"გაფრთხილებული არიან, თუ იყიდიან ქართულ ცემენტს ან არმატურას, შეექმნებათ პრობლემა"
მარი ჩიტაია
23.04.2019

 მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ქართულ პროდუქციას ბარიერი ხვდება. პრობლემა მასშტაბურია არმატურისა და ცემენტის მწარმოებლებისთვის, რომელთა განცხადებითაც, პროდუქტს ვერ ყიდიან მეზობელ და რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს. ეს მაშინ, როცა საქართველოში იმპორტული ფოლადი უპრობლემოდ შემოდის და ხშირად ადგილობრივ ბაზარზე დემპინგურ ფასად იყიდება.

ანალოგიური პრობლემა იყო შარშანაც და მთავრობისგან ინდუსტრიის წარმომადგენლები დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა, როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე აცხადებს, არაფერი შეცვლილა და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ნაბიჯი დღემდე არ გადაუდგამს.

მისი მოთხოვნა დღესაც, პრაქტიკულად, უცვლელია - მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები ბაზრის დროებითი დაცვისთვის და აამოქმედოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მექანიზმები.

მელიქიძის ინფორმაციით, დღეს ძალიან რთულია ექსპორტი აზერბაიჯანში, სომხეთში, ირანსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც არაჯანსაღი კონკურენციაა.

"სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური როლია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ბიზნესის ინტერესები დაიცვას, რასაც სახელმწიფო, სამწუხაროდ, არ აკეთებს. ამის გამო ჩვენი ექსპორტი შეიზღუდა თურქეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, ირანსა და უკრაინაში, რუსეთში ისედაც არ გვიშვებდნენ. ეს მაშინ, როცა ამ ქვეყნებიდან ფოლადის პროდუქცია შეუზღუდავად შემოდის.

როდესაც ამ საკითხს ვაყენებთ მთავრობაში, გვეუბნებიან, თითქოს არ ვართ კონკურენტუნარიანი, რაც აბსურდია, რადგან ჩვენ გაგვქონდა საქონელი იტალიაში, ამერიკაში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები ვართ. ფაქტია, არსამართლიანი სავაჭრო ურთიერთობა გვიწევს, ამიტომ მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ბიზნესი დაიცვას.

მაგალითისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში ფოლადი რომ შემოდის, არანაირი შეზღუდვა არა აქვთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენი ფოლადი რომ შედის აზერბაიჯანში, განბაჟებას უფრო მაღალი ღირებულებით ითხოვენ და ბაზარზე არაკონკურენტულ ფასს გვადებინებენ. ფოლადი ისეთი პროდუქტია, ორჯერ უფრო ძვირად ვერ გაყიდი. თუკი გაიძულებენ, რომ ასწიო ფასი, ცხადია, ვერ გაყიდი," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მელიქიძემ.

დღეს ძალიან რთულია ირანში ექსპორტიც, რადგან ყოველ შეტანაზე ლიცენზირებისთვის ორთვიანი პროცედურის გავლა სჭირდებათ.

ამ დროს ირანიდანაც პროდუქცია აბსოლუტურად შეუზღუდავად შემოდის. თურქეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს, 25%-იანი ტარიფი დაადო ჩვენს ფოლადს, სხვებსაც, მაგრამ რადგან საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მოქმედებს, ეს არ უნდა გაეკეთებინა. მთავრობის მხრიდან ამას საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია.

ცნობილია, რომ "დონალდ ტრამპმა იმპორტულ ფოლადს 25%-იანი ტარიფი დაუწესა და განაცხადა, რომ ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით. მან ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, რომ შესთავაზონ სხვა გარიგება და ჩვენ მზად ვართ, დაველაპარაკოთო. მოგეხსენებათ, საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ არავინ წასულა და არ დალაპარაკებია, რომ სხვა გარიგება დაიდოს. ამ დროს სხვა ქვეყნების მიმართ ამერიკამ მიიღო ასეთი გამონაკლისი, მაგრამ ჩვენი მხრიდან არაფერი გაკეთებულა, ეს არის არსებული რეალობა. ლიბერალიზაცია აუცილებელია და სრულიად ვეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ყველა მხრიდან გვიტევენ. მთავრობის როლია როგორც ქვეყნის დაცვა სამხედრო აგრესიისგან, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნის ინტერესების დაცვა," - აცხადებს მელიქიძე.

ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" ფინანსური დირექტორი ეკა ტყეშელაშვილიც. მისი თქმით, უსამართლო კონკურენციის გამო მოსალოდნელია, რომ წარმოება გაკოტრდეს.

"ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემას ძირითადად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვაწყდებით. პრაქტიკულად, ვერ შეგვაქვს პროდუქცია, რადგან არაოფიციალური შეზღუდვაა დაწესებული. ეს ხდება აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ვერც ერთი ტონა ცემენტი ვერ გაგვაქვს, მომხმარებლები გაფრთხილებული არიან, თუ იყიდიან ქართულ ცემენტს, შეექმნებათ პრობლემა, ბაზარი არაფორმალურად აქვთ დაკეტილი.

