„პოლიციელების მიერ მკაცრი ზომები, იმ კონკრეტულ მომენტში არსებული საფრთხიდან გამომდინარე იქნა ალბათ მიღებული და არავის არ ჰქონდა, ჩემი აზრით, მიზანმიმართულად მოსახლეობის ზედმეტად ტერორის ქვეშ მოქცევის მცდელობა. არც მთავრობას აქვს და არც გონივრული აზრია ამაში. წყლის ჭავლიც მყისიერი საფრთხის განმუხტვის საშუალებაა და არა ზეწოლის და ალბათ ამ კონტექსტში იქნა გამოყენებული", - ასეთია „ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას შეფასება დღეს პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებზე.
მისი აზრით, კონკრეტული სიტუაციის განსამუხტავად დრო არის საჭირო და გამოსავალს დიალოგში ხედავს.
„ამ შემთხვევაში გამოსავალი დიალოგია. სანამ ეს ვნებები დაცხრება, ცოტა პაუზაა გასაკეთებელი. მეორე ეტაპი დიალოგია. როგორც ვიცი, რესურსი არსებობს მოლაპარაკებების. ძალადობა არასოდეს არ არის გამოსავალი, მაგრამ თუ მთავრობას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, დეტალებს განხილვა უნდა", - აცხადებს კაკულია.
პარლამენტარის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღევანდელ მოვლენებამდე პანკისში იყო ჩასული და მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა არ ყოფილა
„როგორც ვიცოდი, დღევანდელ მოვლენებამდე ქალბატონი ნათია, როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო პანკისში. ვიცი, რომ იყო შეთანხმება მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ აქ რამე განსაკუთრებულ ზემოქმედებაზე არ გვაქვს საქმე, არც რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ ყოფილა იქაური მცხოვრებლების მხრიდან, როგორც სანაცვლოდ დაყენებული პირობა. ან რაიმე მკაფიო მიზეზი არ იყო ჩემთვის ცნობილი.
„ამ დროს ცოტა უცნაურია უცებ რა მოხდა დღის განმავლობაში. რათქმაუნდა ძალადობას ყველეფერი სჯობია და ეს არ უნდა იყოს. მეც ამ წუთას დეტალების განხილვის პროცესში ვარ. ასეთ დროს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე დალაგდება", - აცხადებს კაკულია
ცნობისთვის პანკისში, სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.