ეკატერინე ბასილაია
23.04.2019

 „საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული „ოცნების" მიერ წამოწეული ყველა თემა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაა, რომ მათი რეიტინგი სულ უფრო ეცემა, ამას თვითონ უწყობენ ხელს და რატომ აკეთებენ ამას, ან რისი იმედი აქვთ, არ მესმის", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი": 21 აპრილს პანკისში ჰესის მშენებლობის გამო ხელისუფლებამ სპეცრაზმი შეიყვანა, რასაც მოჰყვა შეტაკება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. თქვენი აზრით, რამდენად სწორად დაიგეგმა ეს ოპერაცია, რა უნდოდა ხელისუფლებას და რა მოიგო ამით?

ვახტანგ ძაბირაძე: სწორად და გააზრებულად დაგეგმილი ოპერაცია ისე არ სრულდება, როგორც ეს დასრულდა. ოპერაცია ცუდად დაგეგმილი იყო. რაც მთავარია, ხელისუფლებას თავად ეპარებოდა ეჭვი, რომ იქ ყველაფერი მშვიდობიანად წავიდოდა, თორემ გაუგებარია დილის 8 საათზე 35 პოლიციელი რატომ აჰყვა იმ ტექნიკას, რომელმაც ჰესის მშენებლობა დაიწყო.

ხელისუფლებამ ან ბოლომდე არ გაიაზრა, ან შესაძლოა გაფუჭებულ ტელეფონთანაც გვქონდეს საქმე, როცა ვიღაცებმა იცოდნენ რეალური მდგომარეობა, ხოლო ვიღაცებს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა, თუ ხელისუფლების იერარქიაში ვიღაცებმა არ იცოდნენ იქაური მდგომარეობა, მთლად უარესად ყოფილა საქმე.

საერთოდ, გაუგებარია, რას იგებდა ამ ნაბიჯით ხელისუფლება, ან რომელი თვალსაზრისით, რომელი კუთხით მოიგო. ვის არწმუნებენ, რომ ენერგეტიკა თურმე საჭიროა?! ეს არის დღეს პრობლემა?! ვინმე გამოდის ამის წინააღმდეგ და არ იცის, რომ ენერგეტიკა გვჭირდება, მაგრამ ყველაფერს ხომ ფასი აქვს?! ეს 5 მეგავატიანი ჰესი ღირდა იმად, რაც პანკისში მოხდა?! ყველაფერს ხომ თავისი წონა აქვს.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უბედურება დატრიალდა და მეზობელმა სახელმწიფომ ისინი აღიარა, ამის შემდეგ საქართველოში რჩება რამდენიმე ნაწილი, სადაც სახიფათოა ასეთი თამაშები. ერთ-ერთი ასეთი სახიფათო ნაწილი პანკისია. თუ ისტორია არ იციან, რაღაც ხომ უნდა ახსოვდეთ - როგორ იწყებოდა კონფლიქტები, ვინ როგორ იყენებდა ამ კონფლიქტებს და შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა ასეთ რეგიონში?!

როდესაც იგივე ჩეჩნეთიდან სულ იყო მიზანმიმართული მოქმედება, რომ პანკისის ხეობაში რაღაცნაირად ანტისახელმწიფოებრივი განწყობები გაჩენილიყო. 30 წელია ეს პროპაგანდა მიდის რუსეთის მხრიდან. როცა ხელისუფლება ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს, რაზე უნდა ილაპარაკონ - ენერგეტიკაზე?

რ": პანკისში მოლოდინია, რომ დაიჭერენ იმ ადამიანებს, ვინც ინციდენტში იყო ჩართული და აცხადებენ, რომ ეს სიტუაციას უფრო გაამწვავებს. ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მაგალითად, გახარია, ბახტაძე, ამბობენ, რომ პოლიციაზე ძალადობა დაუშვებელია და ყველამ უნდა აგოს პასუხი. თქვენი აზრით, რა იქნება გამოსავალი, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

ვ.ძ.: რა თქმა უნდა, პოლიციაზე ხელის აღმართვა ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ გაიხსენოს რა ხდება პარიზის ქუჩებში, იქაც ხდება შეტაკებები. არა მარტო საფრანგეთში, ძალიან ბევრგან მანიფესტაციებს ყველგან მოსდევს ასეთი რაღაცები.

სრულიად განსხვავებული რაღაცაა, როცა ლაპარაკია პოლიციელზე ხელის აღმართვაზე და სრულიად განსხვავებულია, როცა დაპირისპირებაა მომიტინგეებსა და პოლიციას შორის. ეს რომ იყოს, მაგალითად, რესტორანში ან ქუჩაში მომხდარი რაღაც პროვოცირება და პოლიციელზე ხელის აღმართვა, გასაგებია, მაგრამ ეს იყო მანიფესტაცია და აქ მოხდა შეხლა-შემოხლა საპროტესტოდ გამოსულ მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის. მაშინ, იქნებ გვითხრან, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს დასავლეთში. თანაც, ისიც გავითვალისწინოთ, რომ პანკისის ხეობა პარიზი არ არის და არც ჩვენ ვართ საფრანგეთი.

