პანკისის ხეობაში ინციდენტი ჯერჯერობით ამოწურულია, თუმცა კვირას მომხდარი მოვლენები ალბათ კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების განსჯის საგანი. საერთო ჯამში, დაშავდა 27 ადამიანი - 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მცხოვრები; დამწვარი და დაზიანებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა; შეტაკებისას პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, ადგილობრივებმა - ქვები, ჯოხები და "მოლოტოვის კოქტეილები". ვითარების განმუხტვა მხოლოდ ინციდენტის ადგილზე შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ მოხერხდა.
"ომი გინდათ? - ომი იქნება. ჩხუბი გინდათ? - ჩხუბი იქნება. მშვიდობა გინდათ? -მშვიდობა იქნება" - ასე დაიწყო 21 აპრილს, დილით, პანკისში პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება. სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები ადგილზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამის შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა. დაახლოებით ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ადგილზე მივიდა და სოფლის სამი მცხოვრები მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე წაიყვანა.
ამ შეხვედრას სამი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა ესწრებოდნენ. მოლაპარაკების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ადგილობრივებმა შეხვედრა დატოვეს.
ამის შემდეგ კი სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ისევ დაიწყო, რადგანაც შსს-მ ხეობაში დამატებითი სპეცრაზმი შეიყვანა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.
პანკისელები ამბობდნენ, რომ ისინი ხელისუფლებამ მოატყუა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ პანკისში იმყოფებოდნენ მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომლებიც ადგილობრივებს დაჰპირდნენ, რომ ჰესის მშენებლობა არ დაიწყებოდა და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მათ სურდათ.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებას მართავს გარკვეულ ჯგუფებთან, პანკისელები კი არანაირ დათმობაზე არ წავიდოდნენ.
"ჩვენ ჩვენს ჯანმრთელობას არ ვყიდით" - განმარტავდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც სპეცტექნიკასა და შეიარაღებულ სამართალდამცველებს ჯოხებით დახვდნენ.
პანკისელები ამბობენ, რომ მათ ღმერთს შეჰფიცეს და დათმობაზე არ წავლენ, ჰესის აშენებას არ დაუშვებენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადასხვა სამინისტროსთან თბილისში მოლაპარაკება გაიმართებოდა. მათ ადგილზე კარვები გაშალეს და ამბობდნენ, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დარჩებიან.
"არ მივცემთ უფლებას, აქ ჰესი აშენდეს. ღამეც დავრჩებით და დღეც. ცეცხლიც ავანთეთ და კარვებსაც გავშლით. აქ ასე შეიარაღებული შემოსვლა რა საჭირო იყო? ამხელა ჯარი უნდა შემოეყვანათ? მოგვატყუეს, ჰესს არ ავაშენებთო და მერე სპეცრაზმით მოგვიცვივდნენ. ღმერთს შევფიცეთ და აქ არაფერს არ დავთმობთ. ჩვენს ჯანმრთელობას არაფერზე არ გავცვლით," - განაცხადა ადგილობრივმა დარეჯან ფარეულიძემ "მთელ კვირასთან".
ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, 12 ადგილობრივი და 15 სპეცდანიშნულების რაზმის წევრი.
დღის მეორე ნახევარში დაძაბული სიტუაციის განსამუხტად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში პირადად ჩავიდა, ჯერ დაშავებული პოლიციელები მოინახულა, შემდეგ კი ხეობის უხუცესებთან დახურული შეხვედრა გამართა. ერთსაათიანი მოაპარაკების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ დათმობაზე ყველა უნდა წავიდეს.
"ჰესის მშენებლობა მანამდე გადაიდება, სანამ მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება"
მოლაპარაკებიდან გამოსულმა გახარიამ კიდევ ერთი შეხვედრა მოსახლეობასთან გამართა. მინისტრმა ადგილობრივებს უთხრა, რომ მათი შეთანხმება ისე უნდა დასრულდეს, როგორც ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას ეკადრება, პოლიციისთვის ქვების სროლა კი გამოსავალი არ არის. თანაც დაჰპირდა, რომ ყველა კადრს ნახავს და გაარკვევს, ვინ გადააჭარბა ძალას და ვინ - არა.
"ჰესის მშენებლობა მანამდე გადაიდება, სანამ მოსახლეობის 90% თანახმა არ იქნება და კომპანიასთან არ შეთანხმდება. მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ, აქ იმის გამო ამოვედი, რომ ფორმიანებს ქვები ესროლეს. ქვის სროლა გამოსავალი არ არის. ბრძენმა უხუცესებმა თავისი სათქმელი გვითხრეს და ჩვენ ჩვენი სათქმელიც ვუთხარით.
"ეს შემთხვევა იყო უმძიმესი. ვინც შინაგან საქმეთა თანამშრომლებზე იძალადა, ისინი პასუხს მკაცრად აგებენ. ასევე, კომპანიას და ადგილობრივებს შორის გაიმართება მოლაპარაკება, სანამ შეთანხმება არ მოხდება. სპეცრაზმი დატოვებს ტერიტორიას, თუმცა პოლიციის გაძლიერებული ძალები ხეობაში დარჩებიან. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ღიმილის მომგვრელი პროვოკაციული კითხვები აღარ დასვათ და ამ მოლაპარაკების მონაპოვარს გავუფრთხილდეთ," - განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა.
ამის შემდეგ გახარიამ ტერიტორია დატოვა და ინციდენტი, ფაქტობრივად, ამოიწურა, სოფელში სიტუაციაც დაწყნარდა.
