თეირანის მუქარა, რომ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს, ნავთობის ფასებზე კატასტროფულად იმოქმედებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანმა ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას, ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია.
უცხოურ ბაზრებზე ტრენდი ისედაც არასახარბიელო იყო, რადგან ფასმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 57 დოლარიდან 75 დოლარამდე მოიმატა. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მან ახლო მომავალში 80 დოლარს მიაღწიოს. ეს კრიზისი არა მარტო გლობალურ ბაზრებზე, არამედ საქართველოზეც მტკივნეულად იმოქმედებს, რადგან ლარის კურსიც დამატებითი წნეხია.
შეიძლება, ნავთობპროდუქტები ქართველ მომხმარებელს ერთბაშად გაუძვირდეს. როგორც ცნობილია, 2 მაისს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამერიკამ ირანიდან ნავთობის იმპორტზე დროებითი შეღავათები დაუწესა და სასანქციო სიაში არ მოაქცია, ირანული ნავთობის ყიდვის ვადა ეწურებათ. დონალდ ტრამპმა უკვე ოფიციალური ანგარიშის თანახმად, გადაწყვიტა ირანის ნავთობის იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე დაშვებული გამონაკლისი აღარ გაახანგრძლივოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ირანს ნავთობის ექსპორტისათვის სპარსეთის ყურეს ჩაუკეტავენ, თეირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა, ალირეზ ტანგსირიმ დაუფარავად განაცხადა.
ამერიკა უკან დახევას არ აპირებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ირწმუნება, რომ ვაშინგტონი იქამდე გაზრდის ზეწოლას და შემოიღებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, სანამ მას მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვამს. ასეთი მოვლენების ფონზე თეირანი თავდასხმაზე გადავიდა. კვირის დასაწყისში ალირეზ ტანგსირიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეს დაკეტავს იმ შემთხვევაში, თუკი ირანს მის გამოყენებას შეუზღუდავენ.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდება და ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში ისევ მოიმატებს. ორგანზიაციის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის თქმით, ირანის მუქარის გარდა, არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე უარყოფითად მოქმედებს.
"ახლო აღმოსავლეთიდან ნედლი ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე ჰორმუზის სრუტის საშუალებით ხდება. ამ სრუტეს აკონტროლებს ირანი და მისი მუქარა უნდა გავიგოთ, როგორც მიწოდების შემცირება. ჯერჯერობით ეს მუქარაა და შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ თეირანი ამ ნაბიჯს გადადგამს, რადგან ამით ნავთობის ფასი კატასტროფულად მოიმატებს. რა მაჩვენებლით შეიძლება გაძვირდეს, ამის პროგნოზს რეალურად ვერავინ გააკეთებს.
ნებისმიერი ასეთი განცხადება მოქმედებს ფასზეც და ეს გამოჩნდა კიდეც - ირანთან დაკავშირებული ვითარების გამო ნავთობი საგრძნობლად გაძვირდა. გარდა ამისა, ვენესუალასა და ლიბიასთან დაკავშირებული პრობლემის გამოც ფიქისრდება ფასის ზრდა. მთლიანობაში, ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ნავთობის ფასი ბოლო პერიოდის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა", - აცხადებს "რეზონანსთან" მთვრალაშვილი და დასძენს, რომ საერთაშორისო პროცესების გავლენა ქართულ ბაზარზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს, თუმცა რა მაჩვენებლით გაძვირდება საწვავი, იგი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.
"წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი სწრაფად მატულობს. არაერთხელ ვყოფილვართ მოწმე, როცა გეოპოლიტიკური პროცესების გამო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, ნავთობის ფასი არაპროგნოზირებად და უმაღლეს ნიშნულამდეც მისულა. დაძაბულობა სახეზეა, რამაც ფასების მატება გამოიწვია.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ბოლო 2 კვირაში ფასები საქართველოშიც საშუალოდ 6-7 თეთრით არის გაზრდილი, როგორი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის გლობალური პროცესის გავლენა, ვარაუდი ჯერჯერობით მიჭირს", - დასძენს მთვრალაშვილი.
ნავთობის ფასის ზრდას პროგნოზირებს საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია "ტრანს ლოგისტიკის" დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილი. მისი თქმით, საქართველოშიც მოსალოდნელია საწვავის გაძვირება, რადგან ბაზარი 100%-ით იმპორტულ პროდუქტზე არის დამოკიდებული.
"პრევენციის მიზნით, თეთრი სახლი მუშაობს ძირითად ექსპორტიორებთან საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბაზრის ნავთობით ადეკვატური მომარაგება. მიუხედავად ამისა, ირანი იმუქრება, რომ გადაკეტავს ნავთობის მთავარ საექსპორტო არხს - ჰორმუზის სრუტეს. შედეგად ბაზარზე მიწოდების შემცირების მოლოდინში, ნავთობის ფასი იზრდება.
ირანის იზოლაცია და ნავთობის ფასის მატება პოზიტიურად აისახება აშშ-ის ფიქალის ნავთობის მწარმოებლებზე. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა გამონაკლისების გაუქმების შესახებ, კომპანიებმა ტეხასში, ოკლაჰომასა და კალიფორნიაში მილიარდიანი სარგებელი მიიღეს.
ოპეკ-ის წევრი ქვეყნების შემდგომი შეკრება ივნისში იგეგმება. საუდის არაბეთი აპირებს მოპოვების გაზრდას. მიუხედავად ამისა, ვენესუელაზე დაწესებული სანქციების გამო, ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მიწოდება არაადეკვატური იქნება, რაც, შესაბამისად, გამორიცხავს ფასების კლებას უახლოეს მომავალში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც მოსალოდნელია საწვავზე ფასების მატება, რადგან ბაზარი 100%-ით იმპორტულ საწვავზეა დამოკიდებული", - აცხადებს თარიმანაშვილი.
ცნობისათვის, მსოფლიოს ნავთობის 40%, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, რომელსაც ორი სახელმწიფო - ირანი და ომანი ესაზღვრება.