ელზა პაპოშვილი
21.04.2019

 რატომ აპროტესტებენ პანკისის ხეობაში  ადგილობრივები მესამე ჰესის მშენებლობას და რა არის მათი მთავარი არგუმენტები, რის გამოც სოფელ ბირკიანში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. პირველი პრობლემა, რატომაც პანკისელები ჰესის მშენებლობას არ ეთანხმებიან, არის ის, რომ „ხადორი 3“-ის აშენება იგეგემება დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში და მოსახლეობას ეს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის თუნდაც ხმაურის კუთხით. 

ასევე  სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ხეობა არის მცირემიწიანი ადგილი და საქონელი ძირითადად რიყეზე გადის  საძოვარზე და ამ ჰესის აშენების შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი საძოვრებისა საპროექტო ზონაში იქნება მოქცეული და საქონელი საძოვრის გარეშე დარჩება.

ასევე,  ხეობაში უკვე ორი ჰესია აშენებული და ამ წლების განმავლობაში მოსახლეობა ამბობს, რომ  ამ ჰესებიდან არანაირი   სარგებელი არ მიუღია სოციალური თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, ხეობა ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი ადგილი და ბოლო წლების განმავლობაში თანდათანობით იზრდება ვიზიტორების რაოდენობა. ყველაზე მეტად კი უყვართ ხადორის ხეობაში სტუმრობა, სადაც არის ჩანჩქერი და ძალიან ლამაზი ბუნებით გამოირჩევა, რომელსაც მდინარე ალაზანი ალამაზებს. 

ამიტომ, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მილებში დატყვევებული ალაზანის სანახავად იქ არავინ ჩავა, ან ჩამოსული მეორედ აღარ ჩამოვა და ტურიზმი, რომელიც ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ადგილობრივებისთვის, აღარ განვითარდება. ტურიზმის განვითარებისთვის, რაც ნიშნავს ხეობის განვითარებას, საჭიროა, რომ ის არსებული სიმდიდრე შეინარჩუნონ,რაც ხეობას გააჩნია.  

სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. კომპანიამ ჰესის ასაშენებლად ხეობაში სამშენებლო მასალები უკვე შეიტანა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის წინააღმდეგია. 21 აპრილს კი მსენებლობის დაწყების მცდელობას მოსახლეობასა და ადგილობრივებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.  

„ყოველი ჰესი წელიწადში სამჯერ იწმინდება. მთელი ეს განაწმენდი მდინარეში იღვრება და მოსახლეობას უნახავს, რომ ალაზანი გაშავებული მოდის. წყალს ძირითადად ალაზნიდან ვიღებთ. აქ რომ ჰესი აშენდეს, აღარ გამოვა სუფთა წყალი, რომლის გამოყენებაც ხალხს შეეძლება, ან რომელშიც ბავშვები იბანავებენ. ამდენ ტურბინებში წყალი რომ გაივლის, მივიღებთ დაბინძურებულ, ზეთიან წყალს. ომალოშიც წყლის პრობლემა გვაქვს და აქედან ვაპირებთ წყლის გაყვანას“, – ამბობს ადგილობრვი მცხოვრები მურაზი გოდერძიშვილი.

„სოფლებში ჭები გვაქვს და სასმელ წყალს იქიდან ვიღებთ. მდინარეში თუ წყალი აღარ იქნება, ჭაშიც გაქრება და უწყლოდ დავრჩებით“, - აღნიშნავენ ადგილობრივები.  

ასევე მათი თქმით, ჰესიდან წამოსული ბინძური წყალი მდინარეში თევზის დახოცვის მიზეზი ხდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×