„ადევნება, ეს არის თანხლება, რომ ამერიკულმა ხომალდმა, როგორც რუსები ამტკიცებენ, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და რუსეთის წყლებში არ გადაუხვიოს. ეს ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების მიღებასაც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკისი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის კიდევ ერთ მანევრს, სადაც სამიზნეს ამჯერად, ამერიკული ხომალდი „როსი" წარმოადგენს.
ორი რუსული სამხედრო ხომალდი ამერიკულ ხომალდ „როსს" აედევნა. ინფორმაცია, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა როს უილსონმა დაადასტურა.
„ზოგადად, მოგახენებთ, ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნონ, ან გამოედევნონ ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის, თუ სხვა ქვეყნების მიერ ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები და ალბათ ამ შეკითხვით უფრო უნდა მიმართოთ რუსებს, რა რისკებს ხედავენ," - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთის ეს მანევრი იდენტურია ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების მიმართ გასულ წელს განახორციელებული ქმედებისა. რასაც, მისი თქმით, მოვლენებს ნებისმიერი განვითარება შეიძლება მოჰყვეს.
„რუსები ყირიმის აკვატორიას საკუთარ ტერიტორიად თვლიან და ჰგონიათ, რომ ეს არ არის უკრაინის სუვერენული ტერიტორია. ადევნება ნიშნავს, რომ თუ გადაცდომა მოხდება, რუსული ხომალდები შესაბამის ზომებს მიიღებენ. იგივეა, რაც ქერჩის სრუტეში განახორციელეს, - უკრაინულ ხომალდებზე თავხედურ თავდასხმის მსგავსი.
„სიტუაციური მოდელების მიხედვით, შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ორივე მხარე მზადაა არაორდინალური ნაბიჯების გადადგმისაკენ. რუსეთს ერთგვარი პრეცენდენტი გააჩნია შავი ზღვის ფლოტის უახლოესი წლის მოვლენების მაგალითზე. აქ ნებისმიერი სიტუაციაზე შეიძლება იყოს საუბარი," - აღნიშნა მაისაიამ.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან სამხედრო გემების შემოსვლა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, - საქართველოს უსაფრთხოების დაცვას.
„როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მშვიდობა რეგიონში. ამიტომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების ვიზიტი საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა საქართველო იყოს დაცული ყოველგვარი საფრთხისგან - როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი და დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან, ასევე ნატოს წევრ სხვა ქვეყებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, არის უპრეცენდენტო.
„კერძოდ, ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი და ასევე, ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატოს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში," - აღნიშნა იზორიამ.
მაისაიას განცხადებით, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი გემები აქვს განლაგებული; მისი თქმით, ოკუპანტების მხრიდან ნებისმიერი სახის საფრთხე მოსალოდნელია.
„ჩვენთან სიახლოვეს რუსული გემები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული. საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია, რადგან რუსული სამხედრო ხომალდების გადაადგილება აბსოლუტურად არაადეკვატური და არარაციონალურია. რას მოიმოქმედებენ, არავინ იცის. თუ მოხდა სამხრეთ აკვატორიაში ამერიკის ან ნატო-ს გემების შემოსვლა, არ არის გამორიცხული, რუსები აედევნონ, როგორც ეს ყირიმის აკვატორიაში მოხდა. დღეს რუსეთისაგან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი მოსალოდნელია.
„გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვის ე.წ. საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა, რომ რუსეთის ფედერაცია ნატო-ს ძალების ქმედებას აღიქვამს, როგორც პროვოკაციულ ქმედებას და ე.წ. ასიმეტრიულ-სამხედრო ზომებს მიიღებენ. ასიმეტრიულ-სამხედრო ზომებში რა იგულისხმება, არ განუმარტავს, თუმცა საუბარია ყველანირი ზომების მიღებაზე, - ათასი პროვოკაციის მოწყობა შეუძლიათ," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კეკელიძის თქმით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული ხომალდები არ შემოსულან.
„ინციდენტს მე არ დავარქმევდი. რაც შემიძლია ვთქვა - საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში რუსული მცურავი საშუალებები არ შემოსულან. სავარაუდოდ, საუბარია იმ ფაქტზე, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდებს აკვირდებიან შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო მცურავი საშუალებები.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს ხდება ხოლმე გარკვეულ შემთხვევებში. ჩემი ინფორმაციით, იყო უბრალო დაკვირვება ამერიკულ სამხედრო ხომალდზე," - განაცხადა კეკელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross- ი (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს პირველად ეწვია; საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.
USS Ross-ი (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
„USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით," - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.
სამხედრო ხომალდი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას 25 აპრილს დატოვებს.