საქართველო ვალებს ვერ აუდის. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალი მუდმივად მატულობს, ქვეყნისათვის არანაკლები ზიანის მომტანია სახელმწიფო შპს-ების ვალიც, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, უდიდესია და ბოლო 6 წლის განმავლობაში 7 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი.
ვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში "ფორბს ჯორჯიას" აღმასრულებელმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა გამოაქვეყნა. მისი პოსტი კახა ბენდუქიძის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და თავის პოზიციას "პრივატიზაციის მტრებს" უზიარებს. თუმცა ოპონენტები ამ პათოსის პასუხად დიღმელაშვილს შეახსენებენ, რომ სწორედ პრივატიზაციის სახელით გაიფლანგა საქართველოს დიდძალი ქონება, რაშიც დიდია ბენდუქიძის "დამსახურება".
"ჩვენი სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2013-17 წლებში 2 მილიარდ ლარამდე თანხას შეადგენს. ეს უკონტროლო სახელმწიფო შპს-ები ჩვეულებრივი შავი ხვრელია, ამ ბიზნესების ჩამონათვალი კი ჭრელია - ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროებით დამთავრებული. ჩინოვნიკები წლების განმავლობაში მილიარდობით ლარის ზარალს განიცდიან, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იფარება - ღარიბების ფულით.
მაგალითად, 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შპს-ების კაპიტალი ცენტრალური ბიუჯეტიდან 627,763,000 ლარით შეივსო. ანუ პარტაქტივით დაკომპლექტებული სახელმწიფო კომპანიების უპასუხისმგებლო მენეჯმენტის მარტო ერთი წლის შეცდომები ამდენით აანაზღაურა საქართველოს მოსახლეობამ.
საინტერესო ისაა, რომ ზარალი იწყება 2013 წლიდან - ჯერ 45 მილიონით, მერე - 61-ით, მერე - რეკორდული 750 მილიონი 2015-ში, მერე - 441 მლნ, ბოლოს კი, 2017-ში - 562 მილიონი. შედარებისთვის, 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა არათუ იზარალეს, 150 მილიონი მოიგეს კიდეც.
მოკლედ, წინა მთავრობის წევრები რისთვისაც ციხეში გაუშვეს, ფულად გამოხატულებაში ათმაგად და ასმაგად უარესი ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი როდია:
ასეულობით მილიონის ყოველწლიური ზარალის გარდა ამ უკონტროლო, პარტაქტივით დაკომპლექტებულ სახელმწიფო შპს-ებს აქვთ სავალალო ვალი - 2017 წლის მდგომარეობით უკვე 7 მილიარდ ლარამდე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე მეტია.
გამოდის, ეს მთავრობა ხალხს მაცივრებისთვის ბანკიდან სესხის აღებას უკრძალავს, თვითონ კი ბიუჯეტის ნახევარზე მეტის ვალს იღებს, პარტაქტივს და ძველ ბიჭებს არჩენს, რაც რჩება, იმას ცუდად ამენეჯებს და მთელ ამ ზარალს ღატაკი, უმაცივრო ხალხი ისტუმრებს საკუთარი გადასახადებით", - წერს დიღმელაშვილი.
აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძეც შპს-სთან დაკავშირებულ ხარვეზზე საუბრობს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ისინი სწორად ვერ მუშაობენ, რადგან ჩინოვნიკებს წინა წლებში და ახლაც დიდი ქონება აქვთ ხელში ჩაგდებული.
"დიღმელაშვილი თავისი პოსტით ცდილობს, რომ სახელმწიფოს ფუნქცია ეკონომიკის განვითარებაში იყოს ნულოვანი. ეს იდეოლოგია ბოლო დროს გაბატონებულია კიდეც, სახელმწიფოც აღიარებს, რომ მისი როლი ეკონომიკურ განვითარებაში უნდა იყოს დაბალი და ვიტყოდი, რომ სწორედ ამის გამო გვაქვს გარკვეული პრობლემა, მათ შორის - სახელმწიფო შპს-სთან დაკავშირებითაც.
რადგან ეს მიმართვა ეძღვნება კახა ბენდუქიძეს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დაახლოებით 1 მლრდ ქონება ბენდუქიძემ 1 ან 2 მლნ ლარად შეიძინა. ის თუ იყო პივატიზაციის დიდი მომხრე, ამით თავადაც იხეირა და საქართველოს ქონების დიდი ნაწილი იაფად ჩაიგდო ხელში. მას ეს მოტივაცია ჰქონდა, როცა პრივატიზაციაზე საუბრობდა. მან და მასთან დაახლოებულმა ბიზნესწრეებმა დიდი ქონება ჩაიგდეს ხელში სწორედ ბენდუქიძის მოსვლის შემდეგ.
სახელმწიფო შპს-ები მართლაც დიდი პრობლემაა დღეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ ავამუშაოთ ისინი უკეთესად. სახელმწიფო ჩარევის გარეშე ეკონომიკა ვერ განვითარდება. ჩინოვნიკი ჭამს და აუბედურებს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ მიზნობრივად თუ დახარჯავენ ფულს, მათ არსებობას ვერ შევეწინააღმდეგებით. ნამდვილად ბევრი პრობლემა დაგროვდა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. თუკი სახემწიფო საწარმოები იქმნება იმისათვის, რომ ვიღაცას მაღალი ხელფასი ჰქონდეს, არაფერი აკეთოს და ბიუჯეტი ხრას, ეს უკვე ცუდია და ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს", - განუცხადა "რეზონანსს" კუკულაძემ.
ეკონომისტ რატი აბულაძის შეფასებით, ქვეყნისთვის ცალკე პრობლემაა საგარეო ვალიც, რაც ეკონომიკისთვის დიდი ტვირთია, ხოლო ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოდის.
"ბიუჯეტი დიდად არის დაზარალებული, რადგან საგარეო და კომპანიების ვალებიც მისი გადასახდელია. უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ხდება მაშინ, როცა ვალი სახელმწიფოს გარანტით არის აღებული. მოცემულ შემთხვევაში, ეს საკითხი ჯერ აქტიურად არ დგას, რომ შპს-მ შეიძლება ვერ გადაიხადოს, თუმცა თუკი სახელმწიფო არის გარანტორი, მისი გასასტუმრებელი გახდება.
საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, როცა ქვეყანას აქვს დიდი საგარეო ვალი, ეს პროლემაა გლობალური, ფინანსური გამოწვევებისთვის. გარდა ამისა, ინვესტორები უყურებენ, როგორია ვალის დინამიკა ქვეყნისთვის. დასაშვები ზღვარი 60%-ზეა, ჩვენს შემთხვევაში კი 45%-ია. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმალურია, ბიუჯეტი სულ 13 მლრდ-ია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია თანხების ათვისებასთან დაკავშირებით და ამ სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოცემულობაში ვხედავ", - აცხადებს "რეზონანსთან" აბულაძე.