საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ჰესის მშენებლობას პოზიტიურად აფასებს და პანკისელების ქმედებებს დაუშვებლად მიიჩნევს. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს დანიშნული ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნას, მისი თქმით, ეს დაუშვებელია
„მსგავსი ქმედებები არის დაუშვებელი, ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება, ჰესების მშენებლობა, ენერგოდამოუკიდებლობა არის პრიორიტეტი და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები. შესაბამისად, ვისურვებდი და მოვუწოდებდი პანკისის მოსახლეობას ამ საკითხს პრაგმატულად მოეკიდნონ და ხელს ნუ შეუშლიან სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესების განვითარებაში.
„ეს არის მცირე ჰესი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთი ჰესები გარემოზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ და თუ ახდენს, მხოლოდ პოზიტიურს - ეს არის წყლის რეზერვუარი, ელექტროენერგია და ა.შ. ადგილობრივები დასაქმდებიან და მიიღებენ შემოსავალს", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
იგი არასამთავრობოების მოთხოვნას, ეკონომიკის მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ, გამორიცხავს.
„არასამთავრობოები ერთი დღის დანიშნული მინისტრის გადადგომას რომ ითხოვენ, ეს უკვე მათ კომპეტენციასა და შეფასებაზე ნათლად მეტყველებს. როგორ შეიძლება ორი დღის დანიშნული მინისტრის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ?!", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.