"სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მაღაზიებში და ა.შ. ტურისტი ვერ იღებს იმ მომსახურებას, რის ფასსაც იხდის"
თამარ მუკბანიანი
23.04.2019

 გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, შშმ პირებისათვის არაადაპტირებული გარემო, არასაკმარისი საპარკინგე ადგილები, ბიოტუალეტების სიმცირე, ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა - ეს პრობლემები აჭარაში ჩასულ დამსვენებლებს ყოველ წელს უცვლელად ხვდებათ. პრობლემები, რომელიც წლებია, დაგროვდა და ადგილობრივი ხელისუფლება მოგვარების პირობას ყოველი სეზონის ბოლოს დებს, კვლავ გადაუჭრელია. ამჯერადაც არსებობს დაპირება, რომ 2019 წლის ტურისტული სეზონი იქნება სხვაგვარი და მოწესრიგებულ გარემოში ჩაივლის.

წლების განმავლობაში აჭარის სანაპიროზე არსებული ანტისანიტარიის პრობლემა მოუგვარებელია. მედია ყოველწლიურად აშუქებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებულ სანაპირო ზოლს და ამით შეწუხებულ დამსვენებლებს. აჭარის ხელისუფლებამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვედროდა და ვიზიტორები ნაგავს არ შეეწუხებინა. მათი პასუხი ხშირად ამგვარია, რომ არა თუ ბათუმში, პარიზის ხალხმრავალ ქუჩებშიც კი ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენია, რადგან სადაც ტურისტები მრავლად არიან, მუნიციპალიტეტი დასუფთავებას ვერ ასწრებს.

სეზონის გახსნის შემდეგ პრობლემაა საპარკინგე ადგილებიც, სანაპირო ზოლთან არსებული სველი წერტილები კი ძალიან ცოტა და მოუწესრიგებელია. ქალაქის მარადიული პრობლემა გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა, რომელიც უფრო მწვავედ იჩენს თავს ზაფხულში. ისევე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადაპტირებული გარემო შშმ პირებისათვის არც აჭარაშია. ადგილობრივი ხელისუფლება "ბიზნეს-რეზონანსთან" პირობას დებს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

აჭარის პრობლემები განსაკუთრებით თვალში საცემია ადგილობრივებისა და რეგიონის ხშირი სტუმრებისათვის. თეკო ლალიაშვილი საქმიანი ვიზიტით აჭარს წელიწადში 4-5-ჯერ სტუმრობს და ამბობს, რომ განაშენიანების, მაღალი შენობების სიუხვისა და ახალი ბრენდების გამოჩენის პარალელურად, ბათუმი უფრო და უფრო არაკომფორტული ადგილი ხდება ცხოვრებისა და დასვენებისათვის.

"ბოლო წლებია, აჭარაში წელიწადში, მინიმუმ, 4-5-ჯერ ჩავდივარ. ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო აღმშენებლობა, ახალი ობიექტები, ბრენდული სასტუმროები და ა.შ. მაგრამ რაც დრო გადის, ბათუმი უფრო არაკომფორტული ადგილი ხდება ცხოვრებისა და დასვენებისათვის. ეს უსაშველოდ მაღალი შენობები, რომელიც მანჰეტენს ამსგავსებს ამ ოდესღაც პატარა და ლამაზ ქალაქს, პირწმინდად სპობს ხედს. მანქანის გაჩერებაც უკვე შეუძლებელია არათუ ცენტრალურ უბნებში, მოშორებითაც კი. პატარა წვიმის შემდეგ უზარმაზარი გუბეები დგება ქუჩებში სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო. ეს ყველაფერი ერთად გროვდება და აღარაა მიმზიდველი კურორტი.

მოგეხსენებათ, ბათუმი საპორტო ქალაქია და ზღვაც, შესაბამისად, დიდად სუფთა არაა. ქვიანი სანაპიროს ფონზე კი, ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც დასასვენებლად აღარ ჩავდივარ. მხოლოდ საქმიანი ვიზიტით თუღა ვსტუმრობ ბათუმს," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" თეკო ლალიაშვილი.

ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა - ეს არის აჭარის ტურიზმის მთავარი პრობლემა. პროფესორ პაატა აროშიძის აზრით, სხვა ყველა პრობლემა წლიდან წლამდე ნელი ტემპით მაინც გვარდება, თუმცა მუდმივად ძალიან მაღალი ფასებია, ხოლო მომსახურების ხარისხი არ უმჯობესდება.

