“შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელმაც პროვოკაციული რეჟიმი შექმნა” - არეშიძე პანკისზე
ეკატერინე ბასილაია
22.04.2019

 პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალები რჩებიან. ალაზანზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა კი ისევ დიდ გაურკვევლობაშია და ელოდება, დააკავებენ თუ არა იმ პანკისელებს, ვინც ინციდენტში მონაწილეობდნენ.

მათი თქმით, თუკი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ერთგვარი მუქარა შესრულდება და ადამიანების დაპატიმრება დაიწყება, ეს ადგილობრივებს უფრო გააღიზიანებს და ვითარება უფრო გამწვავდება.

პანკისელების განცხადებით, ისინი აქ არც ჰესის მშენებლობას დაუშვებენ და არც - თანასოფლელების დაკავებას.

კვირას, 21 აპრილს, ხელისუფლების მიერ ალაზანზე ჰესის მშენებლობის გამო სპეცრაზმელების პანკისის ხეობაში შეყვანამ გამოიწვია ისიც, რომ ჰესის მშენებლობის მომხრე მცირე ნაწილის მხარდაჭერაც დაკარგა ამ საქმეში ხელისუფლებამ. მათი თქმით, სპეცრაზმის შეყვანა და რეზინის ტყვიების გამოყენება, ეს დიდი შეცდომა იყო და დღეს ჰესის მშენებლობაზე დადებით აზრის აღარავინ დააფიქსირებს.

ახლა მთავარი კითხვაა, რა იქნება ხელისუფლების შედეგი ნაბიჯი - ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერდა თუ სამუდამოდ და იქნება თუ არა დაპატიმრებები.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძის შეფასებით, კვირას ჩვენ ვიხილეთ სერიოზული შეცდომების მთელი წყება და ახლა საჭიროა პრობლემების ლიკვიდაცია.

„ხელისუფლებების პანკისის ხეობის მიმართ სულ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ, არ ითვალისწინებენ ადგილობრივ სპეციფიკას. ეს არის რეგიონი, სადაც დაძაბულობის შექმნით დაინტერესებულია არა ერთი ძალა საქართველოს გარეთ და ამისთვის წლებია მუშაობენ. ხეობაში ჰყავთ გავლენის ფიგურები, რომლებსაც პატარა უთანხმოების შემთხვევაში შეუძლიათ სიტუაცია არიონ,"- ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, ვიღაცამ ეს პროვოკაცია მოაწყო.

„უფრო სწორად, სიტუაციას ასდის პროვოკაციის სუნი, ვიღაცამ მოინდომა, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო ყოფილიყო დისკრედიტირებული, ვინ, არ ვიცი. ამიტომ პრობლემის ლიკვიდაციაა საჭირო.

"ახლა ჰესის აშენებაზე ლაპარაკი ზედმეტია, საჭიროა პრობლემის ძირისძიერეულად შესწავლა. ხალხის დაპატიმრებით არაფერი გამოსწორდება. ის, რაც მოხდა პოლიციის წინააღმდეგ, ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და პრობლემის ლიკვიდაცია უნდა დავიწყოთ,"- დასძენს არეშიძე.

კვირას, სოფელ ძიბახევთან პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დიდი შეტაკება მოხდა. სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა - ხელკეტები და ქვები. დაშავდა 55 ადამიანი, 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია ამჟამად მოთავსებული შსს-ს 15 თანამშრომელი. გამოძიება დაწყებულია სს ორი მუხლით - პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების გამო.

ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუკი მოსახლეობის 90% არ იქნება ჰესის მშენებლობაზე თანახმა, ჰესი არ აშენდება. ასევე გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

მისი თქმით, თითოეულ ვიდეოკადრს გაანალიზებენ და ნახავენ, ვინ ვის რა ესროლა. სწორედ გახარიას ამ განცხადების გამოა პანკისში დაჭერების ახალი მოლოდინი და გაღიზიანება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კონფლიქტში მონაწილე ადგილობრივების დაკავებაზე, რადგან მოსახლეობის აგრესია და პროვოცირება სპეცრაზმის შემოსვლამ გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად.

„მოსახლეობა არის ძალიან უკმაყოფილო, დაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიზიანება და შესაძლოა, ისევ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი შენგელი ტოხოსაშვილი.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები მიზანმიმართული პროვოკაცია იყო მოსახლეობის მიმართ.

„ანალოგიურად ველოდებით კიდევ მიზანმიმართულ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცივილურ ფორმებში, სამოქალაქო პროტესტს გავაგრძელებთ," - ამბობს ტოხოსაშვილი.

ხეობის მკვიდრი, ლეილა აჭიშვილის თქმით, ხელისუფლება თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკებოდეს ტყვიების და გაზის ენით.

„რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან."- ამბობს აჭიშვილი.

სპეცრაზმის შეყვანას დიდ შეცდომად მიიჩნევენ ხეობის უხუცესებიც, რომლებიც ჰესის მშენებლობას მხარს უჭერდნენ. ხელისუფლებას ისინიც მოუწოდებენ, რომ ხალხთან დიალოგი დაიწყოს.

უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრებლებზე სპეცრაზმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს და კვირიას განვითარებული მოვლენების გამო, ვინც პანკისში ჰესის მშენებლობის მომხრე იყო, ახლა ისიც დუმს, რადგან საკითხი ასე დადგა: ვინც ჰესების მშენებლობის მომხრეა, ის ხალხის მტერია.

ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჰესები აღარ აშენდება და ამიტომ პროტესტის გაგრძელების საჭიროება აღარ დადგება.

„თავისთავად ცხადია, ბატონმა მინისტრმა, ამით დახურა ეს საკითხი, იმიტომ რომ 90% ხეობაში ჰესის მშენებლობის მომხრე არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. განვითარებული პროცესების შემდეგ, ჰესების მშენებლობის მომხრეთა რიცხვიც მნიშვნელოვნად შემცირდება", - განაცხადა ხანგოშვილმა.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სპეცრაზმის შეყვანის საკითხი მოუმზადებელი იყო და ამ შეყვანით ქვეყანამ წააგო.

„რატომ ხდება ეს, რომ მუდმივად წაგებულის მდგომარეობაშია, განსაკუთრებით შს სამინისტრო ჩანს ასე, ეს ძალიან მაწუხებს. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი სიმბოლო სწორედ შს სამინისტროა. მუდმივად ხდება შს სამინისტროს და მისი მინისტრის დისკრედიტაცია.

"ვიღაცამ არაკეთილსინდისიერი ინფორმაცია მიაწოდა. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხელისუფლებაში არსებობს ჯგუფი, რომელმაც პროვოკაციული რეჟიმი შექმნა და ხეობაშიც არსებობს ჯგუფი, რომელიც პროვოკაციული რეჟიმის შექმნას სიხარულით შეხვდა და აჰყვა სიტუაციას.

"ხელისუფლებამ წააგო ისიც, რომ ახლა ჰესის მომხრე პანკისელებიც აღარ არიან ჰესის მომხრეები. სახელმწიფომ ამ მოქმედებით უფრო მეტი დაკარგა. ხალხზე არ ვლაპარაკობ, ეკრანზე ვნახე, რომ მოსახლეობასთან ერთად იყვნენ სხვა ძალებიც, ვინც სხვა დავალებებს ასრულებდნენ და ეს პროვოკაცია აწყობთ. დღეს გამარჯვებულები მხოლოდ ეს ჯგუფი დარჩა. ამის დაშვება არ შეიძლებოდა,"- აღნიშნავს არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×