რეგიონის მასშტაბით, საქართველო არასიმეტრიულ მდგომარეობაშია. სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მეთოდით, ძირითადად არაოფიციალური და არაფორმალური მეთოდებით, დაცული აქვთ საკუთარი ბაზარი მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი აბსოლუტურად თავისუფალია. ჩვენ მომხრე ვართ თავისუფალი ვაჭრობის, მაგრამ სიტუაცია უნდა იყოს სიმეტრიული. არ შეიძლება, მაგალითად, აზერბაიჯანი ყველანაირად ზღუდავდეს ქართული პროდუქციის მის ბაზარზე შესვლას მაშინ, როცა თვითონ შეუფერხებლად შემოაქვს საქართველოში. თანაც ყიდიან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, რაც პრობლემას გვიქმნის.

აზერბაიჯანს აქვს იაფი რესურსით (იაფი გაზი) ნაწარმოები პროდუქტი, შემოდის საქართველოს ბაზარზე, სადაც ხარჯი მაღალი გვაქვს და დემპინგური ფასით გვძირავენ. ჩვენი პროდუქციის თვითღირებულებაში გაზს 50% უჭირავს, ამიტომ ფასის დაწევა შეუძლებელია.

სახელმწიფო ამ შემთხვევაში სარკისებური მეთოდით არ პასუხობს, ჩვენ ვერ გავდივართ აზერბაიჯანში, სომხეთშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რუსეთში რთულია, გზაც არ არის, ფაქტობრივად, რომ ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ. არასამართლიანი კონკურენციის პირობებში კი მომგებიანობა მცირდება და შეიძლება ამან გაკოტრება გამოიწვიოს," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ტყეშელაშვილმა.

ქართული ბიზნესის წუხილს იზიარებენ სპეციალისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ექსპორტის კუთხით არსებული პრობლემის მიმართ სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და მყისიერი რეაგირება მოხდეს. საგადასახადო სფეროს ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი ამბობს, რომ საქმე მსხვილ წარმოებას ეხება, რომელსაც ბიუჯეტში მაღალი გადასახადები შეაქვს და თუკი მათ წარმოებას პრობლემა შეექმნება, ქვეყნის ბიუჯეტსაც დააზარალებს.

"ბიზნესის პრობლემას სახელმწიფო გაგებით უნდა ეკიდებოდეს. მით უმეტეს, როცა საექსპორტო პროდუქცია არის ადგილობრივი წარმოების და გადასახადების გადამხდელია. როგორც წესი, მისი შენატანები ერთიან საბიუჯეტო შენატანებში ყოველთვის გათვალისწინებულია. ამდენად, განსაკუთრებული და არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხია. არ ვსაუბრობ იმაზე, რა წილი პროპორცია აქვს გადასახადებში ამ კომპანიებს, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესია და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას მოითხოვს.

პარლამენტმა ექსპორტის დაცვის თვალსაზრისით ღონისძიებების გატარებაზე უნდა იზრუნოს. ერთია, რომ სახელმწიფოსთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ იმავდროულად ბიზნესის განვითარების კუთხითაც უნდა განვიხილოთ. როცა ბიზნესის მხარდაჭერას სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, მნიშვნელოვანია, როგორ ახდენს ამ საკითხების რეალიზაციას. უნდა მოწესრიგდეს ყველა საკითხი, რომელიც ექსპორტთან დაკავშირებით ბარიერს ქმნის," - განუცხადა ჩარგეიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს".

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისთვის მივმართეთ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას, რომელმაც გვთხოვა, მოგვიანებით დავკავშირებოდით, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. თუმცა რამდენიმე ხნით ადრე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში კაკულია აცხადებდა, რომ რუსთავის "ფოლადში" წარმოების შემცირების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი იყო იმპორტული პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესახებ კანონის გადავადება.

"ერთ-ერთი პრობლემა რეგულაციების გადავადებაა, მაგრამ საუბარია ასევე ტექნიკურ პრობლემაზეც, კერძოდ კი, აზერბაიჯანში არმატურის ექსპორტთან დაკავშირებით, რის მოგვარებაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უნდა განისაზღვროს ჩვენი პოზიცია, რისი გაკეთება შეგვიძლია. ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ჩარევის მექანიზმები, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარეა, ბაზრის ზოგად წესებს არ დაარღვევს, მაგრამ სწორედ ამ საბაზრო პირობების გათვალისწინებით მხარდაჭერის საშუალებასაც იძლევა. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს დეტალურად და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ," - აცხადებდა რომან კაკულია ცოტა ხნის წინ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე არაფერი გაუკეთებია, რაც მწარმოებლებმა "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×