არსებობს. ზვიად გამსახურდია კომუნისტებს რომ ებრძოდა, არცერთი სატელევიზიო არხი არ ჰქონდა, მაგრამ ხეებზე გაკრული განცხადებებით და ქუჩის მიტინგებით მართავდა ხალხის განწყობას. 

ამიტომ ტელევიზიის კონტროლი გადამწყვეტი არ არის, „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაიზრდება, მიტინგებზე ნათქვამ სიტყვას მეტი ძალა მიეცემა. სჭირდება ხელისუფლებას ოპოზიციის სიტყვის ასეთი გაძლიერება? მემგონი ეს წამგებიანია. მაშინ, როდესაც თვითონ „ნაცმოძრაობას“ ჩაქრობისკენ აქვს ტენდენცია, მასთან ბრძოლის გამოცხადება და ამ ბრძოლაში „ნაციონალების“ გმირად გადაქცევა სრულიად გაუგებარი სტრატეგია იქნება.

„რ“: თუმცა, თქვენ წინა ინტერვიუში თქვით, რომ ბოლო დროს ხანებში ხელისუფლება ძალიან თამამად დგამს ხოლმე მარცხიან ნაბიჯებს, ვაჟკაცური გამომეტყველებით. ამდენად, შესაძლოა ისევ ვიხილოთ ამაყი სახით მარცხიანი ნაბიჯი...

რ.ს.: გეთანხმებით, შეიძლება.

„რ“: აჭარის ტელევიზიის დირექტორი, რომელსაც ვადის ამოწურვადე 7 თვე ჰქონდა დარჩენილი, გადააყენა ბორდმა და უმრავლესობამ ეს შეაფასა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ტელევიზია საერთაშორისო დასკვნებში ყველაზე ნეიტრალურ ტელევიზიად ფასდებოდა და ითქვა, რომ ამ ნეიტრალური ტელევიზიის დაქვემდებარება გადაწყვიტა „ოცნებამ“. არის თუ არა ეს ნაბიჯიწამგებიანი „ოცნებისთვის“?

რ.ს.: საკითხის თქვენეულ დაყენებას ვემხრობი - რომ ღირდა თუ არა ამ წამგებიანი ნაბიჯის გადადგმა. მემგონი არ ღირდა. საქმის კურსში არ ვარ, რა იყო გადაყენების მიზეზი, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში ტრიალებს ეს ეჭვი, ეს კლიმატი, მით უმეტეს, როდესაც თვეებია დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, ამ ნაბიჯის გადადგმა და მორიგი დარტყმის ქვეშ თავის დაყენება გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სწორედ არჩევნები და მედიაგარემო იყო გაკრიტიკებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×