საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, - ნათქვამია 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა.
სამი - თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის - კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ - გრიგოლ ლილუაშვილმა მნიშვნელოვანი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს დაუთმო.
მისი ინფორმაციით, გრძელდება მზარდი მილიტარიზაცია და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მათთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.
კვლავ მიმდინარეობს რუსეთის მიერ არაფორმალური ანექსია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა ოკუპანტების მიერ.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად კვლავ მნიშვნელოვნად დამოკიდებული რჩებიან რუსეთზე. დეფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტის 45 პროცენტი - 64 მლნ აშშ დოლარით ფინანსდებოდა რუსეთის მიერ. ცხინვალის რეგიონის დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტია - რეგიონის ბიუჯეტი რუსეთიდან 113 მლნ აშშ დოლარს იღებს, რაც ბიუჯეტის 86 პროცენტია.
"გასულ წელს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ იქნა დაკავებული 100, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - 28 საქართველოს მოქალაქე," - განაცხადა ლილუაშვილმა. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, როგორ მწვავედ დგას ქართული მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციის საკითხი, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და ასიმილაციისაკენ მიმართული პოლიტიკა.
ოკუპირებულ რეგიონებში დევნილების დაბრუნების გამორიცხვის მიზნით მიმდინარეობს მათი სახლების განადგურება. ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველების სახლების დანგრევის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, ხოლო სოფელ ერედვში დაგეგმილია ნაგავსაყრელის მოწყობა, რომლის მიზანია ქართული კვალის წაშლა.
"არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამოძიების მხრივ საოკუპაციო ძალებისა და ადგილობრივი რეჟიმების მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
"ჩემთვის, როგორ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, - განუცხადა "რეზონანსს" ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ.
მისი აზრით, ქართულ მოსახლეობას არა აქვს საშუალება, განათლება მიიღოს ქართულ ენაზე და სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ დღესაც არ გაგვაჩნია ბერკეტები ამ პრობლემების გადასაჭრელად.
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ანგარიშში ძალიან სწორად არის აქცენტები დასმული, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს ეხება - ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს მთავარ პრობლემას - ოკუპაციას.
სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ - გრიგოლ ლილუაშვილმა ტერორიზმზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოში რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად, ხოლო საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეა ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.
დაეში გასულ წელს მოქმედებდა ახალი ტაქტიკით, რომლის მიხედვითაც, აქტუალური აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება და მათ მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების მოწყობა.
დიდი ვარაუდით, შრი-ლანკაში მომხდარი თავდასხმები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.
ლილუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს 20-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძოდა, ხოლო რამდენიმე მათგანი საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა.
სუს-ის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტად გამოყენების მცდელობის ფაქტები.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასებისას თადარიგის გენერალმა და სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ "რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა მიმართულებებს, დაზვერვით საქმიანობას, ეს ყველაფერი შედეგებით ფასდება და ისიც უნდა დავინახოთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მშვიდად ვგრძნობთ თავს. ამაში ძალოვანი სტრუქტურებისა და მათ შორის სუს-ის წვლილიც არის. ეს ყოველგვარი შეფერადების გარეშე."
"5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა კომიტეტის სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, რომელიც სახელმწიფოს წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებს ეხებოდა.
"მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი ვარ და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე იხვეწება, იხვეწება მათი პროფესიონალიზმი, მათი თანამშრომლობა პარტნიორებთან, - დადებითად შეაფასა სუს-ის საქმიანობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
"ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა ტიპის გამოწვევებზე, მათ შორის უწყების შიგნით არსებულ პრობლემებზე. უსაფრთხოების საკითხებში მთავარი თემა არ არსებობს, რადგან შეიძლება პატარა დეტალი გახდეს მნიშვნელოვანი, ამიტომ ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ," - განაცხადა "რეზონანსთან" სესიაშვილმა.