პანკისში, ჰესის მშენებლობასთან გამართული აქციის შესახებ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი, აცხადებს, რომ მოსახლეობა უკან არ დაიხევს.
„პანკისში ძალიან რთული, დაძაბული ვითარებაა. ვერ ვხვდები, სახელმწიფოს ამ პატარა ხეობაში სპეცრაზმის შეყვანა რატომ დასჭირდა, რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს?! საით მიდის ეს ყველაფერი... ჩემთვის, ეს პოლიტიკა გაუგებარია", - განაცხადა ხანგოშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივები და პოლიცია ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ, თუმცა, არავინ დაშავებულა.
„ამ ეტაპზე პროგნოზს ვერ გააკეთებ. ახალგაზრდები იმდენად აგრესიულად არიან ჰესის მშენებლობის მიმართ განწყობილი, რომ მათგან კომპრომისზე წასვლა გამორიცხულია. სხვათა შორის, სანამ პოლიცია გამოჩნდებოდა, მოლაპარაკებები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ პოლიციის გამოჩენამ სიტუაცია ბევრად დაამძიმა", - განაცხადა ხანგოშვილმა.
მისი ცნობით, აქციაზე ყველა ასაკის წარმომადგენლები არიან, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
მარიამ ბოლქვაძე