
საქართველოში, ჰესების მშენებლობის საკითხის შესახებ, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი, თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია გარემოსა და წყლის მარაგის შესწავლა.
„როდესაც ელექტროენერგიის გენერაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ეკონომიკური განვითარების სტრატეგია უნდა შევისწავლოთ. არ სწავლობენ და პირდაპირ აკეთებენ და შედეგებს მწარედ იმკიან.
„სახელწიფო მუშაობს ბიზნეს ინტერესებზე და არა ხალხის ინტერესებზე. საქართველოს დღეს წყალსაცავიანი გენერაცია არ სჭირდება, არსებული გენერაცია უნდა გამოვიყენოთ, მოსახლეობას კი ინდივიდუალური მზის ან ქარის პანელები დავუყენოთ," - აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.
მისი თქმით, აჭარაში, მაჭახელა ჰესის მშენებლობის ღირებულებამ თითქმის 400 მილიონს მიაღწია, თუმცა, 2 თვის მუშაობის შემდეგ, იგი დაინგრა. აღდგენილი კი დღემდე, არ არის.
ვაშაკიძე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში უკვე აშენებული ჰესების - „ხადორი-1" და „ხადორი-2"-ის გავლენა გარემოზე გამოკვლეული არ არის. მისივე სიტყვებით, ამ ჰესების მშენებლობის გამო, პანკისელებს უფასო ელექტროენერგიას დაჰპირდნენ, რაც არ შესრულდა. პირიქით, პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის დენის მოხმარება იმაზე უფრო ძვირია, ვიდრე თბილისელებისთვის.
„5-მეგავატიანი სადგურის გულისთვის არ შეიძლება ძალიან სენსიტიურ ხეობაში მძიმე ტექნიკით აღჭურვილი 500 პოლიციელი შეიყვანო. თუ მოსახლეობას ჰესი არ უნდა, ესე იგი ცდები და არ უნდა ააშენო, სხვა რამ უნდა გააკეთო," - ამბობს ვაშაკიძე.
მისივე თქმით, მდინარე თერგი მილშია მოქცეული, რადგანაც სხვანაირად იქ არსებული ჰიდროელექტროსადგურის ამუშავება შეუძლებელი იყო.
„სვანეთში, მესტიაში ააშენეს ჰესი „მესტია-1", რომელიც დაინგრა, რადგან მეწყერზე იყო აშენებული - ესე იგი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. ახლა, აშენებენ „მესტიაჭალა-2"-ს. გარემოს შესწავლის გამო მილიონნახევარი დახარჯეს, მაგრამ არ იციან იგი რამდენად რენტაბელური ჰიდროელექტროსადგური იქნება. თავად მშენებლობის ღირებულება კი, 30 მილიონია," - აცხადებს თამაზ ვაშაკიძე.
მარიამ ბოლქვაძე