"არ შეიძლება, ადგილობრივებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ, ასეთი ფორმით ვესაუბროთ"
პანკისის უხუცესი ხასო ხანგოშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ფორმით მოსახლეობის დარბევა საკმაოდ საფრთხილოა და კიდევ უფრო მეტი პროვოკაციის საფუძველს აჩენს.
"არ შეიძლება, ადგილობრივებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ, ასეთი ფრომით ვესაუბროთ. ეს სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. არ შეიძლება ამ რაოდენობის პოლიციის მობილიზება, ეს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს. ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა.
"ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების. თავიდანვე რომ ნორმალური კომუნიკაციით მომხდარიყო, ადგილობრივებთან ამ დაპირისპირებას არ გამოიწვევდა. უხუცესების პოზიციაა, რომ თუ სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება, მას ხელი არ უნდა შევუშალოთ. შევეცადოთ, რომ კომპანიისგან მეტი სარგებელი მივიღოთ და ეს სოფლის მცხოვრებლებამდე მივიტანოთ.
"არ შეიძლება, რამდენიმე დღის წინ შეჰპირდე, რომ არ ააშენებ და მერე სპეცრაზმით ხეობაში გამოჩნდე. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს.
"ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით. ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ და ნუ გააღიზიანებენ," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა "მთელ კვირასთან".
"ამ ჰესის აშენება ასეთი ტრაგიკული არ არის. რა თქმა უნდა, სიტუაციას ვიღაცები მართავენ"
პანკისის კიდევ ერთი უხუცესი ზაურ გუმაშვილი "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ყველაფერში მოლაპარაკებაა აუცილებელი და ჰესის აშენებით არაფერი კატასტროფა არ ხდება; რომ იგი წლების განმავლობაში ხეობაში შიშველი ხელებით იბრძოდა პანკისისა და საქართველოს ინტერესების დასაცავად, თუმცა ახლა ამის საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ინტერესია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ის არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია გარკვეული ძალების მიერ იყოს ორგანიზებული და ამ კუთხით ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.
"აუცილებელია მოლაპარაკება და მოსახლეობის ინფორმირება. არ ხდება სოფლის მცხოვრებლების შესაბამისი ინფორმირება. ვიღაც მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის და იმაზე მეტად ბერავს ამბავს, ვიდრე რეალურად არის. აუცილებელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოს. იქ, რამდენადაც ვიცი, არის კატეგორია, რომელსაც სხვები მართავენ. ვერ გეტყვით, ვინ მართავენ, მაგრამ ისეთი კატეგორია არის იქ მისული, მაგათ რამე პრობლემაზე რომ ესაუბრო, ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ვიღაცები მართავენ, სათავეში უდგანან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზებულია.
"უხუცესთა კავშირი ამ მოვლენებში არ ვერევით, რადგანაც ჩვენი პოზიცია სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება და მისი ინტერესების წინააღმდეგ წასვლა არასდროს ყოფილა ჩვენი გეგმა. სიტუაცია სასწრაფოდ უნდა განიმუხტოს. ასე არ შეიძლება, ორივე მხრიდან გარკვეული მოლაპარაკებაა საჭირო.
"ამ ჰესის აშენება ასეთი ტრაგიკული და საგანგაშო არ არის, როგორც ადგილობრივების ინფორმირება ხდება. ვიღაც ეუბნება, რომ ხეობაში კატასტროფა მოხდება, რაც სწორი არ არის," - განაცხადა ზაურ გუმაშვილმა "მთელ კვირასთან".
ვის მოუვიდა თავში აზრად მშენებლობის დაწყება მაინცდამაინც ბზობა დღეს?
კავკასიოლოგსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს პანკისში მიმდინარე მოვლენებზე კითხვები აქვს - ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ბზობის დღესასწაულზე ჰესის მშენებლობა დაეწყო და საზოგადოებას მაქსიმალურად რატომ არ აუხსნეს, ამ ჰესის მშენებლობამ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ადგილობრივებს.
"ძალიან კარგად მესმის, რომ ჰესის მშენებლობამ ეკოლოგიური თვალსაზრისით შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას, მაგრამ იცის თუ არა ხალხმა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია და მწვავე დეფიციტი გვაქვს. ასევე, გაუაზრებელმა მოხმარებამ ენგურჰესის დაზიანება გამოიწვია. ცალკე აფხაზები იყენებენ და ცალკე ჩვენ ვართ იძულებული, მისი სიმძლავრე მაქსიმალურად გამოვიყენოთ და არ დავასვენოთ.
"აქედან გამომდინარე, უაღრესად რთულ სიტუაციაში ვართ. დაპირისპირების დღის შერჩევა კი მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების შიგნით ზოგიერთები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარ თავს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან.
"ნუთუ არ შეიძლებოდა იმ ვიღაცის თუ ვიღაცების გამოვლენა, რომლებიც, შესაძლოა, მოსახლეობას მცდარ ინფორმაციას აწვდიან? ხომ არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფრით ვიღაცა ხეირს ნახულობს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ პანკისის ხეობა საკმაოდ განსაკუთრებული რეგიონია და იქ შექმნილი ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია შეიძლება ქვეყნის მტრებმა გამოიყენონ, ასევე, სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა. ამის დაშვება როგორ შეიძლება, რაც მოხდა. ეს სირცხვილია საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის, ბოლო 7 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მახსოვს," - აღნიშნა არეშიძემ და დასძინა, რომ შორიდან კრიტიკა მარტივია, თუმცა ხელისუფლებას მდგომარეობა აქამდე არ უნდა მიეყვანა.