„დიდი ალბათობით უკრაინა რუსეთს სარჩელს მოუგებს, შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა,"- ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას კიევის მხრიდან რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისათვის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალისთვის მიმართვას.
შესაბამისი განცხადება უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა. პოროშენკოს განცხადებით, სწორედ მისი განკარგულებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლო ორგანოში შესაბამისი თხოვნა უკვე გაგზავნა.
„რუსეთი ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ცინიკურ უპატივცემულობის დემონსტრირებას კვლავ განაგრძობს. ამის მტკიცებულება კი, უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ წამოგორებული სასამართლო პროცესია," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
კიევში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალი რამდენიმე კვირაში რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების და გემების გათავისუფლებას დაავალებს.
ნიკა ჩიტაძის აზრით, გასულ წელს ქერჩის სრუტეში რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტაკება, სამართლებრივი დარღვევაა და რუსეთი ვალდებულია უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს.
„უკრაინას სწორედ სამართლებრივად შეუძლია რუსეთს დაუმტკიცოს, რომ უკრაინელი მეზღვაურები უკანონოდ არიან დაპატიმრებული, - უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ფაქტის წინაშე დააყენებს, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს განხორციელებული ქმედება უკანონო იყო. არსებობს 1982 მიღებული კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული წყლების პრინციპს განსაზღვრავს.
„უკრაინული გემები გადაადგილდებოდნენ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, უკრაინა ეყრდონობა, როგორც 1982 წლის კონვენციას, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს, წესდებებსა და დებულებებს," - აღნიშნა მან.
ჩიტაძე 1982 წლის კონვენციაზე საუბრობს, რომელიც საზღვაო სამართლის შესახებ დებულებებს შეიცავს; მისი თქმით, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხიც, - რუსეთის მხრიდან ქერჩის სრუტეში განხორციელებულ ქმედებაზე საერთაშორისო საზღვაო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესრულება არ იქნება სავალდებულო, - იგი სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილებად იქნება წარმოდგენილი.
„ამ შემთხვევაში რუსეთი ფაქტის წინაშე დადგება, რომ მეზღვაურების დაკავება უკანონოდ განხორციელდა. ეს იქნება უკრაინის კიდევ ერთი დიპლომატიური გამარჯვება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზღვაო სასამართლოს გადაწყვეტილებას რეკომენდაციული ხასიათი გააჩნია და არა სავალდებულო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში უკრაინას დიდი შანსი აქვს, რომ სამართლებრივ სფეროში გამარჯვება მოიპოვოს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისათვის, 2018 წლის 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.