მაისიდან ახლო აღმოსავლეთში ვითარება შეიძლება უკიდურესად გამწვავდეს და აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს, რომელშიც საქართველოც აღმოჩნდება ჩათრეული, - ასეთ პროგნოზს აკეთებს „რეზონანსთან" აშშ-ის ახალ ანტიირანულ სანქციებსა და ირანის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
ცნობისათვის, აშშ მოითხოვს, რომ 2 მაისიდან იმ ქვეყნებმა, რომლებიც აქამდე გამონაკლისის სახით ირანიდან ნავთობს ყიდულობდნენ, ეს შესყიდვები სრულად შეწყვიტონ. ამის განხორციელება ნიშნავს, რომ ირანის ნავთობის ექსპორტის მაჩვენებელი ნულზე დაეცემა.
მსოფლიო ბაზარზე ამის შედეგად შექმნილ ნავთობის დეფიციტს არაბული ქვეყნები დააბალანსებენ, ძირითადად საუდის არაბეთი. ოფიციალურმა თეირანმა კი საპასუხოდ შეიძლება მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ორმუზის სრუტე ჩაკეტოს საუდელთა ტანკერებისათვის, რითაც აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთს ნავთობის ექსპორტის მთავარ არხს გადაუკეტავს. ეს კი მწვავე კრიზისის დასაწყისი იქნება, რომელიც შეიძლება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
„სავსებით შესაძლებელია მოხდეს შეზღუდული სამხედრო კონფლიქტი, იგივე აშშ-სა და ირანის სამხედრო საზღვაო ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკებები. დღეს ეს კონფლიქტი შეიძლება აწყობდეს საუდის არაბეთს და მის კოალიციას, რომლებიც უპირისპირდებიან ყატარი-ირანის კოალიციას", - აცხადებს მაისაია.
მისივე აზრით, საქართველო შესაძლებელია გახდეს ირანისა და ამერიკის დაპირისპირების ერთ-ერთი ასპარეზი, რადგან ირანი შეეცდება საქართველოს გავლით მოახდინოს თავისი ნავთობის ტრანსპორტირება.
„არაა გამორიცხული, რომ ირანი შეეცადოს იგივე საქართველოს გავლითაც მოახდინოს ნავთობის ტრანსპორტირება. ჩვენც შეიძლება გავხდეთ ირანისა და ამერიკის დაპირისპირების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ირანი შეცდება გამონახოს ის ალტერნატიული გზები, რომელიც მათ გააჩნიათ. საუბარია თურქეთის მეშვეობით ნავთობის გატარებაზე (თურქეთში ერდოღანის მთავრობაა და პირიქით მხარს უჭერს ირანელებს და ამერიკა საერთოდ არ აინტერესებს) და მეორე ვარიანტი სომხეთის გავლით ირანი შეეცდება ნავთობის გატანას შავი ზღვის პორტებიდან", - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ანტიირანულ სანქციებზე თეთრ სახლშიც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ამიტომ ეს შესაძლოა შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
„ტრამპის ამ სანქციას იზიარებს პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯონ ბოლტონი, რომელიც დიდი ანტიირანისტია და ანტიირანისტულ პოლიტიკის იდეოლოგს წარმოადგენს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კი ამ სანქციასთან მიმართებაში არ არის დადებითად განწყობილი და არ იზიარებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ფარული შიდა დაპირისპირება", - აცხადებს მაისაია.
დღეის მონაცემებით: 24 საათში, ირანიდან 1 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი გადის, ნავთობის მიმღები ქვეყნები არიან :ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საბერძნეთი, იტალია და ტაივანი, ამათგან მსხვილი მოთამაშე ჩინეთია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან დღეღამეში ექსპორტირებული ნავთობის ნახევარზე მეტი 600 ათასი ბარელი შედის.