"ვერ ვიტყვით, რომ აჭარა სრულიად მოუმზადებელია საზღვაო სეზონისათვის, თუმცა არის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც მუდმივ პრობლემად იქცა. პირველი, ეს არის ფასისა და მომსახურების სერიოზული აცდენა. ტურისტი ხშირ შემთხვევაში იხდის იმაზე ძვირს, ვიდრე იღებს სათანადო მომსახურებას.

მნიშვნელოვან პრობლემებს შორისაა ბიოტუალეტები, რომელიც ცოტაა ქალაქში. რაც შეეხება საზღვაო სანაპირო ზოლის სისუფთავეს, ეს უკვე მართლაც დიდ თავსატეხად იქცა. მთავარი მაინც ისაა, რომ სასტუმროებში, კვების ობიექტებში, მაღაზიებში და ა.შ. ტურისტი ვერ იღებს იმ მომსახურებას, რის ფასსაც იხდის.

ალბათ თქვენც ხშირად გსმენიათ, როცა ამბობენ, რომ ბათუმი ძვირია, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქ დასვენება. ხარისხი რომ შესაბამისი იყოს, ამგვარი პრეტენზიებიც ნაკლები იქნებოდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ რეგიონი ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა ორიენტირებული. ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, აქცენტი რომ ადგილობრივ დამსვენებელზეც ნაწილდებოდეს და მათთვისაც შესაბამისი გარემო იქმნებოდეს.

მთელ რეგიონში საპარკინგე ადგილების პრობლემა იმდენად მწვავეა, განსაკუთრებით ქობულეთში, რომ მყისიერი მოგვარება სჭირდება. სატრანზიტო გზით შემოსული დამსვენებლისათვის, კარგი იქნება, გაკეთდეს ქალაქგარეთ დიდი ავტოსადგომი, ხოლო უშუალოდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით ან ველოსიპედით ისარგებლონ. სხვაგვარად გადაადგილება ივლისსა და აგვისტოში შეუძლებელი ხდება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მუდმივი პრობლემა, რომელიც ბათუმს ედგა და ანტისანიტარიას იწვევდა, ეს გარევაჭრობა იყო. დაახლოებით ერთი თვის წინ იგი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მოგვარდა. რასაკვირველია, ეს პოზიტიური ნაბიჯია, ახალი სეზონის სრულფასოვნად ჩასატარებლად," - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძემ.

მოუგვარებელ და გადაუჭრელ საკითხებს გამოწვევას უწოდებს, მაგრამ პრობლემებად არ მიიჩნევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მისი აზრით, ფესტივალები, ტურნირები და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის რეგიონის განვითარების პოტენციალს.

"აჭარაში ინკლუზივ ტურიზმის მიმართულებით ნამდვილად გვაქვს სიახლეები. ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილია და ივლისისათვის ზღვაზე მისასვლელი 10 ადაპტირებული პანელი იქნება დამონტაჟებული. გარდა ამისა, 2019 წელს გვეყოლება 40 ახალი ადაპტირებული ავტობუსი. სწორი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში ბათუმს აქვს რესურსი, ამ მხრივ განვითარდეს.

სხვა მხრივაც აჭარა ცდილობს, მომზადებული შეხვდეს ახალ სეზონს. ვერ დავარქმევდი პრობლემებს, უფრო მეტად გამოწვევებია, რომელიც წინა წლებში გვქონდა. ვცდილობთ, შესაბამისი, ადეკვატური პასუხითა და ღონისძიებებით მოვაგვაროთ, იქნება ეს ბიოტუალეტების საკმარისი რადენობა, სანიტარიული პირობები თუ სხვა.

ფესტივალები, ტურნირები და აქტივობები კი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა დაგეგმილი, კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის აჭარას დამსვენებლებისათვის," - აღნიშნა კაიკაციშვილმა.

"ბიზნეს-რეზონანსი" მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში შეეცდება, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რამდენად მოგვარდება პრობლემები 2019 წლის ზაფხულისათვის მაინც და რამდენად იქნება გარემო ადაპტირებული ყველა ტიპის დამსვენებლისათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×