ნათია ფეხშველაშვილი
23.04.2019

 შრი-ლანკაში მომხდარ მასშტაბური ტერაქტი, გამოძიების ვერსიით, ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმის პასუხია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსოფლიო გლობალური რელიგიური დაპირისპირების მდგომარეობაში იმყოფება? ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, გამორიცხული არაა მომავალში ამ რელიგიურმა ომმა გლობალური სახე მიიღოს.

„ის, რომ ტერორიზმის ტალღა არ ჩაქრა ძალიან ცუდია, ამდენი ხანი, რომ არ გამოჩენილა „ისლამური რესპუბლიკა", ახლა გამოჩნდა და როგორც ჩანს, არც ისე დასუსტებულია და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მშვიდობიან მოსახლეობასთან ომი რელიგიური ტერაქტის გზით გრძლდება, ეს ფაქტი არის ჩემთვის თვალშისაცემი და სამწუხარო", - აცხადებს საყვარელიძე

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რელიგიურმა ომმა გლობალური სახე მიიღოს საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არაა.

„თუ „ისლამური სახელწიფო" ან სხვა შენაერთები იქნებიან სიცოცხლისუნარიანები და გააგრძელებენ დაპირისპირებას, რა თქმა უნდა, მაგ სურათს მივიღებთ", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

„ფართომასშტაბიანი ტერაქტები ადრეც იყო და მსოფლიოს მობილიზაცია, გარკვეული თვალსაზრისით, გამოიწვია. ახლაც ალბათ ანალოგიური განგაში იქნება, სხვადასხვა ქვეყნები ალბათ გაერთიანდებიან თუნდაც კოალიციაში, რომლებიც იბრძოლებენ", - აცხადებს საყვარელიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ანტიტერორისტულ კოალიციაში შესაძლოა ისლამური სახელმწიფოებიც აღმოჩნდეს.

„ამ ტერაქტს ის თავისებურება აქვს, რომ გახშირდა იმ ტიპის ტერაქტები, სადაც მსხვერპლი მუსლიმური მოსახლეობაა. გამორიცხული არ არის, რომ ასეთ ანტიტერორისტულ კოალიციებში ისლამური სახელმწიფოებიც აღმოჩნდეს", - აცხადებს რამას საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაზე, ეკლესიებსა და სასტუმროებში 21 აპრილს აფეთქებების შედეგად დაღუპულია 321-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა შორის 38 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ახალი ზელანდიის, ქალაქ კრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმა 15 მარტს მოხდა, სადაც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ბრენტონ ტარანტმა 50 მლოცველი მოკლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×