პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ზაურ გუმაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველაფერში მოლაპარაკებაა აუცილებელი და ჰესის აშენებით არაფერი კატასტროფა არ ხდება, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პირები საპირისპირო ინფორმაციას აწვდიან.
მისი თქმით, ის წლების განმავლობაში ხეობაში შიშველი ხელებით იბრძოდა იმისთვის, რომ პანკისის და საქართველოს ინტერესების დაცვა მომხდარიყო. თუმცა ის ახლა ამის საფრთხეს ვერ ხედავს და ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო ინტერესია, იქ მოსახლეობას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
ის არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია გარკვეული ძალების მიერ ორგანიზებული იყოს და ამ კუთხით ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა მდგომარეობა უფრო არ გართულდეს.
„აუცილებელია მოლაპარაკება და მოსახლეობის ინფორმირება. არ ხდება სოფლის მცხოვრებლების შესაბამისი ინფორმირება. ვიღაც მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის და იმაზე მეტად ბერავს ამბავს, ვიდრე ეს რეალურად არის.
„აუცილებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოს. იქ, რამდენადაც ვიცი, არის კატეგორია, რომლებსაც სხვები მართავენ. ვერ გეტყვით ვინ მართავენ, მაგრამ ისეთი კატეგორია არის იქ მისული, რომ მაგათ რამე პრობლემაზე რომ ესაუბრო, ძალიან რთულია.
„რა თქმა უნდა, ვიღაცეები მართავენ, სათავეში უდგანან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია.
„უხუცესთა კავშირი ამ მოვლენებში არ ვერევით, რადგანაც ჩვენი პოზიცია სახელმწიფო ინტერესებთან არის დაკავშირებული და მისი ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არასდროს ყოფილა ჩვენი გეგმა. სიტუაციის სასწრაფო განმუხტვა უნდა მოხდეს. ასე არ შეიძლება, ორივე მხრიდან გარკვეული მოლაპარაკებაა საჭირო.
„ამ ჰესის აშენება ასეთი ტრაგიკული და საგანგაშო არ არის, როგორც ადგილობრივების ინფორმირება ხდება. მათ ვიღაც ეუბნება, რომ ხეობაში კატასტროფა მოხდება, ეს კი სწორი არ არის“, - აცხადებს ზაურ გუმაშვილი „რეზონანსთან“.