საჯარიმო სანქციები დღითი დღე მკაცრდება და უკვე რეპრესიულ სახეს იღებს, თანაც ისე, რომ საჯარიმო თანხის მოცულობაც მატულობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ბიზნესისთვის ეს საკითხი, შესაძლოა, ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური ხარჯის გამკლავებასაც ვერ ახერხებს.
ჯარიმების კუთხით რომ კანონმდებლებს ზომიერება ნამდვილად ღალატობთ, ეს ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს. 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმების სახით შესულმა თანხამ 78,3 მლნ ლარი შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2017 წელს 55,3 მლნ ლარი იყო. 2016 წელს კი 57,4 მლნ შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 3 თვის (იანვარი-მარტი) მონაცემით, ბიუჯეტში უკვე 20,8 მლნ ლარია შესული, ხოლო დაგეგმილია 85 მლნ ლარი. საბიუჯეტო გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე გადაჭარბებაა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 90 მლნ ლარს მიაღწევს.
ბოლო პერიოდში ჯარიმების შემოღების ინტენსივობა ადასტურებს, რომ მთავრობა და მუნიციპალიტეტები რეპრესიული ჯარიმების პოლიტიკის გზას ადგანან, რითაც საბოლოოდ მოსახლეობა ზარალდება.
"ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივ მემკვიდრეობას, როგორც ჩანს, "ქართული ოცნებაც" უცვლელად აგრძელებს, ზოგ შემთხვევაში ისეთსაც, რომელიც არჩევნებამდე უღირსად მიაჩნდა და წინა ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა.
სპეციალისტების შეფასებით, სხვადასხვა ტიპის სანქციების დაწესება სხვადასხვა უწყების მხრიდან გადამეტებული ქმედებაა, რამაც, მოწესრიგების ნაცვლად, შეიძლება პრობლემა შექმნას. საგადასახადო სფეროს სპეციალისტი ირაკლი შავიშვილი ფიქრობს, რომ ჯარიმების არათანაბრობა დისკრიმინაციულია და მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს.
"ჯარიმა უნდა იყოს დარღვევის შესაბამისი, ზოგ შემთხვევაში მეტიც, მაგრამ ცხადია, იგი ბიუჯეტის შევსების წყაროდ არ უნდა იქცეს. სანქციები ვითარების გამოსწორებას უნდა ემსახურებოდეს. რატომღაც ბევრი მიიჩნევს, რომ ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს მაღალი, რათა წესრიგი არავინ დაარღვიოს, მაგრამ სანქციის მოცულობა დარღვევის სიდიდეს ნამდვილად არ განსაზღვრავს. ეს არის პრევენცია, რომ მოქალაქე კანონის მიმართ მორჩილი გახდეს. ამ მხრივ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჯარიმების კატეგორია და ხარისხი გაუგებრობას იწვევს.
ზოგ შემთხვევაში არის სანქციები, რომლებიც უნდა იყოს მართლზომიერი, თანაფარდი და ასატანი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ზომიერება დარღვეულია. ასეთი უთანაბრობა თუ იარსებებს, გვექნება დისკრიმინაციული მომენტები, რადგან ზოგ შემთხვევაში ჯარიმა ყველა ადამიანზე ვრცელდება იმისდა მიუხედავად, რა შემოსავალი აქვთ და არიან თუ არა ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლები.
მოქალაქეების აშკარა გულისწყრომასა და გაღიზიანებას იწვევს, როცა მაღალი ჯარიმა სხვადასხვა სოციალური პაკეტის მატარებლებს ეხება. ბოლო პერიოდში სანქციები მიზანმიმართულად გაიზარდა, აშკარად გადაამეტეს და ასეთი მიდგომა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე პრობლემის მოსაგვარებლად გამიზნული ქმედება," - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" შავიშვილი.