წაგებული ნაბიჯი იქნება, თუ ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯებს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და ახალი კონფლიქტი მოჰყვება. ტყუილად არ მიხსენებია, როგორ იწყებოდა კონფლიქტები სხვაგან. გასაგებია, რომ იქ სხვა, გარე ძალების წაქეზებით ხდებოდა, მაგრამ ის ძალები არსად არ გამქრალან, აგერ არიან ცხინვალსა და სოხუმში. ახლა რაზე ვილაპარაკოთ, იმაზე, რომ თითოეული კადრი ამოვიღოთ და ვიღაც გავასამართლოთ, თუ იმაზე, როგორ გავანეიტრალოთ ეს სიტუაცია?

ის განცდა კი არ მაქვს, რომ მანიფესტანტებში ანგელოზები არიან, იქაც იქნება მეხუთე კოლონა, ისევე როგრც აქეთ არის მეხუთე კოლონა. ამიტომ, თუ ხელისუფლება თვითონაც მეხუთე კოლონა არ არის, უნდა ესმოდეს, რომ ასეთ რეგიონში გაცილებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

„რ": ბოლო პერიოდში ხელისუფლება თავად ქმნის კრიზისებს და მერე მოგვარებაზე ხარჯავს ბევრ დროს. რატომ იქცევა „ოცნება" ასე?

ვ.ზ.: რთული ვითარებაა „ოცნებაში". იქ გადაჯგუფება მიდის, ეს დაიწყო საპარლამენტო უმრავლესობაში და გრძელდება მთელ ვერტიკალში, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ამ შემთხვევაში უამრავი ინტერესი ჩნდება „ოცნების" შიგნით.

არ ვარ ჩახედული „ოცნების" შიგნით რა პროცესი მიდის, რა დაჯგუფებებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაჯგუფებები არის და ყველა ცდილობს საკუთარი ინტერესის გატარებას. ამიტომ ყველაფერი მოსალოდნელია და სამწუხაროდ, ასეთი შიდა დაპირისპირების დროს საქართველოში ყველაფერი დასაშვებია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთი დაპირისპირებების დროს სახელმწიფოს ინტერესები მესამე პლანზეა გადასროლილი. ეს ვითარება გვაქვს დღეს. ჩვენ არც ვიცით, „ოცნებაში" არის კი ჩამოყალიბებული უკვე რაღაც ბირთვი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, თუ გადაწყვეტილების მიღება დასწრებაზეა, იმაზე, თუ რომელი ჯგუფი მიასწრებს ივანიშვილთან ამბის მიტანას და თავისი ინტერპრეტაციის მიწოდებას ამა თუ იმ პროცესზე. თუ დასწრებაზეა, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. ვინ ვის მიასწრებს და ვის რა გავლენა აქვს ივანიშვილის კარზე, კაცმა არ იცის.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული „ოცნების" მიერ წამოწეული ყველა თემა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაა, რომ მათი რეიტინგი სულ უფრო ეცემა, ამას თვითონ უწყობენ ხელს და რატომ აკეთებენ ამას, ან რისი იმედი აქვთ, არ მესმის.

„რ": ითქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელია პრემიერ-მინისტრიც შეიცვალოს. ვინ შეიძლება იყოს შემდეგი და რამეს მიუტანს ეს „ოცნებას"?

ვ.ძ.: როცა უმრავლესობაში გადაჯგუფება დაიწყო და იქ გავლენიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა კიდეც, პოლიტიკური პროცესის განვითარების ლოგიკა ითხოვს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც უნდა იყოს ცვლილება. მე თუ მკითხავს კაცი, ისეთი რთული ვითარებაა, პრემიერად ვერავინ ვერ იქნება, თუ არა ივანიშვილი, რომელმაც დარჩენილი პოლიტიკური კაპიტალიდან, მას კი ბევრი კაპიტალი არ დარჩა, ამ კაპიტალიდან მიიღოს მაქსიმუმი.

მაქსიმუმში ვგულისხმობ იმას რომ მომავალი წლის არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნების სერიოზული პრეტენზია ჰქონდეს. ასე იქნება სწორი. რას მოიმოქმედებს ივანიშვილი, ამას ვერ გეტვით.

ამიტომაც ეს ნაბიჯი, წესით, ივანიშვილმა უნდა გადადგას, თუკი უნდა, რომ პოლიტიკური შედეგი მიიღოს. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგმას, ჩათვალეთ, რომ ის იმას კი არ ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არამედ იმას ცდილობს, როგორ გავიდეს პოლიტიკიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×