საჯარიმო სანქციები უწესდებათ გარემოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა კატეგორიის საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს, სატრანსპორტო საშუალებებით გარემოვაჭრეებს, აბრების ნებართვის გარეშე განთავსების მოსურნეებს და სხვა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მთავრობის მიერ აგრესიული ჯარიმების შემოღება საბიუჯეტო პრობლემების მოგვარების არაკეთილსინდისიერი გზაა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საზიანოდ იქნა შერჩეული.
სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ჯარიმების მოზღვავებაში კორუფციის გარკვეულ რისკსაც ხედავს. მისი შეფასებით, მთავრობისთვის პრინციპულად აუცილებელია, იყოს თანმიმდევრული და ამომრჩევლისთვის თავის დროზე მიცემული პირობა დაიცვას.
"ჯარიმებს სჭირდება სათანადო ადმინისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება კორუფციული რისკი, სხვა რისკებთან ერთად. ადმინისტრირებაში მოიაზრება აღსრულებაზე პასუხისმგებელი დამატებითი რესურსი - ადამიანები ან ცალკეული სტრუქტურული ერთეული.
ერთ მაგალითზე ვიმსჯელოთ, როგორიცაა გარევაჭრობა, საბოლოო ჯამში, იგი მრავალმხრივად სოციალური საკითხია. ადამიანი ვაჭრობს უნებართვოდ იმისთვის, რომ, ელემენტარულად, თავი გადაირჩინოს. ცდილობს, არ ჰქონდეს დამატებითი ხარჯი და ეს უღირთ მომხმარებლებსაც, რომლებიც არ არიან სოციალურად წელში გამართული. ამას უნდა ვებრძოლოთ და არა ვიღაც დავაჯარიმოთ.
არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გაჩნდეს კორუფციის რისკი, ვიღაცას წაუცდება ხელი და აიღებს დამატებით სარგებელს, საჯარო მოხელე მყავს მხედველობაში. ამ შემთხვევაში მთავრობას ვურჩევ, რომ საკუთარი დაპირება (წინასაარჩევნო) და სამთავრობო პროგრამაში ასახული პოზიცია დაიცვას, პირველ რიგში, იყოს თანმიმდევრული. მოხდეს ყველა საკანონმდებლო ინიციატივისა თუ ახალი რეგულაციის შემოღების შეფასება, რაც მთავრობას არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს არ გაუკეთებია," - აცხადებს ალაფიშვილი.
განსხვავებული მოსაზრებისაა უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ბიზნესისგან აშკარად გამოარჩევს სოციალურ სეგმენტს, სადაც ჯარიმების დაწესების წინააღმდეგია.
"წვრილ მეწარმეებთან მიმართებით, როგორიცაა გარევაჭრობა, ტაქსი და სხვა, აბსოლუტურად სხვა მიდგომაა გამოსაყენებელი იმიტომ, რომ გარევაჭრობა შეიძლება იყოს ცივილიზებული ფორმით და ამას დიდი ხანია, ვითხოვთ. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ეს არის ბოლო სფერო, სადაც ადამიანებს დამოუკიდებლად შეუძლიათ დასაქმება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებაა.
ფიზიკურ პირებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრი მიდგომა აქვთ, სამაგიეროდ, ყოველნაირად უფრთხილდებიან მსხვილ ბიზნესს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უმოქმედოა და ამ მხრივ დაწესებული ჯარიმა სასაცილოცაა. ორმაგი სტანდარტის მომენტია აშკარად გამოხატული, რაც ადასტურებს, რომ მთავრობისთვის მთავარია არა გარემოზე, ჯანდაცვაზე ზრუნვა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, არამედ მსხვილი მეწარმეების დაცვა და ოლიგოპოლიის გაძლიერება.
ამ დროს ფიზიკურ პირებს ბოლომდე ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით და ჯარიმების გამოყენებითაც. ჯარიმა უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური და არა ამკრძალავი ღონისძიება," - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ჩხარტიშვილი.